1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “რა წვლილი შეაქვს USAID-ს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში”- “ამერიკის ხმა”
“რა წვლილი შეაქვს USAID-ს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში”- “ამერიკის ხმა”

“რა წვლილი შეაქვს USAID-ს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში”- “ამერიკის ხმა”

288
0

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანიამ „ამერიკის ხმამ“ (Voice oF America) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ინტერვიუ „იუსაიდის“ (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო – United States Agency for International Development – USAID) კავკასიის მისიის დირექტორ ჯონ პენელთან სათაურით „რა წვლილი შეაქვს USAID-ს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში“.

ამერიკის საერთაშორის განვითარების სააგენტო საქართველოში უკვე 32 წელია საქმიანობს. ამ დროის განმავლობაში მხოლოდ სააგენტოს 2 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება აქვს გაწეული საქართველოსთვის – როგორც პირდაპირ მთავრობისთვის, ასევე ფართო საზოგადოების საჭიროებებისთვის. ჯონ პენელი USAID-ის კავკასიის მისიის დირექტორია და საქართველოში სააგენტოს საქმიანობის შესახებ ყველაზე კვალიფიცირებული პირია. ის გამოცდილი დიპლომატია, რომელიც საქართველოში ჩასვლამდე ლიბიაში, მანამდე კი უკრაინასა და ბელარუსში მუშაობდა.

როგორც ჯონ პენელი ამბობს, სააგენტოს საქმიანობის ყველა ასპექტი მთავრობასთან შეთანხმებული და ღიაა. სააგენტო ასევე, მთავრობას რეგულარულად აწვდის ინფორმაციას მიმდინარე პროგრამების პროგრესზე. სააგენტოს მიერ განხორციელებული ზოგიერთი პროგრამის მეშვეობით, საქართველოს ფერმერებს ევროპულ ბაზრებზე ძვირადღირებული სასოფლო-სამეურნეო საქონელი, ამერიკის ბაზარზე კი ქართული ღვინო გააქვთ. სააგენტოს დახმარებით, ბოლო 3-4 წლის განმავლობაში 6 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

ჯონ პენელი ასევე საუბრობს ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე და ამბობს, რომ USAID კონცენტრირებულია დაეხმაროს მთავრობას და ყველა დაინტერესებულ მხარეს იმ მიზნით, რომ საარჩევნო პროცესი იყოს თავისუფალი და სამართლიანი. მისი თქმით, ამერიკის მთავრობა ორიენტირებულია არა არჩევნების შედეგებზე, არამედ, მხოლოდ პროცესზე. USAID-ის კავკასიის მისიის დირექტორ ჯონ პენელს “ამერიკის ხმის” ჟურნალისტი ესაუბრა.

ინტერვიუ რედაქტირებულია შემოკლებისა და სიცხადის მიზნით.

– რას საქმიანობს შეერთებული შტატების საერთაშორისო დახმარების სააგენტო საქართველოში ბოლო 32 წლის განმავლობაში?

– ძალიან დიდი მადლობა. საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობა გვაქვს ბოლო 32 წლის განმავლობაში. მხოლოდ USAID-მა ამ დროის განმავლობაში საქართველოში 2 მილიარდზე მეტი დოლარის ოდენობის ინვესტიცია ჩადო, რაც იმ 6 მილიარდის ნაწილია, რომელიც ამ დრომდე ამერიკამ საქართველოს ჯამურად გამოუყო. USAID ბევრი მიმართულებით მუშაობს, მათ შორისაა, განათლება, ჯანდაცვა, დემოკრატია და მმართველობა, ეკონომიკური ზრდა, სოფლის მეურნეობა, თუ ენერგეტიკა. ვმუშაობთ მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონში, ხალხთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და მთავრობის სამივე განშტოებასთან როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე, ასევე ბიზნესთან. ამჟამად წელიწადში დაახლოებით 75 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას ვუწევთ საქართველოს და გვაქვს 40 მიმდინარე პროექტი.

