1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ქართველი ჯორჯ ბესტი, რომელიც პსჟ-ს მხსნელად უნდა მოევლინოს – Daily Mail
ქართველი ჯორჯ ბესტი, რომელიც პსჟ-ს მხსნელად უნდა მოევლინოს – Daily Mail

ქართველი ჯორჯ ბესტი, რომელიც პსჟ-ს მხსნელად უნდა მოევლინოს – Daily Mail

627
0

Daily Mail-მა ხვიჩა კვარაცხელიას ვრცელი სტატია მიუძღვნა. სხვებთან ერთად, ხვიჩას საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი დევიდ ვებიც ახასიათებს, აქვეა ინგლისის ეროვნული გუნდის ყოფილი თავკაცის გარეთ საუთგეტის საინტერესო კომენტარიც.

„2020 წლის წლის ზაფხულის ბოლოს ბრაიტონის საწვრთნელ ბაზაზე აურზაური სუფევდა. ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ კლუბის სტაფში, რომელსაც ახალი ფეხბურთელების მოძიება ევალებოდა, რაღაც სასიამოვნოს მოლოდინში იყვნენ…“.

ბრაიტონის სკაუტების სტრუქტურა პირადად შექმნა კლუბის მფლობელმა ტონი ბლუმმა და მალე, ის ყველასთვის თითით საჩვენებელი გახდა, რადგანაც მოთამაშეებს მიზერულ თანხად პოულობდა, შემდეგ კი, გაცილებით სარფიანად ყიდიდა. რამდენიმე ჩამოვთვალოთ: მოიზეს კაისედო, ალექსის მაკ ალისტერი, მარკ კუკურელია…

ისევ 2020 წელს დავუბრუნდეთ. მაშინ აღნიშნული ჯგუფის მიერ შექმნილმა ალგორითმმა სამიზნედ ყაზანის რუბინის 19 წლის ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია შეარჩია. სწორედ ის ბიჭი, რომელაც ცოტა ხნის წინ პსჟ-მ 65 მილიონ ფუნტად იყიდა და ახლა, ეიმედება, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ლივერპულთან მხსნელად მოევლინება.

საბოლოოდ, ბრაიტონმა კვარაცხელიასადმი დაინტერესება ბოლომდე ვერ მიიყვანა, რადგანაც იმავე პერიოდში ბლუმის ყურადღება იაპონიის G-ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელმა მიიპყრო. ის კვარაცხელიას პოზიციაზე თამაშობდა, ფასი კი 2.5 მილიონ ფუნტს არ აღემატებოდა. 2021 წლის აგვისტოში ბრაიტონმა კავასაკი ფრონტალედან კაორი მიტომა იყიდა და ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ შეცდა, რადგანაც იაპონელიც მაღალი დონის მოთამაშე გამოდგა.

უფრო მართლები ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ ბრაიტონმა ორივე ხსენებულ ფეხბურთელზე სწორი გათვლა გააკეთა, თუმცა, ისე მოხდა, რომ მიტომა წაიყვანა, კვარაცხელია კი 2022 წლის ზაფხულში ნაპოლიში აღმოჩნდა. იტალიურმა კლუბმა დინამო ბათუმს 11 მილიონი ფუნტი გადაუხადა.

ხვიჩამ სერია A-ში დიდებული დუეტი შექმნა ვიქტორ ოსიმენთან და სეზონი 12 გოლითა და 13 პასით დაასრულა, „ნაპოლი“ კი იტალიის ჩემპიონი ისტორიაში მხოლოდ მესამედ გახდა. კვარაცხელია ნეაპოლში ისე შეიყვარეს, რომ მეტსახელად „კვარადონა“ უწოდეს. როდესაც გადარებენ დიეგო მარადონას, რომელიც ლამის ღმერთად არის შერაცხილი და ბევრისთვის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა, გამოდის, რომ ყველაფერს სწორად აკეთებ.

