1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “გირჩი” ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
“გირჩი” ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

“გირჩი” ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

216
0

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ფასების სტაბილურობის დარღვევის მიზანმიმართული ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

 

„ჩვენ გადავწყვიტეთ შევქმნათ დროებითი საგამოძიებო კომისია, რომლის მთავარი გამოძიების საგანი იქნება ეროვნული ბანკის და კომერციული ბანკების შეთანხმებული მოქმედება. 2020-2021 წლებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვნად გაზარდა ფულის მიწოდება, რაც 2021 წლის მეორე ნახევარში ორნიშნა ინფლაციაში გამოიხატა. გაზრდილი ფულის მიწოდების პირობებში, კომერციულმა ბანკებმა რეკორდული მოგება მიიღეს. იმის გათვალისწინებით, რომ კომერციული ბანკების და მათთან აფილირებული ორგანიზაციების წარმომადგენლები მთელი ეს პერიოდი ეროვნული ბანკის პოლიტიკას იცავდნენ, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეროვნულ ბანკზე კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულება – ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა უგულებელყოფილი იყო საბანკო სისტემის სუბსიდირებისთვის“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

 

რაქვიაშვილის განცხადებით, სახეზეა კონსტიტუციის 68-ე მუხლის დარღვევა, რაც პარლამენტს უჩენს ვალდებულებას, აღნიშნული გადაწყვეტილებების გარემოებები გამოიძიოს.

 

„გირჩი“ გეგმავს დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში, სამი თვის განმავლობაში საკითხის შესწავლის მიზნით საჯაროდ გამოკითხოს საქმესთან დაკავშირებული პირები.

 

 

„იმ ვითარებაში, როცა ცოტანი ვართ ოპოზიციაში ასეთი საგამოძიებო კომისიის შექმნა რთულია. მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური პოზიციებისა, მოვუწოდებთ ყველა პარტიას, პოლიტიკოსს, დამოუკიდებელ დეპუტატს, რომ მხარი დამიჭირონ, რათა უკვე სექტემბერში გვქონდეს შანსი შევქმნათ ეს საგამოძიებო კომისია“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.