– რა სახის პროექტებია ესენი? ალბათ, გრძელი სია იქნება, მაგრამ რას დაასახელებდით ყველაზე წარმატებულ ან გავლენიან პროექტად?

– დიახ, ბევრია ასეთი, მაგრამ რამდენიმეს დავასახელებ. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ USAID აქტიურად იყო ჩართული გაზისა და ელექტროგადამცემი ხაზების განახლებაში იმისთვის, რომ ომის შედეგად დაზარალებული ადამიანებისთვის უზრუნველყოფილიყო უფრო საიმედო ენერგომომარაგება. ეს პირდაპირ შეეხო საქართველოს თითქმის 700 000 მოქალაქეს. ჩვენ ასევე აქტიურად ვმუშაობდით განათლების სფეროში. დაახლოებით 2 000 საჯარო სკოლასთან ვთანამშრომლობთ მთელი ქვეყნის მასშტაბით და ტრეინინგები ჩავუტარეთ დაახლოებით 30 000 მასწავლებელს სხვადასხვა მიმართულებით. ასევე ვეხმარებით ჯანდაცვის სექტორს და 2012 წლისთვის ბავშვთა იმუნიზაციის დონის, დაახლოებით, 82%-მდე გაუმჯობესებაში მივიღეთ მონაწილეობა. ეს მხოლოდ რამდენიმეა ბევრი სხვა მაგალითიდან.

– რა სახის დახმარებას უწევთ სკოლებს?

– განათლების სამინისტროსთან ვთანამშრომლობთ ეროვნული მიზნების მისაღწევად, მასწავლებელთა მომზადების სტანდარტების გაუმჯობესების თვალსაზრისით. ასევე ვმუშაობთ სკოლის ადმინისტრატორებთან. ვმუშაობთ სასწავლო გეგმების შემუშავებაზე, რომლებიც უფრო მეტად შეესაბამება დასავლურ საერთაშორისო სტანდარტებს. დაახლოებით, 650 საჯარო სკოლაში გვაქვს სამოქალაქო განათლების პროგრამები, იმისთვის, რომ დავეხმაროთ მოსწავლეებს გაეცნონ საკუთარ უფლებებს და უფრო აქტიური როლი ითამაშონ საკუთარ თემში.

– საავადმყოფოებზე რას იტყვით – გადამზადების პროგრამები გაქვთ თუ უფრო მეტად აღჭურვილობისა თუ ინფრასტრუქტურის დახვეწაში მონაწილეობთ?

– როცა უფრო მოქნილი ჯანდაცვის პროგრამა გვქონდა, მასში შედიოდა ტრენინგისა და აღჭურვილობით დახმარების ნაზავი, იმუნიზაციის მხარდაჭერა. COVID-19 პანდემიის დროს, საქართველოს მივაწოდეთ ვაქცინები. თუმცა, იმის გამო, რომ საქართველოში, ბევრ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ჯანდაცვის სფეროში დიდი პროგრესი იქნა მიღწეული, ახლა ყურადღება უფრო მეტად, ეგრეთწოდებულ, გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოებაზე გვაქვს გადატანილი. ეს არის თანამშრომლობა ჩვენს დაავადებათა კონტროლის ცენტრებთან და ამერიკის მთავრობის სხვა ნაწილებთან, იმისთვის, რომ შევამსუბუქოთ ყველაზე სერიოზული ინფექციური დაავადებების ეფექტები. ძალიან გვახარებს ის, რომ ჩვენთვის ეს მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ახალი მიმართულება იქნება.

– რა არის თქვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევები?

