პროფესიული განათლების მიმართ სახელმწიფოს მიდგომა არის მომავალზე გათვლილი, მომავალზე ორიენტირებული. ხარისხიანი სწავლება არის ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთი მყარი საფუძველიც და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით რეგიონებში სწავლების ხელმისაწვდომობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Skillwill-ში ახალი კოლეჯისა და MIT Open Learning-თან თანამშრომლობის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხელისუფლების ამოცანაა, მოქალაქეებს, ასაკის, შემოსავლის და საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, ჰქონდეთ პროფესიის შეძენის და კვალიფიკაციის ამაღლების სათანადო პირობები.

„თანამედროვე სასწავლო გარემო ახალგაზრდებს საკუთარ ქალაქში, საკუთარ რეგიონში განვითარების და საქართველოში დარჩენის საშუალებას აძლევს, ხოლო ადგილობრივ ბიზნესს სპეციალისტების მოზიდვაში ეხმარება - სწორედ ამისათვის გაიხსნა და მუშაობს Skillwill-ის კამპუსები ქუთაისსა და ბათუმში.
ზოგადად მინდა აღვნიშნო, რომ ყველა კვლევის თანახმად კვალიფიციური კადრები არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, როგორც კერძო სექტორისთვის, ისე საჯარო სექტორისთვის და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, პროფესიული განათლების განვითარებას ენიჭება განსაკუთრებულზე განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩვენ სტუდენტებს ვთავაზობთ სათანადო პირობებს სახელმწიფო დაფინანსებით - ახალგაზრდებსაც და მათაც, ვისაც საქმიანობის სფეროს შეცვლა სურს, სწავლის საფასურის გადახდის გარეშე შეუძლიათ პროფესიის დაუფლება ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის Skillwill-ში. ეს არის ქვეყნის მომავალში ჩადებული ინვესტიცია: ცოდნა მოქალაქეს აძლევს დასაქმების საშუალებას, შემოსავლის გაზრდის საშუალებას, ხოლო ბიზნესს ამარაგებს კვალიფიციური კადრებით. ამიტომ დაფინანსებას ჩვენ სწავლების ხარისხს, პრაქტიკულ მომზადებას და შრომის ბაზრის მოთხოვნებს ვუკავშირებთ, რასაც 50-ზე მეტ კომპანიასთან კოლეჯის პარტნიორობაც, ბუნებრივია, უწყობს ხელს.
პროფესიული განათლების მხარდაჭერით მოქალაქეებს მეტ შესაძლებლობას ვუქმნით, ვაძლიერებთ რეგიონებს და ვავითარებთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას: მადლობა Skillwill-ის ხელმძღვანელობას, მადლობა მთლიანად Skillwill-ის გუნდს, მადლობა ბატონ ვაკო თურნავას, რომელიც ამ ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელია, მადლობა პედაგოგებს, საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებს. ყველას ძალიან დიდი მადლობა. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ღირებული წამოწყება, ძალიან ღირებული ინიციატივა, ძალიან ღირებული სასწავლებელი და შესაბამისად, თითოეული თქვენგანი იმსახურებს განსაკუთრებულ მადლობას, ყველას მინდა წარმატებები გისურვოთ სამომავლო საქმიანობაში,"- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.