ახლაც კი, როდესაც ქართველი ფეხბურთელი TOP 5 ლიგაში უკვე მე-3 სეზონს ატარებს, მასში არის რაღაც ამოუცნობი ხიბლი, რომელიც აღტაცებას იწვევს. იმ ფონზე, როდესაც თანამედროვეობის ვარსკვლავები არაერთ საათს ხარჯავენ ვარცხნილობების მოწესრიგებაში თუ სოციალურ ქსელებში სასურველი იმიჯის შესაქმნელად, კვარაცხელიასთვის ეს ნაკლებად საინტერესოა – თმას სტანდარტულად იჭრის, რიგით დალაქთან…

ცხადია, რომ დროთა განმავლობაში მისი თამაში კარგად იქნა შესწავლილი. მის საფირმო ილეთსაც (ბურთის მარცხენა ფეხიდან მარჯვენაც გადატანა) ალღო აუღეს და სტატისტიკა გაუარესდა. თუკი სასტარტო სეზონში ლამის 90 წუთში ერთხელ გოლი ან საგოლე პასი ჰქონდა, მომდევნო სეზონში შედეგი გაცილებით მოკრძალებული იყო.

შეიძლება, ამის ბრალიც გახლდათ, რომ საბოლოო ჯამში, პრემიერლიგის კლუბებმა კვარაცხელიასთვის ბოლომდე ბრძოლაზე უარი განაცხადეს. არადა, ჩვენი ინფორმაციით, ჩელსი მისით სერიოზულად გახლდათ დაინტერესებული და ის ფეხბურთელებიც კი ჰყავდა შერჩეული, რომელთაც ხვიჩას სანაცვლოდ „ნაპოლის“ შესთავაზებდა. სხვათა შორის, ბილი გილმორი ნაპოლიში მაინც გადაბარგდა, იტალიელებისთვის საინტერესო კიდევ ერთი მოთამაშე კი ტრევორ ჩალობა იყო.

გარიგების ჩაშლის ერთ-ერთი მიზეზი ისიც გახდა, რომ ლონდონელებმა ნეაპოლელებთან საქმის დაჭერისგან თავი შეიკავეს. არახალი ამბავია, რომ ევროპული კლუბების სპორტულ დირექტორებსა თუ აგენტებს ძალიან არ უყვართ აურელიო დე ლაურენტისთან ერთად მაგიდასთან ჯდომა. საერთო აზრი ასეთია: როდესაც გგონია, რომ შეთანხმება მიღწეულია, დე ლაურენტისი ახალ მოთხოვნებს აყენებს, ეს კი, ძალიან არაკომფორტულია. ამიტომაც, ბევრს ურჩევნია ნაპოლის ფეხბურთელს უბრალოდ თავი აარიდოს და შემდეგ ვარიანტზე გადავიდეს თუმცა, კვარაცხელია, მაინც სხვა თემა იყო.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ვილი სანიოლის ასისტენტი დევიდ ვები უშუალო შეხებაში იყო ჰარი კეინთან, როდესაც 2025-17 წლებში ტოტენჰემში მუშაობდა. ის თვლის, რომ ხვიჩას ინგლისის ნაკრების კაპიტანთან ბევრი საერთო აქვს.

„ელიტურ მოთამაშეებს, მაგალითად, ისეთს, როგორიც ჰარი კეინია, სწორედ ეს უპირატესობა აქვთ. მათი სურვილია რომ იმ მაქსიმალურ დონეს მიაღწიონ, რაც კი შესაძლებელია. ეს კვარასაც ახასიათებს. მისი მინდვრიდან გაგდება შეუძლებელია. მუდმივად უნდა რომ კარში დაარტყას, ჩააწოდოს, ჯარიმები შეასრულოს, რაღაც არაორდინარული შექმნას. მახსოვს, მის შესახებ გარეთ საუთგეიტს ვესაუბრე. მითხრა: ძალიან მომწონს. თუკი წარსულში გავიხედავთ, ჯორჯ ბესტს შევადარებდი. საოცარი უნარები აქვს, ფიზიკურად ძლიერია და მოქნილი, მაშინ გაგცდება, როდესაც ამას არ ელოდები“.