– ზოგიერთი გამოწვევა ასევე არის შესაძლებლობაც. დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მინიჭების შემდეგ, ჯერ კიდევ რჩება ცხრა პუნქტი, რომლებზეც საქართველოს მთავრობამ უნდა იმუშაოს. USAID, ისევე როგორც შეერთებული შტატების მთავრობა უფრო ფართოდ, ევროკავშირი და ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია, საქართველოს მთავრობასთან მუშაობს ზოგიერთ დარჩენილ პუნქტზე, მათ შორის, სასამართლო რეფორმის მიმართულებით და ბევრ სხვა სფეროში. ამის ფარგლებში, ერთი რამ, რის გაკეთებასაც ვცდილობთ და გარკვეული წარმატება უკვე გვქონდა, იყო მეწარმეების მომავალი თაობის განვითარება, ახალგაზრდების განვითარება. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ პროფესიული უნარების განვითარებაზე, განსაკუთრებით შემოქმედებით ინდუსტრიებში, ტურიზმსა და კულინარიულ ხელოვნებაში. მოგეხსენებათ, საქართველო მსოფლიოში კარგად არის ცნობილი თავისი კულტურით, განსაკუთრებით საკვებითა და ღვინით და ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი არსებობს. ნამდვილად ვეხმარებით მომავალ თაობას განავითაროს უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია საქართველოს წინსვლის გაგრძელებაში.

ასევე ვეხმარებით ეკონომიკას დასავლეთთან უფრო მეტად ინტეგრაციაში. დიდი სამუშაოები ჩავატარეთ სოფლის მეურნეობაში. მაგალითად, დავეხმარეთ ქართველ ფერმერებს ევროკავშირის ბაზარზე გაეტანათ მაღალი ღირებულების პროდუქცია, როგორიცაა მოცვი ან სხვა სასოფლო-სამეურნეო საქონელი. ჩვენ ასევე ვეხმარებით მეღვინეებს ქართული ღვინის ამერიკაში ექსპორტში. ვცდილობთ განვავითაროთ შესაძლებლობები, რომლებიც უფრო სტაბილურ სამუშაო ადგილებს და შემოსავალს შეუქმნის ხალხს. ეს მიმდინარე პროცესია. ვფიქრობ, ბოლო წლების განმავლობაში ამ საქმეში პროგრესი გვქონდა და ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას.

ბოლო 3-4 წლის განმავლობაში, ჩვენი პროგრამებით, 2 000-ზე მეტ ბიზნესს დავეხმარეთ საკუთარი პროდუქციის ევროკავშირის ბაზრებზე გატანაში და ჩვენი დახმარებით, საქართველოში 6 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ამ მხრივ, ექსპორტის საერთო ღირებულება საკმაოდ მაღალია და ამით ძალიან ვამაყობთ.

– თქვენ ევროკაბშირში ინტეგრაცია და დარჩენილი 9 პუნქტი ახსენეთ, რომლებიც საქართველოს ჯერ ისევ სესასრულებელი აქვს. კონკრეტულად რას აკეთებთ ქვეყნის დასახმარებლად ევროინტეგრაციის გზაზე?

– პირველ რიგში ვიტყვი, რომ საქართველოს მთავრობასა და USAID-ს შორის გვაქვს ორმხრივი დახმარების ხელშეკრულება, რომელიც ასახავს ჩვენს პროგრამულ აქცენტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და იმას, თუ როგორ ვიმუშავებთ სამოქალაქო საზოგადოებასთან, კერძო სექტორთან და მთავრობასთან, როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე. როგორც ამ პროცესის ნაწილი, ერთობლივად ვახდენთ იმ სფეროების იდენტიფიცირებას, რომლებშიც ვაპირებთ მუშაობას

კონკრეტულად ევროკავშირის ცხრა პუნქტთან დაკავშირებით, ვმუშაობთ იმაში დასახმარებლად, რომ უზუნველყოფილი იქნას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ოქტომბერში, დავეხმაროთ კანონის უზენაესობისა და სასამართლო სექტორში არსებული საკითხების მოგვარებაში, დავეხმაროთ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ან ინფორმაციის მანიპულაციის თავიდან აცილებაში. ეს სფეროები მოითხოვს კერძო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობასთან ერთობლივ მუშაობას. ეს მიმდინარე პროცესებია, რომელთაგან ბევრი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდეც მიმდინარეობდა. ამაში ვართ ჩართული და ამ მიმართულებებში შეერთებული შტატების მთავრობის სხვა ნაწილებიც აგრძელებენ ჩართულობას.

