აშშ-ის გაზეთ „ლოს-ანჟელეს ტაიმსში" (Los Angeles Times - იბეჭდება კალიფორნიის შტატში), რუბრიკით „მოგზაურობა", გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: "საქართველო: 8000-წლიანი მეღვინეობის ტრადიცია, მაღალი დონის ღვინის საწარმოები და ლუქს-კლასის ტურიზმის ახალი ეპოქა" (ავტორი - ემბერ გიბსონი), რომელშიც გადმოცემულია საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის მთავარ რეგიონში - კახეთში გაშენებული ვაზის ჯიშებისა და მათგან წარმოებული ქართული ღვინოების დამახასიათებელი თვისებები.
პუბლიკაციაში ასევე განხილულია როგორც ღვინის მწარმოებელი მსხვილი კომპანიების საქმიანობა (ქართული ღვინოების წარმოჩენით), ასევე ტურისტებისთვის საინტერესო მომენტებიც: კახეთის ღირსშესანიშნაობები, ქართული სამზარეულო, სასტუმროები და ა.შ.
როგორც ცნობილია, კალიფორნია აშშ-ის წამყვან ღვინის მწარმოებელ რეგიონს წარმოადგენს, სადაც ამერიკული ღვინის მთლიანი მოცულობის დაახლოებით 80%-ზე მეტი მზადდება. შესაბამისად, საინტერესო ფაქტია, რომ კალიფორნიის შტატის გაზეთი კახეთისა და კახური ღვინოების რეკლამირებას ეწევა.
გთავაზობთ ვრცელი სტატიის შემოკლებულ ვარიანტს:
კახეთი თბილისიდან სულ რაღაც ორი საათის სავალზე მდებარეობს. კახეთში ერთმანეთს ერწყმის ქართული მეღვინეობის 8-ათასწლოვანი ტრადიცია და ასობით ღვინის ქარხანა, სადაც სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ ქარვისფერი ღვინოები, ქვევრებში - თიხის დიდ ჭურჭლებში - ფერმენტირებული.
ელიტური ღვინის ტურიზმის ახალი მიმართულება პროექტ „გილაურის" (Gilauri) საფუძველზე ხორციელდება, რომელიც ორიენტირებულია საკოლექციო ღვინოების დასამზადებლად საფერავის ჯიშის გამოყენებაზე.
სტუმრებს შეუძლიათ დაათვალიერონ ისტორიული მარნები, დააგემოვნონ ადგილობრივი დელიკატესები და ღამით დარჩნენ სასტუმროებში - თანამედროვე კომფორტით, ქართული სამზარეულოს საუკეთესო კერძებით და გაეცნონ ღვინის დამზადების მდიდარ ტრადიციას.
კახეთში ვაზის (ყურძნის) ასობით ავტოქთონური ჯიშია ცნობილი, მათგან ყველაზე პოპულარულია „მწვანე", „ქისი", „რქაწითელი", „ხიხვი" და „საფერავი".
კახეთში ყურძნის კრეფა (რთველი) ძირითადად სექტემბერში ხდება, რაც მშვენიერი დროა საქართველოში ვიზიტისთვის: სექტემბერში ამინდებიც კარგია, არ ცხელა და ყველაფერი ჯერ კიდევ მწვანეა. საერთოდ კი, რა თქმა უნდა, სტუმრები კახელებისთვის წლის ყველა დროს სასურველი და სასიამოვნოა.
კომპანია Gilauri ირაკლი გილაურმა შექმნა, რომელიც ღვინოების დიდი კოლექციონერია - ღვინოებისა ბორდოდან, ბურგუნდიიდან და კალიფორნიიდან. საკუთარი ღვინოების შექმნისას ირაკლი გილაური თანამშრომლობს ცნობილ მეღვინე მიშელ როლანთან. მისი ღვინოების დებიუტი 2027 წლის დასაწყისში შედგება.
„მე ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ ნიადაგს ვაზისთვის", - ამბობს ირაკლი გილაური. მისი ხუთი ვენახიდან თითოეულს თავისი უნიკალური ტიპის ნიადაგი აქვს. მაგალითად, გომბორის ქედზე გაშენებული ვენახების ნიადაგის ზედა ფენა მდიდარია კვებითი ნივთიერებებით, რომლის ქვეშ არის კირქვები, ცარცი, მურა თიხა და მდინარის ხრეში. „ცარცის ფხვნილი ვენახებისთვის კოკაინს ჰგავს", - იცინის ირაკლი, - „ამიტომაც ვამზადებ მსოფლიოში საუკეთესო ღვინოს".
პუბლიკაციაში აღწერილია აგრეთვე გომბორზე არსებული Gilauri-ს სადეგუსტაციო დარბაზი, რომელიც ფრანგი არქიტექტორის, ედუარდ ტუტონის, მიერ არის აგებული შუა საუკუნეების თუშური კოშკების მსგავსად. ავტორი აღნიშნავს „დაკიშვილის" (Dakishvili) ოჯახურ ღვინის საწარმოს, „ხარებას" (Khareba) და სხვებს.
ავტორი განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებს თელავზე - კახეთის მთავარ ქალაქზე, „სადაც უამრავი რესტორანია საუკეთესო ქართული საჭმელებით, მათ შორის რესტორანი „დოლი". „თუ თქვენ ცოტა მეტი ალკოჰოლი მიიღეთ, უნდა მოინახულოთ ლუდის რესტორანი „ალხანაიძე", სადაც ნაბახუსევიდან გამოსასვლელად საუკეთესო საშუალებას შემოგთავაზებენ..."
„კახეთის მეღვინეობის ისტორია რომ უკეთ გაიგოთ, უნდა დაათვალიეროთ სამონასტრო კომპლექსი „ნეკრესი", სადაც გაიგებთ, რომ ქართველი მართლმადიდებელი ბერები ღვინოებს ჯერ კიდევ მეცხრე საუკუნეში აყენებდნენ, თანაც იმ დროისთვის არსებული შთამბეჭდავი სანიტარული ნორმების დაცვით".
პუბლიკაციის დასასრულს ჩამოთვლილია ღირსშესანიშნავი ადგილები, სადაც ტურისტები თავს კომფორტულად იგრძნობენ და რომლებშიც ერთმანეთთან შეთავსებულია როგორც სასტუმრო, ისე ღვინის საწარმო: მაგალითად, „ვაზისუბნის მამული", „წინანდლის მამული" და სხვა.
