1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „მკვდარია თუ ცოცხალი? ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ჰამენეი, ალბათ, კომაშია. მისი არგამოჩენის ყოველი დღე ეჭვს აძლიერებს, რაც ირანს კრიზისით ემუქრება“ – The Daily Telegraph
„მკვდარია თუ ცოცხალი? ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ჰამენეი, ალბათ, კომაშია. მისი არგამოჩენის ყოველი დღე ეჭვს აძლიერებს, რაც ირანს კრიზისით ემუქრება“ – The Daily Telegraph

„მკვდარია თუ ცოცხალი? ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ჰამენეი, ალბათ, კომაშია. მისი არგამოჩენის ყოველი დღე ეჭვს აძლიერებს, რაც ირანს კრიზისით ემუქრება“ – The Daily Telegraph

0

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის” (The Daily Telegraph) 13 ივლისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით  „მკვდარია თუ ცოცხალი? ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ჰამენეი, ალბათ, კომაშია. მისი არგამოჩენის ყოველი დღე ეჭვს აძლიერებს, რაც ირანს კრიზისით ემუქრება” (ავტორი – კასრა არაბი). პუბლიკაციაში გაანალიზებულია ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაეს ხელმძღვანელ მოჯთაბა ჰამენეისთან დაკავშირებული სიტუაცია: რატომ არ ჩნდება იგი საკუთარი ხალხის წინაშე?

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლოებით:

მაფიოზური სისტემა „ნათლიმამის” სიკვდილის შემდეგ სწრაფად არ ინგრევა: მას ნელ-ნელა ბზარები უჩნდება და იშლება ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილ ოლიგარქულ კლანებად, რომლებსაც ოდესღაც ერთი ძლიერი პიროვნება აკონტროლებდა. კლანები იწყებენ ძალაუფლებისა და რესურსების გადანაწილებას… ასეთია დღეს ირანი აიათოლა ალი ჰამენეის მკვლელობის შემდეგ, ერთდროულად ომისა და მშვიდობის პირობებში.

ბევრ დასავლური მასმედია ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა „აშშ-სთან ომით უფრო გაძლიერდა”, მაგრამ ეს დასკვნა არასწორია.

რა თქმა უნდა, თვითონ რეჟიმი ისწრაფვის, რომ მოსახლეობის მასობრივი მონაწილეობა აიათოლა ალი ჰამენეის დაკრძალვაში წარმოაჩინოს როგორც ირანელი ხალხის ერთიანობად და ძლიერებად, ასევე ელიტის უნარად, ქვეყანა აკონტროლოს.

მაგრამ ზედაპირზე „ამოტივტივდა” სერიოზული უთანხმოებები და შიდა ბრძოლები, რომლებიც ხელისუფლების ვაკუუმმა (აიათოლას სიკვდილმა) წარმოქმნა. სამგლოვიარო პროცესია გახდა დემონსტრირება არა იმდენად რეჟიმის ძალისა, რამდენად მისი არამდგრადობისა: ხალხს კითხვა გაუჩნდა – სადაა ახალი ლიდერი მოჯთაბა ჰამენეი? რატომ არ ჩნდება უზენაესი ლიდერი მოსახლეობის წინაშე? მისმა არყოფნამ გაურკვევლობა გააძლიერა.

იმ დღის შემდეგ, როცა მამამისი და ოჯახის წევრები დაიღუპნენ, მოჯთაბა ჰამენეი საჯარო სივრცეში არ გამოჩენილა. იგი არ ჩანს არც ქვეყნის უზენაეს ლიდერად არჩევის შემდეგ. ვიდეო არ არის. არც აუდიო. ტელევიზიაში მის განცხადებებს მხოლოდ მეორე-მესამე პირები ახმოვანებენ. პრესაში იბეჭდება ბრძანებები ადამიანისა, რომელიც „უჩინარია” – რეალურად ვერავინ ხედავს და სიცოცხლის არავითარ ნიშან-წყალს არ ამჟღავნებს

მამამისის დაკრძალვამდე მოჯთაბა ჰამენეის სახელი ერთგვარ დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენდა რეჟიმის კლანებს შორის. რა თქმა უნდა, ისინი ერთ იდეოლოგიას ეფუძნებიან, მაგრამ თითოეულს სურს მეტი გავლენა ჰქონდეს, მეტი რესურსი და ძალაუფლება. მოჯთაბა ჰამენეის სახელის ხსენება შემკავებელ ფუნქციას ასრულებდა რეჟიმის შიგნით გაღვიძებულ უთანხმოებებში. მაგრამ ეს ყველაფერი კეთდებოდა იმ ვარაუდების საფუძველზე, რომ ახალი უზენაესი ლიდერი ცოცხალია, ქმედითუნარიანია და ძველებურად აკონტროლებს სიტუაციას.