– არჩევნები აშკარად ერთ-ერთი ყველაზე დიდი საკითხია ახლო მომავალში.  რა კონკრეტულ პროგრამებზე მუშაობთ ამ მიმართულებით?

– საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი საარჩევნო მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც ფოკუსირებულია საქართველოს მთავრობისა და ყველა დაინტერესებული მხარის დახმარებაზე, რათა თავად პროცესი იყოს თავისუფალი და სამართლიანი. ჩვენ არ ვართ ორიენტირებული შედეგზე, არამედ, რა თქმა უნდა, მხოლოდ პროცესზე. ასე რომ, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან არჩევნების ადმინისტრირების შესაძლებლობის დასახვეწად, განსაკუთრებით ახალი ელექტრონული ხმების დათვლის გათვალისწინებით, რაც ამ არჩევნებზე მოხდება. ჩვენ მათთან ვთანამშრომლობთ ამომრჩეველთა განათლების პროგრამის ჩაშვებაზე, რათა ამომრჩევლებმა ზუსტად იცოდნენ, რა არის ეს პროცესი. ასევე მუშაობთ საარჩევნო უბნების თანამშრომლებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით იმისთვის, რომ თუ საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველს რაიმე კითხვა ექნება მათ იცოდნენ, როგორ გასცენ პასუხი ამომრჩეველს. ვმუშაობთ როგორც გრძელვადიან, ისე მოკლევადიან სადამკვირვებლო ჯგუფებთან საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე.

“გლობალური დახმარების პოლიტიკის” ფარგლებში, ჩვენ ასევე ვმუშაობთ პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის მიმართულებით. მათი სურვილის შემთხვევაში, პოლიტიკურ პარტიებს ვეხმარებით პლატფორმის შემუშავებაში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და ასევე იმაში, თუ როგორ განავითარონ ურთიერთობა ამომრჩევლის სხვადასხვა სეგმენტთან, რათა რეალურად შეეცადონ შექმნან უფრო ძლიერი დემოკრატიული გარემო იმისთვის, რომ ინდივიდუალურ ამომრჩეველს ჰქონდეს არჩევანის სპექტრი.

(…)

– არავისთვის არაა საიდუმლო საქართველოში, რომ USAID-ს ერთგვარი გამოწვევა ჰქონდა საქართველოს მთავრობასთან ზოგიერთი თქვენი ტრეინინგის გამო. იქნებ გვითხრათ ამის შესახებ? რა სახის ტრეინინიგებს ატარებთ პოლიტიკური პარტიების თუ პოლიტიკური აქტივისტების დასახმარებლად და რას აკეთებთ იმ სემთხვევაში, როდესაც შეიძლება მთავრობა არ ეთანხმებოდეს თქვენი პროგრამების ან ტრეინინგების მიმართულებას, როგორც ეს ბოლო დროს მოხდა?

– მადლობა ამ კითხვისთვის. პირველ რიგში, როგორც აღვნიშნე, ჩვენ გვაქვს ეს ორმხრივი დახმარების შეთანხმება. ამ შეთანხმებაში ყველაფერი ასახულია იმ მხრივ, თუ ვის ვაფინანსებთ, რამდენით ვაფინანსებთ, რა სახის სამუშაოს ეწევიან ისინი. ასევე მთავრობას კვარტალში ერთხელ ვაწვდით განახლებულ ინფორმაცის ჩვენს თითოეულ პროექტზე. ასევე, ძალიან რეგულარულად ვხვდებით მათ, როგორც ჩემს დონეზე, ასევე სხვა დონეებზეც, განახლებული ინფორმაციის მისაწოდებლად იმაზე, რასაც ვაკეთებთ. ვცდილობთ ვიყოთ მაქსიმალურად ინკლუზიური ყველა მხარის მიმართ, ვისთანაც ვმუშაობთ. ეს არ არის მხოლოდ მთავრობა, არამედ ასევე სამოქალაქო საზოგადოების წევრები, ბიზნეს ასოციაციების წევრები, კერძო სექტორი და ა.შ., გამომდინარე იქიდან, თუ რა კონკრეტულ პროექტებზე ვმუშაობთ.

