1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “მოქალაქეები” და “გირჩი” განცხადებას ავრცელებენ
“მოქალაქეები” და “გირჩი”   განცხადებას  ავრცელებენ

“მოქალაქეები” და “გირჩი” განცხადებას ავრცელებენ

633
0

პარლამენტის წევრები ლევან იოსელიანი, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალეკო ელისაშვილი, ჰერმან საბო და ალექსანდრე რაქვიაშვილი განცხადებას ავრცელებენ. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებისა და პოლარიზაციის დასრულების მიზნით, დეპუტატები სამ ნაბიჯს ასახელებენ.

„მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ ერთობლივი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ნათელია, რომ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულება, წარმოადგენს იმ ერთადერთ პირობას, რომლის ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაშიც საქართველო მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, რასაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 85% უჭერს მხარს.

გასაღები, რომლითაც პუნქტების შესრულება უნდა დავიწყოთ, პირველივე პუნქტშია მოცემული და მოგვიწოდებს მხარეებს, აღმოვფხვრათ პოლიტიკური პოლარიზაცია. პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრისთვის ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს არც ერთმა პარტიამ, რომელიც დღეს პოლიტიკურ ველზე აქტიურობს, ხოლო ამ მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით უნდა იყოს გაჯერებული.

ფაქტია, რომ პოლიტიკურ ველზე დღეს არსებული პოლარიზებული გარემო, არ არის ის ფაქტობრივი მოცემულობა, რაც განვითარებული დემოკრატიებისთვისაა დამახასიათებელი. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, სწორედ პოლარიზაცია და პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებული დაპირისპირება, წარმოადგენდა საქართველოს სახელმწიფოს განვითარების ძირითად დამაბრკოლებელ ფაქტორს.

ამ მოცემულობის შეცვლისკენ მოგვიწოდებს ევროკავშირიც, რომელიც დემოკრატიული სახელმწიფოების უნიკალურ პოლიტიკურ გაერთიანებას წარმოადგენს და რომელი გაერთიანების წარმატებაც დრომ დაადასტურა. სწორედ, ევროკავშირში არსებული დემოკრატიული პრინციპების ერთგულება და ინსტიტუციების სიმყარეა იმ მშვიდობის, კეთილდღეობის და თავისუფლების გარანტი, რასაც იგი მის წევრ სახელმწიფოებს სთავაზობს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი მოპოვების მიზნით, გადასადგმელი ნაბიჯები და სამოქმედო გეგმა, მოცემულია როგორც 12-პუნქტიან გეგმაში, ასევე 19 აპრილის შეთანხმებაში.

დროა, ქართულ პოლიტიკაში დასრულდეს უმიზნო დაპირისპირებებისა და ოპონენტისაგან მტრის ხატის შექმნის პრაქტიკა, სადაც პოლიტიკურ ამინდს მხოლოდ ორი ურთიერთდაპირისპირებული პოლიტიკური ძალა განსაზღვრას, რომელთა დღის წესრიგი არა საგნობრივი პრობლემების მოგვარებაზე, არამედ ურთიერთბრალდებებსა და პირადი პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილებაზეა ორიენტირებული.

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებისა და პოლარიზაციის დასრულების მიზნით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ჩამოყალიბდეს პლურალისტური პოლიტიკური გარემო, სადაც ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტა, არა ერთპიროვნულად, არამედ მრავალფეროვანი პოლიტიკური აქტორების ჩართულობითა და დისკუსიის საფუძველზე მოხდება. პოლიტიკურ პარტიებს შორის ოპონირება კი, არგუმენტების ურთიერთგაცვლასა და ფაქტებზე იქნება დამყარებული.

მსგავსი, პოლიტიკური ტრადიციის დამკვიდრება, საბოლოო ჯამში, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, როგორც ევროკავშირისკენ, ასევე, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში კონსოლიდირებული დემოკრატიის ჩამოყალიბებას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად კი, აუცილებლად მიგვაჩნია სამი ძირითადი ნაბიჯის გადადგმა:

