“ირანის შემდეგ აშშ შეიძლება ისრაელს შეუტრიალდეს: ორი ქვეყნის მტკიცე და განსაკუთრებული ურთიერთობები ინგრევა”-New Statesman
ბრიტანულ ჟურნალში „ნიუ სთეითსმენში“ (New Statesman) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „ირანის შემდეგ აშშ შეიძლება ისრაელს შეუტრიალდეს: ორი ქვეყნის მტკიცე და განსაკუთრებული ურთიერთობები ინგრევა“ (ავტორი – ფრედი ჰოვარდი). „ირანთან ომმა აშშ-ში ანტი ისრაელური განწყობები გააძლიერა. ორივე პარტიის – რესპუბლიკურისა და დემოკრატიულის – ამომრჩევლებში ისრაელის მიმართ ცუდი დამოკიდებულება იზრდება, რასაც ნეგატიური შედეგები ექნება ორივე ქვეყნისათვის, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
როცა თებერვალში ბენიამინ ნეთანიაჰუ თეთრ სახლში დონალდ ტრამპს ეწვია, მან აშშ-ის პრეზიდენტს ირანის წინააღმდეგ ომის სცენარი გააცნო: „ისრაელმა მაღალჩინოსნების ადგილსამყოფელი იცის, უზენაესი ლიდერის ჩათვლით. მათ დაბომბვებით დახოცავს. თეირანი ჰორმუზის სრუტეს ვერ ჩაკეტავს. ისრაელის არმია ლიბანში ირანის მოკავშირე „ჰეზბოლას“ გაანადგურებს. „მოსადი“ ირანელებს აჯანყებისკენ მოუწოდებს, ისლამური რეჟიმი დაეცემა“. დონალდ ტრამპი დაეთანხმა. მაგრამ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ განვითარდა. ომის დაწყებიდან თითქმის თვე ნახევარი გავიდა და ირანს ისევ მოლები მართავენ. ჰორმუზის სრუტე ჩაკეტილია. ირანის მოსახლეობა არ აჯანყებულა. ისრაელმა ლიბანში ომის სწრაფი დასრულება ვერ მოახერხა, „ჰეზბოლა“ წინააღმდეგობას უწევს. გამოდის, რომ ისრაელმა ამერიკა შეცდომაში შეიყვანა. ირანში ყველაფერი თითქმის ვენესუელასავით უნდა მომხდარიყო, რეალურად კი ისე არ გამოვიდა.
ახლა დონალდ ტრამპი ცდილობს ეს ხათაბალა როგორმე თავიდან მოიშოროს. როგორც ირკვევა, ჯერ ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმს ვენსი და შემდეგ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მაინც და მაინც თავს არ იკლავდნენ ომის დაწყებისათვის. სარწმუნო წყაროები ამბობენ, რომ მარკო რუბიომ ისრაელის სადაზვერვო მონაცემებს, რომ ირანში აჯანყება მოხდება და რეჟიმი დაეცემაო, სისულელე უწოდა. მართლაც ასე მოხდა: ბენიამინ ნეთანიაჰუმ სპეციალური მოწოდებით მიმართა ირანელ ახალგაზრდებს, ქუჩებში გამოსულიყვნენ და საკუთარი მთავრობა დაემხოთ, მაგრამ მოწოდებს არავინ არ გამოეხმაურა.
ადრე თუ გვიან ამ წინასწარ განწირული ომისათვის განტევების ვაცი იქნება საჭირო. ვინ შეაცდინა დონალდ ტრამპი? ისრაელი და მისი პრემიერ-მინისტრი სულ უფრო შეესაბამება პრეზიდენტის შემცდენელის როლს. ხომ არ არის ეს აშშ-ისრაელის ტრადიციული ურთიერთობის დასასრულის დასაწყისი?
ორი სტრატეგიული მოკავშირის ურთიერთდამოკიდებულება უკვე საკმაო ხანია ფუჭდება. ისრაელი აშშ-ში არაპოპულარულია. გამოკითხვების შედეგები ორივე პარტიაში ფართო ანტი ისრაელურ განწყობას აფიქსირებს: დღეს ამერიკელთა 60%-ს ისრაელის მიმართ ნეგატიური განწყობა აქვთ. ერთი წლის წინათ მათი რაოდენობა 53% იყო, 2022 წელს კი მხოლოდ 42%. ეჭვის ქვეშ დგება რწმენა – მუდმივად დაიცავს და შეაიარაღებს ამერიკა ისრაელს?
დემოკრატიული პარტია ნოემბრის კონგრესის შუალედური არჩევნებისაკენ მიდის არა ტრანსატლანტიზმის განმტკიცების, უკრაინის დახმარებისა და ჩინეთის გავლენის ზრდის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის მოწოდებით, არამედ ისრაელთან კონფრონტაციით.
რესპუბლიკურ პარტიაში MAGA-ს მარჯვენა ფრთაში პოპულარული ხდება იდეა, რომლის მიხედვით, ისრაელი ამერიკით მანიპულირებს საკუთარი მიზნების მისაღწევად. სულ რაღაც ხუთი წლის წინათ ისრაელისადმი მხარდაჭერა რესპუბლიკელებისათვის ისეთივე მშობლიური თემა იყო, როგორც აბორტების დაგმობა. ამჟამად რესპუბლიკელებისა და დემოკრატების პოზიცია ისრაელთან მიმართებით თითქმის ერთნაირია. ამერიკელი ახალგაზრდები ისრაელისაგან დისტანცირებენ. მათი რწმენით, ისრაელი აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. და ეს ყველაფერი პირდაპირ ჯდება დევიზში „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“. თაკერ კარლსონი, რომლის პრეზიდენტობის კანდიდატობა სულ აშკარად იკვეთება, ყოველდღიურად შტამპავს ისრაელის კრიტიკას, რომელიც ელვისებურად ვრცელდება სოციალურ ქსელებში. ისრაელი ამერიკელი დიპლომატების თვალში ნდობას კარგავს. (…)
დღეს სწორედ ისრაელის გამო ირღვევა აშშ-ირანის დაზავების პირობები, მათ შორის ის, რომ ცეცხლის შეწყვეტა ყველა ფრონტზე უნდა მოხდეს. ბენიამინ ნეთანიაჰუ კი ლიბანში „ჰეზბოლას“ დაბომბვას აგრძელებს.
ირანელები აცხადებენ, რომ დაზავება ლიბანზეც ვრცელდება, აშშ კი იძულებულია ისრაელს მხარი დაუჭიროს და ირანს უპასუხოს, რომ ვაშინგტონს თეირანისთვის ასეთი პირობა არ მიუცია. ამით მტკიცდება იმის შეგრძნება, რომ ისრაელი აშშ-ის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. ისრაელი ამერიკას უგუნურ რეგიონულ ომში ითრევს თავისი ვიწრო მიზნების მისაღწევად.
ორ ქვეყანას თავიდანვე განსხვავებული სამხედრო მიზნები ჰქონდათ. შესაძლოა ერთობლივი ოპერაცია „ეპიკური მრისხანება“ აშშ-სა და ისრაელის ურთიერთობებში ნამდვილი და განსაკუთრებული დამოკიდებულების უმაღლეს მაჩვენებლად დარჩეს, მაგრამ ეს არის პიკი, რომლის იქით უკვე დაცემის ეტაპი იწყება.