როდესაც უთანხმოება გვაქვს, ვსაუბრობთ პირისპირ და ვცდილობთ კონსენსუსის მიღწევით, ვითარება გამოვასწოროთ. ვიტყოდი, რომ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს. თუ არის მომენტები, როდესაც დამატებითი დისკუსია გვჭირდება იმის შესახებ, თუ რას ვაკეთებთ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვცდილობთ ამის გაკეთებას. ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც შედარებით მალე ვგეგმავთ არის მინისტრის მოადგილეების დონეზე შეხვედრები ჩვენი ყველა პროგრამის შესახებ განახლებული ინფორმაციის მისაწოდებლად. მოგეხსენებათ, ბოლო ორი თვის განმავლობაში ხელისუფლებაში ცვლილებები მოხდა და ამიტომ ველოდებით საბოლოო დანიშვნებს და შემდეგ მათ სიამოვნებით მივაწოდებთ უახლეს ინფორმაციას იმაზე, თუ რას ვაკეთებთ.

(…)

– რამდენად არის USAID ჩართული საკანონმდებლო პროცესში? აწვდით თუ არა პარლამენტს რჩევებს საუკეთესო შედეგის მისაღებად და რა ხდება მაშინ, როცა ხედავთ, რომ კანონმდებლობა შესაძლოა არ აკმაყოფილებდეს ევროკავშირის ან ზოგადად დემოკრატიულ სტანდარტებს?

– ჩვენ ვმუშაობთ რამდენიმე საპარლამენტო კომიტეტთან სხვადასხვა საკითხზე, როგორიცაა, მაგალითად, ეკონომიკური მიმართულება, მათ შორის, ბევრი დახმარება აღმოვუჩინეთ სახელმწიფო შესყიდვების, ონლაინ ვაჭრობისა, თუ ტურიზმის შესახებ კანონების მიღებისას, რაც მართლაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ასევე, ვმუშაობთ ადამიანის უფლებათა დაცვის ზოგიერთ საკითხზე ადამიანის უფლებათა კომიტეტთან. პარლამენტის საერთო ტექნიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით მუშაობას ვაგრძელებთ და ამას საკმაოდ დიდი ხანია ვაკეთებთ.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს აქვს უკვე ბევრი კარგი კანონმდებლობა სამართლებრივი დაცვის კუთხით და იცით, კონსტიტუციის მეორე მუხლის შესახებაც. ამიტომ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბევრი იურიდიული ასპექტი იმისა, რაც საქართველომ უნდა გააკეთოს ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით, უკვე არსებობს. ის, რაზეც USAID ამახვილებს ყურადღებას, არის ტექნიკური დახმარება აღსრულების კუთხით, რაშიც შეიძლება შედიოდეს მიმართულების მიცემა იმაზე, თუ საჭიროების შემთხვევაში როგორ უნდა შეიმუშაონ კანონმდებლობა ისე, რომ ის შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და ასევე საქართველოს კონსტიტუციას.

– რამეს ხომ არ დაამატებდით, რაზეც არ გვისაუბრია და რაც გინდათ, რომ საქართველოს საზოგადოებამ, ქართველმა ხალხმა იცოდეს თქვენი სააგენტოს საქართველოში ჩართულობის შესახებ?

– კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ეს შესანიშნავი კითხვაა ჩვენი საუბრის დასასრულებლად. ვიტყოდი, რომ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ძალიან ბევრი საერთო აქვთ. ჩვენ გვაქვს ბევრი საერთო მიზანი და მისწრაფება. ქართველმა ხალხმა უნდა იამაყოს იმ მიღწევებით, რომლებსაც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ ბოლო 30 წლის განმავლობაში მიაღწია. ჩვენ მოხარული ვართ, რომ პარტნიორები ვართ და მოხარულები ვართ, რომ საქართველო შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენ ამას გავაგრძელებთ, USAID კი სიხარულით შეიტანს ამაში წვლილს და ველოდებით ამ პარტნიორობის გაძლიერებას.

წყარო: