მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია 6 მაისს წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს.
ყველა მოქმედ ტაძარში დილიდან წირვა-ლოცვა აღევლინება.
წმინდა საკვირველმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და იგი საქართველოში განსაკუთრებით უყვართ. ხალხური გიორგობა სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა სახელწოდებოთ იმართება. ქართლში მას გერისთობა, უსანეთობა, ატოცობა ჰქვია; კახეთში — ალავერდობა, თეთრი გიორგობა; სამეგრელოში — ილორობა და სხვა.
წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, იგი, რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს, მხედართმთავარი გახდა.
ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. მან მრავალი სატანჯველი მოითმინა, მათ შორის – ბორბალზე გაკვრა. წმინდანს 303 წელს, 30 წლის ასაკში, მოკვეთეს თავი. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი
.
ლეგენდის თანახმად, წმმინდა გიორგის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა მისი სხეული დაანაწილა და ქვეყანაზე მიმოაბნია და ყველგან, სადაც ეს ნაწილი მოხვდა, სალოცავები დააწესა. საქართველოში არსებობდა წმმინდა გიორგის სახელობის 363 ტაძარი და სამლოცველო.
წმინდა გიორგი კაბადოკიელის კულტი მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. მას არამარტო მართლმადიდებლები, არამედ ყველა მიმართულების ქრისტიანული აღმსარებლობის მორწმუნეები კათოლიკეები, პროტესტანტები, გრიგორიანელები, მონოფიზიტები სცემენ თაყვანს. წმინდანის შესახებ ცნობები მაჰმადიანთა წმინდა წიგნში-ყურანშიც კი მოიპოვება.
ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ, 6 მაისს – წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს, დღესასწაულობს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.
ტროპარი
ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი
მოიმუშაკე ღმრთისა მიერ და გამოჩნდი მუშაკად პატიოსნად ღმრთის-მსახურებისა, გიორგი, და სათნოებათა მჭელეული შეუკრიბე თავსა თვისსა, რამეთუ ცრემლით სთესე და სიხარულით მოიმკე, სისხლი დასთხიე და მოღვაწებითა ქრისტე შეიძინე, და აწ მეოხებითა შენითა იხსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა.
ყოველი ერი გასაკუთრებულ პატივს მიაგებს რომელიმე წმიდანს, ყოველ ერს ჰყავს თავისი განსაკუთრებული ზეციური მფარველი, რომელიც ლოცულობს ერისთვის და იფარავს განსაცდელთაგან.
წმიდა გიორგი არის საქართველოს განსაკუთრებული მფარველი. ისტორიიდან ცნობილია, რომ წმიდა გიორგი ხილულადაც იბრძოდა ქართველთა ლაშქარში.
საქართველოს ბევრ ევროპულ ქვეყანაში წმიდა გიორგის სახელის მიხედვით „გეორგიას“ ეძახიან, ჩვენთან ეკლესიების უმეტესი ნაწილი წმიდა გიორგის სახელზეა აგებული. „არა არიან ბორცვნი და მაღალნი გორაკნი, რომელსა ზედა არა იყოს შჱნნი ეკლესიანი წმიდისა გიორგისანი“, – წერს ვახუშტი ბატონიშვილი.
საქართველოს მეფეების, ბაგრატიონების გერბზე წმიდა გიორგი გამოსახულია, როგორც გველეშაპის შემმუსვრელი. წინათ დიდმოწამის ხატი ქართული ლაშქრის დროშებზე აბრეშუმით იყო ამოქარგული. ბრძოლის დროს რუსთავის ეპისკოპოსს დროშა ეჭირა, მღვდლებს კი – ხატები. არცთუ იშვიათად წმიდა გიორგის გამოსახულება მეომართა ფარებზე იყო ამოტვიფრული.
