"ომით დაზარალებული უკრაინა დემოგრაფიული კოლაფსის წინაშე დგას: შობადობის დონე სწრაფად მცირდება, რუსები კი უკრაინის მდგომარეობით კმაყოფილნი არიან" - ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული ბრიტანული ჟურნალის „ეკონომისტის" (The Economist) 7-13 ნოემბრის ნომერში სტატია, რომელშიც უკრაინაში, რუსეთთან ომის ფონზე შექმნილი მწვავე დემოგრაფიული სიტუაციაა განხილული. „ფრონტისპირა ზონაში ფეხმძიმე ქალების მშობიარობისათვის არავითარი პირობები არ არის შექმნილი, თვით მსხვილ ქალაქებშიც კი - კრამატორსკში, სლავიანსკში... ორსული ქალები ხარკოვში მიჰყავთ, მაგრამ უსაფრთხოების გარანტიებს იქაც ვერავინ ვერ იძლევა: ცაში რუსული დრონები და რაკეტები დაფრინავენ და მსხვერპლს ეძებენ. ერთადერთი პლუსი ისაა, რომ ხარკოვში სამშობიარო სახლი ბუნკერშია გადატანილი", - ნათქვამია მასალაში.
პუბლიკაციაში გაკეთებული პროგნოზის თანახმად, 2040 წლისათვის ქვეყნის მოსახლეობა, შესაძლოა, 25 მილიონამდე შემცირდეს.
გთავაზობთ სტატიის შინაარსს:
უკრაინაში დემოგრაფიული კრიზისი ღრმავდება - ოჯახები შვილების გაჩენაზე აღარ ფიქრობენ, მემკვიდრეობის გაგრძელება სამომავლოდ გადააქვთ, მილიონობით ადამიანი კი საზღვარგარეთ რჩება. ამგვარი არანორმალური სიტუაციის გრძელვადიანი შედეგები ძალიან მძიმე იქნება, ქვეყნის აღდგენა შეიძლება ათწლეულები გაგრძელდეს.
შობადობა სიკვდილიანობაზე სამჯერ ნაკლებია
ამჟამად უკრაინაში შობადობის დონე 0,8-0,9 ბავშვამდეა დაცემული ერთ ქალზე გადაანგარიშებით, მაშინ როცა 2020 წელს 1,2 ბავშვი იყო. დღეისათვის სიკვდილიანობა შობადობას სამჯერ და მეტად აჭარბებს. იმისათვის, რომ ერთი თაობა მომავალში უდანაკრგოდ ჩანაცვლდეს, ამისათვის აუცილებელია ერთ ქალზე 2,1 ბავშვი მაინც მოდიოდეს. ომი, ლტოლვილთა საზღვარგარეთ გადინება და შვილების გაჩენის სამომავლოდ გადადება სიტუაციას ამწვავებს.
1991 წელს უკრაინაში, ყირიმისა და დონბასის ჩათვლით, 52 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის წლებში ქვეყნის მოსახლეობა ყოველწლიურად მცირდებოდა, ომმა კი შობადობასა და სიკვდილიანობიას შორის სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა.
მობილიზაცია, სამხედრო დანაკარგები და გაურკვევლობა ძალიან დიდ გავლენას ახდენს ადამიანების უნარ-სურვილებზე ოჯახების შესაქმნელად. ბევრი წყვილი ბავშვის გაჩენას თუ აპირებს, ისიც მხოლოდ სამომავლოდ, სავარაუდო მშვიდობიანობის პირობებში. დემოგრაფ სვეტლანა აქსენოვას თქმით, რაც უფრო დიდხანს გადაავადებენ ადამიანები ბავშვების გაჩენას, მით უფრო მაღალია იმის ალბათობა, რომ ბავშვები საერთოდ არ დაიბადებიან.
ლტოლვილები, რომლებიც უკრაინაში არ ბრუნდებიან
რა თქმა უნდა, უკრაინის მოსახლეობის რაოდენობის შემცირებაში დიდი წილი მიუძღვის არამარტო საომარ დანაკარგებს, არამედ ლტოლვილების საზღვარგარეთ გადინებასაც. ამჟამად, ქვეყნის საზღვრებს გარეთ დაახლოებით 5 მილიონი უკრაინელი ცხოვრობს, ძირითადად ევროპის ქვეყნებში. მათ მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ ბავშვები და რეპროდუქტიული (გამრავლების უნარის მქონე) ქალები. მაგრამ დაბრუნდებიან თუ არა ისინი სამშობლოში?