ამჟამად რეჟიმის შიგნით სიტუაცია იცვლება. მართალია ამაზე ხმამაღლა არავინ არ ლაპარაკობს, მაგრამ სულ უფრო რთული ხდება იმ ვარაუდებისა და მოარული ხმების უარყოფა, რომ უზენაესი ლიდერი ან მართლაც ქმედითუუნაროა (კომაში იმყოფება), ან უკვე მკვდარია.

რეალურად ირანში მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცის თუ რა ხდება სინამდვილეში მოჯთაბა ჰამენეის გასაიდუმლოებულ სტატუსთან დაკავშირებით. მათგან ერთ-ერთია ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” ახალი ხელმძღვანელი აჰმად ვაჰიდი, რომელიც, სავარაუდოდ, ყველაზე გავლენიან ფიგურას წარმოადგენს დღევანდელ სიტუაციაში. ისეთი „უჩინარი”‘ უზენაესი ლიდერი – რომელიც რეალობაში ან ცოცხალია, მაგრამ უუნარო, ან უკვე მკვდარია – აჰმად ვაჰიდისათვის სასარგებლოა, რადგან მას მოჯთაბას სახელით მოქმედების შესაძლებლობა ეძლევა. ასეთი კონცეფცია – სადღაც შორს, რიგითი მოკვდავი ადამიანებისთვის მიუწვდომელი („ციდან მომზირალი”) უზენაესი ლიდერის არსებობა – შეიძლებოდა შიიტური ფუნდამენტალისტური სახელმწიფოს შემნარჩუნებელ მექანიზმად იქნას გამოყენებული.

„მალულ ლიდერთან – იმამთან” დაკავშირებული სიტუაცია საოცრად მოგვაგონებს შიიტურ ისლამში არსებულ დოქტრინას: მას შემდეგ რაც წინასწარმეტყველ მუჰამედის შთამომავალი, XII შიიტი იმამი მოჰამედ ალ-მაჰდი, როგორც ამბობენ, ჩვენი წელთაღრიცხვით 874 წელს, ბავშვობაში გაუჩინარდა, შიიტურმა სამღვდელოებამ შექმნა „დამალული იმამის” დოქტრინა, ანუ რწმენა იმისა, რომ ღმერთმა ალ-მაჰდი თავისთან წაიყვანა და რომ ერთხელაც დადგება დრო – იგი აუცილებლად დაბრუნდება და ხალხს გამოეცხადება, მისი დაბრუნების მომენტამდე კი მორწმუნენი ვალდებულნი არიან ერთგულნი იყონ „მალული იმამისადმი”.

იმ დროს სამღვდელოება თავის თავზე იღებდა დოქტრინის განმარტებებისა და კომენტირების როლს. ამჟამად კი ეს როლი „რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა” საკუთარ თავზე მოირგო. ისმება კითხვა: რამდენ ხანს გაძლებს მოჯთაბა ჰამენეის ასეთნაირად შენიღბვა? მოტყუებისა და ილუზიის სტრატეგია გაძლებს იმდენ ხანს, რამდენსაც მის მიმართ რწმენას გააგრძელებენ ერთმანეთთან მოქიშპე და დაპირისპირებული ოლიგარქულ-რელიგიური კლანები. იმის კვალობაზე, თუ როგორ დასუსტდება ეს რწმენა, ირანის ისლამური რესპუბლიკა ელიტისა და მისი მემკვიდრეობის შენარჩუნებასთან დაკავშირებულ სერიოზულ კრიზისში ჩაიძირება, რაც სისტემის გადარჩენას საფრთხეს უქმნის.

