ომი უკრაინაში: მოსახლეობის შემოწირულებების შემცირება უკრაინის გამარჯვების იმედს ასუსტებს – Le Figaro
უკრაინელ ჯარისკაცებს რუსეთის არმიასთან საბრძოლველად საჭურველი და ტექნიკა არ ჰყოფნით და მწვავე უკმარისობას განიცდიან. ომის დროს ტექნიკა მწყობრიდან ძალიან ხშირად გამოდის, ზიანდება და მისი შეკეთება რთულია, ახალი კი არ არის“, – ნათქვამია ფრანგულ გაზეთ „ლე ფიგაროში“ (Le Figaro) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ომი უკრაინაში: მოსახლეობის შემოწირულებების შემცირება უკრაინის გამარჯვების იმედს ასუსტებს“ (ავტორი – კლარა მარშო, სპეცკორესპონდენტი კიევში).
„მე და იური იზიუმის კაფეში ვართ – ქალაქში, რომელიც ფრონტის ხაზიდან 50 კილომეტრით არის დაშორებული. იგი ანონიმურად მესაუბრება ომის სიძნელეებზე და გაჭირვებაზე, თან ხუმრობს და ცდილობს მძიმე სასაუბრო თემას რაღაც სიხალისე შემატოს და თვითონაც საკუთარი თავი გაბედულ მეომრად წარმოაჩინოს. მართლაცდა, მის ლაპარაკში მამაცობაც გამოსჭვივის, მრისხანებაც და უიმედობაც. 30 წლის ხარკოველი ჯარისკაცი უკვე ორ წელზე მეტია შეუსვენებლივ ომობს რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ახლა პრობლემების წინაშე დგას: „მე ავტომანქანა მჭირდება, პიკაპი, რომელზეც იარაღს დავაწყობ და გადავიტან. ჩემი საკუთარი ძველი „რენო“ აღარ ვარგა, ძლივს დახოხავს, ახალს კი არავინ არ გვაძლევს. ადრე მოსახლეობა ხელს გვიწყობდა, ახლა კი კეთილი და პატრიოტი ადამიანები აღარ ჩანან“.
უკრაინელ ჯარისკაცებს სამხედრო ტექნიკა და იარაღის ნაკლებობა აწუხებთ, დეფიციტი უკვე ომის მუდმივ თანამგზავრად იქცა. თუ ადრე ამ პრობლემის გადაწყვეტაში ვოლონტერები (მოხალისეები) მონაწილეობდნენ და საკუთარ ქონებას (ავტომობილებს) არმიას სწირავდნენ, ახლა შემოწირულებები კრიტიკულ მინიმუმამდე შემცირდა. უკრაინელები, ქვეყანაში გაღრმავებული ეკონომიკური პრობლემების გამო, იძულებულნი არიან თვითონვე მოიხმარონ თავიანთი ქონება, დასავლელეი მოკავშირეები და სპონსორების მხრიდან კი, პოლიტიკური ლიდერების ყოყმანისა და ეჭვების გამო, დახმარება მცირდება.
გაზეთის კორესპონდენტი ესაუბრება უკრაინელ ოქსანა სტეფანიუკს, რომელიც ომის დაწყებიდანვე მონაწილეობს ვოლონტერულ ღონისძიებებში და უკრაინის არმიისათვის დახმარება-შემოწირულობებს აგროვებს, ასევე ევროპაში ომის საჭიროებისათვის სხვადასხვა ნივთების შესყიდვის კოორდინირებას ახორციელებს. ამ მიზნით ოქსანა სტეფანიუკმა სპეციალური არასამთავრობო ორგანიზაციაც შექმნა. მისი თქმით, თუ ადრე ყოველთვიურად ფონდში უკრაინის მოქალაქეები ყველაზე მეტ თანხას 500-500 ევროს რიცხავდნენ, ახლა მხოლოდ 150 ევროს სწირავენ, შენაწირების საშუალო თანხა კი 25 ევროდან 10 ევრომდე შემცირდა.
„დღეს მოსახლეობის წინაშე უფრო მეტი გაურკვევლობაა. თუ ადრე ხალხი ფიქრობდა, რომ დასავლეთის დახმარებით რუსეთზე სწრაფად გავიმარჯვებდით და თანხებს ენთუზიაზმით გვაძლევდნენ, ახლა ისინი, ომის გაჭიანურების კვალობაზე, საკუთარ უსაფრთხოებაზე უფრო მეტს ფიქრობენ და ცდილობენ თავი დაიზღვიონ“, – ამბობს ოქსანა და აღიარებს, რომ დღეს უკრაინელები უპირატესობას პირადულ მოთხოვნილებებს აძლევენ და არმიას შედარებით ნაკლებად ეხმარებიან.
დანაკლისის შევსებას უკრაინის არმია საზღვარგარეთიდან შემოწირულებებით ცდილობს, მაგრამ სიტუაცია აქ უფრო უარესია: „დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობაზე ძლიერ გავლენას ახდენს პოლიტიკოსების ყოყმანი და მათი ორაზროვანი განხცხადებები. უნდა დაუჭირონ თუ არა მხარი უკრაინას, გაგრძელდეს თუ არა ომი, მისცენ თუ არა ფული და იარაღი კიევს რუსეთთან საომრად – ასეთი კითხვები ევროპელების განწყობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. და როცა, ვთქვათ, ემანუელ მაკრონი ან ოლაფ შოლცი პესიმისტურ განცხადებებს აკეთებენ, მოქალაქეებს შემოწირულების სურვილი ეკარგებათ“, – აღიარებს ოლეგ კარპენკო, უკრაინის არმიის დახმარების მიზნით შექმნილი ერთ-ერთი მსხვილი ფონდის ხელმძღვანელი „ლე ფიგაროს“ ჟურნალისტთან საუბარში.