უკრაინის ეკონომიკური სტრატეგიის ცენტრის მონაცემებით, იმ ლტოლვილების რაოდენობა, რომლებსაც უკრაინაში დაბრუნება სურთ, 2022 წლის დეკემბერს დაფიქსირებული 74%-დან 2025 წლის იანვრის ბოლოსათვის უკვე 43%-მდე იყო შემცირებული.
რუსეთის დარტყმები უკრაინის ქალაქებზე და ინფრასტრუქტურაზე, მძიმე ზამთრისადმი შიში ხელს უწყობს მოსახლეობის შემდგომ მიგრაციას საზღვარგარეთ. იმავდროულად, როგორც წესი, ოჯახების ხანგრძლივი ცხოვრება საზღვარგარეთ, კეთილდღეობის შედარებით მაღალი დონე და მეტი სტაბილურობა ქმნის იმის რისკს, რომ უკრაინა მომდევნო თაობას დაკარგავს.
რატომ არ არის მოსალოდნელი „ბები-ბუმი" უკრაინაში ომის შემდეგ
საომარი მოქმედებების შეწყვეტაც კი არ არის იმის გარანტი, რომ ომის შემდეგ უკრაინაში „ბები-ბუმი" მოხდება, ანუ შობადობა სწრაფად გაიზრდება, ბევრად მეტი ბავშვი დაიბადება.
ისინი, ვინც დაიბადნენ 1990-იან და 2000-იან წლებში, უკრაინის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე პატარა თაობებად ითვლებიან. შესაბამისად, უახლოეს წლებში, დიდი ალბათობით, მათგან მცირე რაოდენობა თუ გახდებიან მშობლები, წინა თაობებთან შედარებით.
როგორც დემოგრაფი და ჟურნალისტი ოლღა დუხნიჩი აღნიშნავს, ომის შეწყვეტით შესაძლოა მოსახლეობის შემცირების სისწრაფე შენელდეს, მაგრამ მომატებით ნამდვილად არ მოიმატებს, უახლოეს წლებში.
უკრაინის მცხოვრებთა რაოდენობის კლების კიდევ ერთი ფაქტორია ახალგაზრდების გადინება (მიგრაცია) უცხოეთში. 2025 წლის აგვისტოში ქვეყნის მთავრობამ ნება დართო 18-დან 22 წლამდე მამაკაცებს საზღვარგარეთ წასვლაზე, თუმცა გარკვეული გამონაკლისებისა და წესების დაცვით.
2040 წლისთვის მოსახლეობა 25 მილიონამდე შემცირდება!?
გაეროს პროგნოზის მიხედვით, უკრაინის მოსახლეობა, უახლოეს ათწლეულში, სავარაუდოდ, ყოველწლიურად 0,7-0,9%-ით შემცირდება. და თუ ეს გამართლდება, მაშინ 2040 წლისათვის ქვეყნის მცხოვრებთა რიცხვი მხოლოდ 25 მილიონი დარჩება. პროგნოზით ნავარაუდევია, რომ უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავის კონტროლს ვერ აღადგენს.
ქვეყნის მთავრობის დემოგრაფიული სტრატეგია ითვალისწინებს მოსახლეობის უმნიშვნელოდ მატების დაწყებას მხოლოდ 2030 წლიდან, თუმცა ეს სცენარი ეყრდნობა იმ ვარაუდებს, რომ მშვიდობა 2026 წელს დამყარდება და უკრაინა 1991 წლის დროინდელ საზღვრებს დაუბრუნდება.
თუ ომი 2030-იან წლებშიც გაგრძელდება, დემოგრაფიული შედეგები ძალიან სერიოზული იქნება: ზოგიერთებმა, რომლებიც 1990-იანებში არიან დაბადებულნი, შეიძლება საერთოდ გადადონ დაოჯახება და ბავშვების გაჩენის სურვილი გაუქრეთ. ასეთი სცენარის დროს შობადობა შეიძლება შემცირდეს 0,6 ბავშვამდე ერთ ქალზე.