განსაკუთრებული მნიშვნელობა დეპოლარიზაციისა და პლურალისტური გარემოს ჩამოყალიბების კუთხით, ენიჭება პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების, სულ მცირე მეორე მოსმენით მიღებას. პირველი მოსმენით მიღებული, საკონსტიტუციო ცვლილებები, ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების სრულად პროპორციული წესით, 2%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარებას, რაც პირდაპირ არის გათვალისწინებული 19 აპრილის შეთანხმებითაც.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და საარჩევნო ბარიერის დაწევა,პირდაპირ ეხმიანება ევროკავშირის მოწოდებას დეპოლარიზაციისაკენ, რამდენადაც მხოლოდ  პროპორციული  საარჩევნო სისტემა, მაღალი ბარიერის პირობებში ვერ უზრუნველყოფს  პოლიტიკური პარტიების სამართლიან წარმომადგენლობას საკანონმდებლო ორგანოში, აუცილებელია ორპარტიულობისა და პოლარიზაციის შემცირების მიზნით, ბარიერის დაწევა, რაც გააჯანსაღებს პოლიტიკურ ველს, საშუალებას მისცემს ახალ პოლიტიკურ პარტიებს  წარმოდგენილნი იყვნენ საკანონმდებლო ორგანოში  და გააჟღერონ  საზოგადოების ყველა სოციალური ჯგუფის ხმა.

19 აპრილის შეთანხმება, ამბიციური საარჩევნო რეფორმის ფარგლებში, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის, არათუ 2%-იანი, არამედ ბუნებრივიდან 2%-მდე ბარიერს დაწესებას ითვალისწინებს. პოლიტიკური პოლარიზაციის მაქსიმუმადე შემცირების მიზნით, მიზანშეწონილია აღნიშნული დათქმის შესრულება, ბუნებრივიდან 2%-მდე ბარიერს დაწესება და  შეთანხმებაში მოცემული პირობისათვის არა ერთჯერადი  ხასიათის მიცემა.

დეპოლარიზაციისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება ასევე, მიხეილ სააკაშვილის, როგორც ფაქტორის გასვლა ქართული პოლიტიკური სივრციდან. მის მიერ, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება, შეამცირებს პოლარიზაციას, გააჯანსაღებს ქართულ პოლიტიკურ ველს, მმართველი პოლიტიკური ძალას კი გამოაცლის „მტრის ხატს“, რომელთან პოლემიკაც ორმხრივი სიძულვილის ენაზე აგებული. ამ დიქოტომიიდან თავის დაღწევის საშუალება, მხოლოდ ერთ ერთი პოლიტიკური ძალის მიერ  გადაწყვეტილების მიღებაა, რაც თავად ნაციონალურ მოძრაობასაც მისცემს შესაძლებლობას ტრანსფორმირდეს  თანამედროვე პოლიტიკურ ძალად. ამავე კონტექსტში ასევე, მნიშნველოვანია საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის  მდგომარეობა და მასთან დაკავშირებული რისკები, არ გახდეს ქვეყნისათვის ისტორიული სირცხვილის გამეორების წინაპირობა.

ბოლო დროინდელმა პოლიტიკურმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაგვანახა, რომ ბიძინა  ივანიშვილი ქართული პოლიტიკიდან შორს არ არის. პოლარიზაციის შემცირების კუთხით, რაც თავის თავში  დეოლიგარქიზაციის ვალდებულების შესრულებასაც მოიცავს, აუცილებელია ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება  ქართულ პოლიტიკაში. იმისთვის, რომ ქვეყანა სწორ კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდეს, პოლიტიკური პასუხისმგებლობა პროცესებზე უნდა აიღოს იმან, ვინც შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს ან ამ გადაწყვეტილების მიღების ყველანაირი რესურსი გააჩნია. საჭიროა, ყველა ფორმალური  პოლიტიკური  აქტორი, განსაკუთრებით ისეთი გავლენიანი, როგორც ბიძინა ივანიშვილია, დაბრუნდეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და  მან როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებმა სუბიექტმა, მის პოლიტიკურ გუნდთან ერთად, აიღოს პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში მიიღოს მონაწილეობა შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში.

ზემოაღნიშნული ნაბიჯების გადადგმა, ერთი მხრივ პირდაპირი წინაპირობაა, ევროკავშირის მიერ 12-პუნქტიანი გეგმით განსაზღვრული პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების ვალდებულების  შესრულების და მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღებას, ახალი დემოკრატიული პოლიტიკური თამაშის წესების და ტრადიციების დამკვიდრებას, რაც განვითარებადი დემოკრატიის ქვეყნიდან, კონსოლიდირებული, განვითარებული დემოკრატიის ქვეყნად გვაქცევს“,- აღნიშნულია განცხადებაში.