ეს იმიტომ ხდება, რომ სისტემაში, სადაც ერთმანეთთან მოქიშპე დაჯგუფებების ხელისუფლება, ფული და ინტერესები დამოკიდებულია უზენაესი ლიდერის ავტორიტეტზე, მოჯთაბა ჰამენეის ირგვლივ შექმნილი გაურკვევლობა მათსავე სიცოცხლეს ემუქრება. ახლა უკვე ყველა ბრძოლისათვის ემზადება, მათ აღარ შეუძლიათ გულზე ხელდაკრეფილნი უმოქმედოდ ელოდონ თავიანთ მომავალს, „უჩინარი” უზენაესი ლიდერის იმედით.

ირან-აშშ-ის ომის განახლების გათვალისწინებით, შესაძლოა ეს უთანხმოება მცირედ შესუსტდეს, მაგრამ არ გაქრება. ფაქტია, რომ ირანმა უდიდესი ზარალი მიიღო: თითქმის აღარ არსებობს მისი ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემა, განადგურებულია 12 300-ზე მეტი სამხედრო ობიექტი. როგორც ირანის სახელმწიფო მასმედია იტყობინება, ინფლაციამ 100%-ს გადააჭარბა, ფასები თითქმის 200%-ით გაიზარდა და ომის შედეგად მილიონამდე ადამიანი უმუშევრად დარჩა.

მნიშვნელოვანია ის, რომ მოსახლეობის ფართო ფენებში მთავრობის სიძულვილი არ გამქრალა. იანვრის ტრაგიკული მოვლენების დროს 40 ათასამდე ადამიანი დაიღუპა და ეს თვითონ მთავრობასაც კარგად ახსოვს. ხელისუფლება აცნობიერებს ახალი ანტისამთავრობო გამოსვლების შესაძლებლობას – ეს მხოლოდ დროის საკითხია.

რადგანაც აშშ და ისრაელი ირანის ისლამურ რესპუბლიკას პერმანენტულად ურტყამენ, რეალობა ისეთია, რომ ირანის მმართველი რეჟიმი, შესაძლოა, ყველაზე სუსტია 1979 წლიდან მოყოლებული.

თუმცა არის ერთი „თუ”: თუ „რევოლუციის გუშაგთა კორპუსი” შეძლებს და კიდევ ორ-სამ წელიწადს გაუძლებს აშშ-ის დარტყმებს, ანუ გადაიტანს დონალდ ტრამპის მმართველობას, მას გაუჩნდება შესაძლებლობა ჩაატაროს მასშტაბური წმენდა რეჟიმის შიგნით, ერთმანეთთან დაპირისპირებული ოლიგარქული კლანების გასანადგურებლად და დაიწყებს ახალი ისლამური წესრიგის განმტკიცებას, თავისი დომინირებით. წმენდა, ცხადია, ჩატარდება იდეოლოგიური ლოზუნგით „ჩადენილი ცოდვებისაგან განწმენდის” აუცილებლობის მოტივით, რომლის მთავარი მიზანი იქნება კორუფციის აღმოფხვრა. „რევოლუციის გუშაგები” ასეთ „წმენდებს” ადრეც ატარებდნენ ხოლმე. თუ მოვლენები ასეთი სცენარით წარიმართება, თეორიულად რეჟიმი შეიძლება უფრო ცენტრალიზებული, შემჭიდროებული და ძლიერიც კი გახდეს.

მაგრამ ახლა ისლამურ რესპუბლიკას ქარიშხალი ელოდება: რეჟიმს ორ ფრონტზე ბრძოლა მოუწევს – შიგნით და გარეთ. მოჯთაბა ჰამენეის „უჩინარობის” ყოველი დღე ეჭვებს აძლიერებს მისი ჯანმრთელობის შესახებ და საერთოდ იმაზე, არსებობს თუ არა ეს ადამიანი. და თუ მისი სტატუსი შეირყევა, ირანი ქაოსში აღმოჩნდება.

მოკლედ, არ შეცდეთ: ირანის რეჟიმი ის ხელისუფლება არ არის, რომელიც ომის შემდეგ ძლიერი გახდება. ეს არის პოლიტიკური წესრიგი, რომელიც ყველაზე სერიოზული ეგზისტენციალური კრიზისის წინაშე დგება ბოლო ათწლეულში.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/news/2026/07/12/irans-supreme-leader-is-dead-or-comatose-everything-else/