შობადობის კონცენტრაცია მოხდება მხოლოდ უკრაინის დასავლეთ ნაწილში, რომელიც შედარებით უსაფრთხოა, ხოლო ცენტრალური და აღმოსავლეთი რეგიონებში, დიდი რისკია, რომ მოსახლეობის კლება ძველებურად გაგრძელდება
საოჯახო დახმარება სიტუაციას ვერ გამოასწორებს
უკრაინა ცდილობს შობადობის დონე მეტ-ნაკლებად სხვადასხვა გზებით შეინარჩუნოს - ფინანსური და სამედიცინო პროგრამების დახმარებით. ამჟამად ბავშვის დაბადებაზე ერთდროული დახმარება 50 ათას გრივნას (დაახლოებით 1100 დოლარს) შეადგენს, ხოლო ყოველთვიური დახმარება ბავშვის მოვლისათვის - 7 ათას გრივნას (დაახლოებით 154 დოლარს), სანამ ბავშვს ერთი წელი არ შეუსრულდება. გარდა ამისა, არსებობს როგორც ბავშვის მოვლისა და უნაყოფობის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამები, ასევე სამხედრო მოსამსახურეების რეპროდუქტიული უჯრედების უფასოდ შენახვის შესაძლებლობაც.
მაგრამ „ეკონომისტის" მიერ გამოკითხული ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ ფინანსური სტიმულები, მშვიდობიან დროსაც კი, შობადობაზე მხოლოდ შეზღუდულ გავლენას ახდენენ. ომის დროს ბავშვების გაჩენის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ბევრად არის დამოკიდებული უსაფრთხოებასა და ხვალინდელ დღისადმი რწმენაზე.
ქვეყნის აღსადგენად პროფესიონალთა რიცხვი არასაკმარისია
მოსახლეობის რაოდენობის შემცირება უშუალო გავლენას ახდენს ეკონომიკაზე. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის შეფასებით, უკრაინას დაახლოებით 2,5 მლნ-მდე პროფესიონალი მშენებელი არ ჰყოფნის.
ამჟამად ქვეყანაში დარეგისტრირებულია მხოლოდ 9500 უცხოელი მიგრანტი. კომპანიები, რომლებსაც უცხოეთიდან პროფესიონალი მუშახელის მოზიდვა სურთ, ბიუროკრატიულ ბარიერებს უჩივიან.
თავის მხრივ, მთავრობა პირველ რიგში ყურადღებას უთმობს უკრაინელების დასაქმებას - ქალების, ვეტერანების, დევნილების და იმ მოქალაქეების, რომლებიც საზღვარგარეთიდან სამშობლოში ბრუნდებიან, თუმცა არსებობს უამრავი ხელის შემშლელი ფაქტორი.
კიევის ეკონომიკური სტრატეგიის ცენტრის თანამშრომლის გლებ ვიშლინსკის თქმით, ომისშემდგომი აღდგენის მიზნით უკრაინას შიდა შრომითი პოტენციალის ასამოქმედებლად საკმარისი რესურსები არ აქვს. იგი თვლის, რომ ქვეყანას უცხოელი მუშები დაჭირდება.
რუსეთის პროპაგანდა და უკრაინის დემოგრაფიული კრიზისი
„ეკონომისტი" ყურადღებას აქცევს რუსი ჩინოვნიკების განცხადებებსაც. დიმიტრი მედვედევმა უკრაინის მოსახლეობის რაოდენობის შემცირება იმისთვის გამოიყენა, რომ ეთქვა - უკრაინელი ერი ქრებაო". იმავდროულად კი ვლადიმერ პუტინის მრჩეველი ანტონ კობიაკოვი წინადადებით შემოდის, რომ უკრაინის ტერიტორიებზე რუსები უნდა დასახლდნენ.
მსგავსი რიტორიკა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ რუსეთი უკრაინის მოსახლეობის შემცირებას ომის ერთ-ერთ მიზნად თვლის, თუმცა მოსახლეობის შემცირება სახელმწიფოს გაქრობას არ გამოიწვევს.
