“მიხეილ სააკაშვილის გამოხედვა აღარ არის ცეცხლოვანი, აქტიური კაცის გამოხედვა” – ვალერი გელბახიანი
მიხეილ სააკაშვილს არაადამიანური თეთრი ფერი აქვს. მისი გამოხედვა აღარ არის ცეცხლოვანი აქტიური კაცის გამოხედვა – მხოლოდ აჩრდილია დარჩენილი იმისაგან, რაც ჩვენ ვიცოდით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა „პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.
„მე ექიმი არ ვარ და დიაგნოსტიკურად ვერაფერზე ვისაუბრებ, მაგრამ ვიზუალურად არც მისი მდგომარეობა მომეწონა და არც მოქმედება – წოლით რეჟიმშია, ვერ ადგა, ან არ ადგა, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ეს ვერ შეძლო. დიდი წონა აქვს დაკარგული. არაადამიანური თეთრი ფერი აქვს. მისი გამოხედვა აღარ არის ცეცხლოვანი აქტიური კაცის გამოხედვა. რა თქმა უნდა, საღ გონებაზეა, არანაირი ცვლილება არ არის, მაგრამ ფიზიკური მდგომარეობა მისი აქტივობა, მისი მოჭარბებული ენერგია თითქმის არ შეინიშნება. ვისაც ახსოვს როგორი იყო სააკაშვილი, დღევანდელი მდგომარეობით შეიძლება თქვას, რომ მხოლოდ აჩრდილია დარჩენილი იმისაგან, რაც ჩვენ ვიცოდით. მე არ ვხატავ აპოკალიფსს, რომ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა და სარეანიმაციო პირობები სჭირდება, მაგრამ ის პროცესი, რომელიც მის მკურნალობას უკავშირდება ჩვენ ვხედავთ, რომ ჯერჯერობით გამოჯანმრთელების მიმართულებით არ მიდის”, – განაცხადა ვალერი გელბახიანმა.
ადვოკატის განცხადებით, ამ დროისთვის ადვოკატების ნომერ პირველი ამოცანაა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ უცხოელი ექსპერტების ჩასართავად შესაბამისი ნებართვები გასცეს.
მისივე განცხადებით, სასჯელის გადავადების შუამდგომლობის დაყენებისთვის შესაბამისი მასალები მზადდება და აღნიშნულ საკითხზე სასამართლო სხდომები სავარაუდოდ, სექტემბერში გაიმართება.
უფლებადამცველის თქმით, პატიმრის სასჯელის გადავადების უფლებამოსილება სასამართლოს გარდა, იუსტიციის სამინისტროს აქვს.
„კანონი ამბობს, რომ ასეთ ვითარებაში, თუ ავადმყოფის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება და შესაძლოა, ლეტალური შედეგები თავიდან აცილებული ვერ იქნეს, საკითხის განხილვა სასამართლოზე, რომ არ გაჭიანურდეს, ეს უფლებამოსილება სწრაფად და ეფექტურად იუსტიციის სამინისტრომ უნდა განახორციელოს”, – განაცხადა ვალერი გელბახიანმა.