1. Home
  2. TOP სიახლე
  3. კობა კობალაძე აბუ-დაბიში ,,TAPS”-ის გლობალური ფედერაციის ფორუმზე იმყოფება
კობა კობალაძე აბუ-დაბიში ,,TAPS”-ის გლობალური ფედერაციის ფორუმზე იმყოფება

კობა კობალაძე აბუ-დაბიში ,,TAPS”-ის გლობალური ფედერაციის ფორუმზე იმყოფება

252
0

მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში_ აბუ-დაბიში, საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,TAPS”-ის („Tragedy Assistance Program for Survivors” – ტრაგედიის დახმარების პროგრამა მარჩენალდაკარგულთათვის”) ეგიდით გამართულ გლობალური ფედერაციის ფორუმის გახსნის ცერემონიალს დაესწრო; აღნიშნული საერთაშორისო დონის ღონისძიებაში, რომელიც 4 დეკემბრამდე გასტანს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ომის, შეიარაღებული კონფლიქტებისა და სამხედრო სამსახურის დროს დაღუპული მებრძოლების ოჯახებზე მზრუნველი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები იღებენ მონაწილეობას; კობა კობალაძე, ფორუმზე, ,,TAPS”-ის დამფუძნებლისა და პრეზიდენტის, ქალბატონი ბონი ქეროლის ოფიციალური მიწვევით იმყოფება.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ქალბატონ ბონი ქეროლსა და ფორუმის ორგანიზატორებს, მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა:” დღევანდელი შეკრება ძალიან მნიშვნელოვანია, რამეთუ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, შესაძლებლობა გვეძლევა, ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება, რომელიც ჩვენი ქვეყნების ღირსეული შვილების_ვეტერანების, მათი ოჯახის წევრთა და მარჩენალდაკარგულთა წინაშე არსებული გამოწვევების გადალახვის დროს დაგვიგროვდა; შევიმუშაოთ ერთობლივი პროექტები ამ გამოწვევათა დასაძლევად და ერთიანი ძალისხმევით ვიაროთ მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცების გზაზე. მით უფრო დღეს, როცა მშვიდობა ყველაზე სანუკვარ ოცნებად იქცა ჩვენს მეგობარ ქვეყნებში არსებულ საომარ დაპირისპირებათა ფონზე. ისრაელში, სადაც ქვეყანა ტერორიზმსა და მის უმწვავეს შედეგებს ამ წუთამდე ებრძვის! უკრაინაში, სადაც უკრაინელ მებრძოლებთან ერთად, რუსული აგრესიის წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლაში, 58 ჩემი თანამემამულე გმირულად დაეცა; ვიღაცისთვის, ეს, შეიძლება, უბრალო სტატისტიკაა, ჩვენთვის კი_უდიდესი ტრაგედია! მე მახსენდება გასული საუკუნის 90-იან წლებში, აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული უკრაინელი მებრძოლის,ლეონიდ ობუხის მამის სიტყვები, წარმოთქმული შვილის ცხედართან: ,,თუ რუსებს, დღეს, მდინარე გუმისთაზე ვერ შევაჩერებთ, ხვალ დნეპრის ნაპირებზე მოგვიწევს თავის დაცვა”! სამწუხაროდ, შვილმკვდარი მამის ეს სიტყვები, ერთგვარ წინასწარმეტყველებადაც კი იქცა. ჩვენ, ქართველებს, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, არა ერთგზის მოგვიხდა საკუთარი ქვეყნის მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა, რომელმაც ათასობით ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილის სიცოცხლე შეიწირა! ჩვენ კარგად ვუწყით ომის აუწერელ ტრაგედიას და მშვიდობის შეუფასებელ ღირებულებას; სწორედ ამიტომაა დასაფასებელი ჩემი ქვეყნის ხელისუფლების პრაგმატული, სამშვიდობო პოლიტიკა, მით უფრო დღეს, ბირთვული იარაღის ეპოქაში! ბრძოლას მშვიდობისათვის ალტერნატივა არ აქვს და ეს, აქ მყოფებმა, ყველაზე უკეთ ვიცით! აგრესიას, ტერორიზმს, არ აქვს საზღვრები, ეროვნება და მათ ერთობლივად უნდა ვებრძოლოთ! სწორედ ამიტომაა დღევანდელი ფორუმი მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ მადლობა ქალბატონ ბონი ქეროლს! მშვიდობა მინდა გისურვოთ ყველას! ”

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მაისში, ამერიკის ვეტერანთა დეპარტამენტის ოფიციალური მიწვევით, კობა კობალაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფო დეპარტამენტსა და არასამთავრობო სექტორთან მაღალი რანგის შეხვედრები გამართა. აღნიშნულ ვიზიტს, წინ უსწრებდა სამსახურში ბონი ქეროლის ოფიციალური სტუმრობა, რომლის დროსაც დაიგეგმა ,,TAPS”-სა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ერთობლივი პროექტების განხორციელება; ამ მიზნით, ვაშინგტონში, კობა კობალაძემ და ქალბატონმა ბონი ქეროლმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ინფორმაციისთვის, ქალბატონი ბონი ქეროლი ამერიკელი ვეტერანის, გარდაცვლილი ბრიგადის გენერლის, ტომი ქეროლის მეუღლეა. ტომი ქეროლი 1992 წელს, სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის დროს, 7 ოფიცერთან ერთად დაიღუპა. 1994 წელს, ბონი ქეროლმა, ომში დაღუპულთა ოჯახების მხარდასაჭერად, ორგანიზაცია „Tragedy Assistance Program for Survivors” ( “TAPS’) დააარსა და მათი თანადგომისთვის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს სხვადასხვა მხარდამჭერ პროექტებსა და ღონისძიებებს, ატარებს სემინარებს.