საქართველოში წელიწადის ყოველ დღეს იზეიმებოდა გიორგობა, რომელიც წმიდანის სახელობის რომელიმე ტაძართან, ან მის მიერ აღსრულებულ სასწაულებთან იყო დაკავშირებული. ხალხურ მეტყველებაში შემორჩენილია 365 წმიდა გიორგის სახელით დალოცვა, რომელიც წმიდა გიორგის წელიწადის ყოველდღიურ დღესასწაულთან და საქართველოში არსებული წმიდა გიორგის 365 ნაწილთან არის დაკავშირებული.
10(23) ნოემბერს აღინიშნება წმიდანის ბორბალზე წამების დღე, რომელიც, გადმოცემით, წმიდა ნინოს დაუდგენია დღესასწაულად. ცნობილია, რომ წმიდა ნინო ნათესავი იყო წმიდა გიორგისა, განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა მას და თავის მოქცეულ ქვეყანასაც უანდერძა დიდმოწამის სიყვარული.
„მეფე უგუნური (დიოკლეტიანე) ესწრაფოდა სიკვდილსა შენსა“, – ვკითხულობთ წმიდა გიორგის დაუჯდომელ ლოცვაში, – „ჭირთა დამთმენელო გიორგი, და ვითარცა მგელსა მშიერსა, სწყუროდა სისხლი შენი, ამისთჳსცა ბრძანა ურმის თვალსა ზედა წამებაჲ და საშინელთა სატანჯველთა მიცემაჲ შენი, ხოლო შენ, უფლისა მიერ ყოველივეს დამთმენელი, სასოებით მტკიცედ ჴმობდი ღმერთსა, ალილუია“.
წმიდა გიორგი ითვლება მხედართა, მიწისმოქმედთა, მწყემსთა, მოგზაურთა მფარველად. მას ევედრებიან აგრეთვე დემონური ძალებისაგან დახსნისათვის.
ღმრთის განგებით ქართველი ერი უშუალო მფარველობისათვის ჩაბარდა წმიდა გიორგის, ამიტომაც წმიდა გიორგის დაუჯდომლის იკოსს დაემატა მუხლი: „გიხაროდენ უძლეველო წინამბრძოლო ქართველთა ერისა და მფარველო ჩვენი ეკლესიისაო“.
„წმიდა გიორგი არის სიმბოლო გამარჯვებისა, საქართველოს ძლევამოსილი გამარჯვებისა. აი, ჩვენს წინაშე არის ორი პიროვნება – წმიდა გიორგი და იმპერატორი დიოკლეტიანე, სიმბოლო სიკეთისა და ბოროტებისა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის ყოველთვის იყო და იქნება, ვიდრე დედამიწა იარსებებს. ამიტომ ერთადერთი ძალა, რომელიც ადამიანს, ერს, ქვეყანას ამ ბრძოლის დროს შეეწევა, ღვთის ძალა და მადლია. თქვენ გახსოვთ, წმიდა გიორგი სისხლით რომ იცლებოდა, მოესმა ხმა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი: „ნუ გეშინინ, გიორგი, მე შენთანა ვარ“. დღეს ჩვენც გვესმის, სრულიად საქართველოს ესმის ეს ხმა უფლისა: „საქართველო, ნუ გეშინინ, მე შენთანა ვარ!“ ჩვენთან არს ღმერთი და ვერავითარი მტერი ვერ სძლევს საქართველოს, რადგან ჩვენი მფარველი არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დედა – განგებითა ღვთისათა პატრონი საქართველოსი, დიდი დიასახლისი ჩვენი ქვეყნისა.
ჩვენი მფარველნი არიან წმიდა ნინო, წმიდა გიორგი, წმიდა ნიკოლოზი და მრავალი ის წმიდანი, მოწამე, ღირსი მამა, მღვდელმთავარი, რომელიც ადიდებდა ღმერთს და თავისი ცხოვრებით მოიხვეჭა მადლი უფლისა. და აი, ამ წმიდათა მოწამეთა და ღირსთა მამათა, მღვდელმთავართა და ყოველთა წმიდათა ლოცვით, ვერავითარი მტერი ვერ სძლევს საქართველოს.“ („კათოლიკოს-პატრიარქი ილია II )