,,განცხადებებების დაწერა და სიების ჩახსნა არანაირ კავშირში არ არის ლეგიტიმაციასთან” – ზაზა თავაძე
ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ძალა, რომელიც მოწყვლადი იქნება რომელიმე მხარისთვის, იქნება ეს ე.წ. ხელისუფლება, თუ ოპოზიციური სპექტრი, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ზაზა თავაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში, „დღის თემა“ განაცხადა.
„შესაბამისად, ჩვენ ვრჩებით იმ პოზიციაზე, რა პოზიციაც გვქონდა თავიდანვე. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ დაახლოებით, ორი თვის წინ, რომ არ დავწერდით განცხადებებს და ჩვენი პოლიტიკური ძალის მიერ არ მოხდებოდა ამის გაკეთება, ვინაიდან ვფიქრობდით, რომ ერთადერთი ბერკეტი, როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური, არ უნდა გადაცემულიყო ივანიშვილის ხელში და მას არ უნდა მისცემოდა შანტაჟის საშუალება ჩვენს პოლიტიკურ ძალაზე, შეგვიწყვეტდა, თუ არ შეგვიწყვეტდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას. დღევანდელმა დღემაც ჩვენა, რომ ჩვენ სწორად მოვიქეცით თავის დროზე“, – განაცხადა თავაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ფორმით გამოიხატება ამ შემთხვევაში მათი მხრიდან არჩევნების არაღიარება, საპარლამენტო ბოიკოტირება, რადგან პარტიამ დაფინანსებაზეც არ თქვა უარი, რაზეც ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა კოლეგამაც მიანიშნა, რომ ეს ირიბად ნიშნავს საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარებას, ზაზა თევზაძემ განაცხადა, რომ განცხადებებების დაწერა და სიების ჩახსნა არანაირ კავშირში არ არის ლეგიტიმაციასთან, არც სამართლებრივად და არც პოლიტიკურად.
„თქვენ როგორც ხედავთ, იმ სკეპტიკოსებს, რომლებიც ორი თვის წინაც ამბობდნენ, რომ ჰქონდათ კითხვის ნიშნები, დღეს უკვე, ალბათ, ეს კითხვის ნიშნები მოეხსნათ. რადგან ჩვენ არ ვართ პარლამენტში, ჩვენ არ ვაძლევთ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას და ვაგრძელებთ იმ პოზიციას, რომ ე.წ. პრეფიქსი ამ ხელისუფლებას არ მოშორდება იქამდე, ვიდრე არ დაინიშნება ახალი არჩევნები და ვიდრე ქართველი ხალხის ნება, მათი კონსტიტუციური უფლებები არ იქნება დაცული და რეალიზებული, რასაც ახლა არ აქვს ადგილი“, – განაცხადა თავაძემ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, როგორ აისახება პოლიტიკურ პროცესზე ხელისუფლების გადაწყვეტილება 49 დეპუტატისთვის მანდატების გაუქმების შესახებ, ზაზა თავაძემ აღნიშნა, რომ ეს ძალიან ცუდად აისახება.
„მე ვხედავ იმას, რომ ე.წ. ხელისუფლება პოლარიზაციას კიდევ უფრო მეტად აძლიერებს და ამას მოწმობს ზუსტად დღევანდელი გადაწყვეტილება. ალბათ, დამერწმუნებით, რომ დღეს ამ გადაწყვეტილებას ალბათ, ჩვენი თანამოქალაქეების უმრავლესობა არ ელოდა, რომ ასეთ ხისტ გადაწყვეტილებას მიიღებდა ივანიშვილი. მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ამის ახსნაც შეიძლება იმ მხრივ, რომ მას უკან დასახევი გზა ფაქტობრივად, აღარ აქვს, არ დაიტოვა. შესაბამისად, უწევს აი, ასეთი ხისტი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც თითქოს მას რაღაც ძალას სძენს და ამით უნდა, აჩვენოს, როგორც მის პარტიას, ასევე საზოგადოებას, თითქოს არის ძლიერი. მაგრამ როდესაც შენს მოსახლეობას უპირისპირდები საპოლიციო ძალებით, შენს მოქალაქეებს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე აპატიმრებ და სინდისის პატიმრები გყავს, საქართველოს ისტორიას არ ახსოვს 60-ზე მეტი სინდისის პატიმარი ხომ, ეს შენს ძლიერებაზე არ მოქმედებს. ეს მოქმედებს მის სისუსტეზე“, – განაცხადა თავაძემ.
შეკითხვაზე, რა იყო დღეს ყოფილი პრეზიდენტის მონაწილეობით დიპლომატებთან შეხვედრის მიზანი და აქვს თუ არა ამას კონკრეტული შედეგები, თავაძემ თქვა, რომ ოპოზიცია პერიოდულად არის პრეზიდენტთან კონსულტაციებში. პარტიის წარმომადგენლები ზოგჯერ, ფიზიკურად ვერ დაესწრნენ შეხვედრებს, თუმცა პარტია ძირითადად, ესწრება მასთან შეხვედრებს. თავაძის თქმით, დღევანდელ შეხვედრას პარტიის წარმომადგენელი ესწრებოდა და არის ძირითადი საკითხები, სადაც პარტიას მასთან გადაკვეთა აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აბსოლუტურად ყველა ყოველთვის ერთ აზრზე უნდა იყოს.
„ჩვენ, პრეზიდენტთან ერთად, რა თქმა უნდა, ვიზიარებთ იმ აზრს, რომ საქართველო დასაბრუნებელია კვლავ დასავლურ ვექტორთან, სადაც ჩვენ ვიყავით უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად და ჩვენ ვიყავით პირველი და ლიდერი ქვეყანა, მაგრამ ახლა აღმოჩნდა, რომ „ოცნების“ ამ არაგონივრული პოლიტიკის საფუძველზე საერთოდ შეჩერდა ევროინტეგრაციის პროცესი 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც საერთო სახალხო მღელვარება გამოიწვია“, – განაცხადა თავაძემ.