გაიხსენეთ კვარაცხელიას გოლი ლივერპულთან, რომელიც მინიმალური ოფსაიდის გამო არ ჩაითვალა. ეს მომენტი კარგად ასახავს, როგორ ისწრაფვის 24 წლის ფეხბურთელი სრულყოფილებისკენ. რაიან გრავერბეხი, ალბათ, ცოტა მოდუნდა, როდესაც ბურთი ხვიჩას “სუსტ” ფეხზე დაინახა. ის თავის შეცდონას მხოლოდ მაშინ მიხვდა, როდესაც ბურთი ალისონის კარის შორეულ კუთხეში აღმოჩნდა. რომ ჩათვლილიყო, ეს, კვარაცხელიასთვის მარცხენა ფეხით გატანილი ზედიზედ მე-3 გოლი იქნებოდა, მაშინ, როდესაც მანამდე TOP ლიგებში მარცხენათი მხოლოდ 3 გოლი ჰქონდა გატანილი…

ბევრის აზრით, კვარაცხელია მოჰამედ სალაჰის იდეალური დანატამი იქნებოდა ლივერპულის მეორე ფლანგზე, თუმცა, ოლივერ დენჰარდტი, რომელიც ცნობილი სკაუტ-პლატფორმა Eyeball-ის თავმჯდომარეა, თვლის, რომ ქართველისთვის პსჟ-ც მიმზიდველი ვარიანტი გახლდათ.

„პრემიერლიგის საუკეთესო კლუბებში ფლანგზე ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავთ, ამასთან, როდესაც საქმეში პსჟ ერთვება, ყველას ესმის, რომ შედარებით მოკრძალებული თანხით აღარაფერი გამოვა. კვარაცხელია რომ ინგლისში გადმოსულიყო, ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე იქნებოდა და ყველა ვარიანტში ძირითად შემადგენლობაში უნდა დაეყენებინა.

პსჟ-ს პროექტის დაუფასებლობა ნამდვილად არ ღირს. პარიზი ფანტასტიკური ქალაქია, იქ კარგად იხდიან და როგორც წესი, კლუბი სეზონში ორ ტიტულს მაინც იგებს, ამასთან, ჩემპიონთა ლიგაშიც სტაბილურად თამაშობს. როდესაც პსჟ-სთან კონტრაქტი დაგიმთავრდებათ, დიდი შანსია, მადრიდის რეალში ან სხვა TOP კლუბში აღმოჩნდეთ. მოკლედ, აქ რამდენიმე ფაქტორია“.

კვარაცხელიას წარმატებამ ტენდენცია გამოკვეთა. ამ ზაფხულს ლივერპულს შეუერთდება ვალენსიას გოლკიპერი გიორგი მამარდაშვილი, ახლო მომავალში კი, უმაღლეს დონეზე, შესაძლოა, დინამო თბილისის კიდევ რამდენიმე აღზრდილი ვიხილოთ.

„მან ქართველ ბავშვებს აჩვენა, რომ შესაძლოა მდიდარი ფეხბურთის თამაშით გახდე. მათი მოსახლეობა მხოლოდ 4 მილიონი ადამიანია, თუმცა, ძალიან კარგი ახალი თაობა მოდის. საუკეთესოები დინამო თბილისში ხვდებიან, ეს კი, უცხოელებისთვის ადგილობრივი ბაზრის შესწავლას აადვილებს“, – აღნიშნავს დენჰარდტი.

თუკი კვარაცხელია ლივერპულთან განმეორებით მატჩსაც იმ დონეზე ჩაატარებს, როგორც პირველში ითამაშა, უდავოა, რომ ქართველი ფეხბურთელების მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება. მაგალითად, წამყვანი კლუბების სკაუტები აქტიურად აკვირდებიან დინამო თბილისის 16 წლის ტალანტ საბა ხარებაშვილს.

ის მარცხენა მცველია, თუმცა, ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშიც შეუძლია. უეფას კონფერენს-ლიგაში 15 წლის ასაკში გამოჩნდა და დინამო თბილისის ძირითად გუნდშიც წარმატებას მიაღწია, ეს კი, საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ ლივერპულისა და მადრიდის რეალის ინტერესის სფეროში მოხვედრილიყო. თუკი ხარებაშვილმა კვარაცხელიას დონის ნახევარს მაინც მიაღწია, ნათელია, რომ ქართული ფეხბურთი კიდევ ერთ სუპერვარსკვლავს შეიძენს