1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „გახშირებული თავდასხმები მოსკოვზე – რატომ ვერ რეაგირებს კრემლი ეფექტურად?“ – Voice of America
„გახშირებული თავდასხმები მოსკოვზე – რატომ ვერ რეაგირებს კრემლი ეფექტურად?“ – Voice of America

„გახშირებული თავდასხმები მოსკოვზე – რატომ ვერ რეაგირებს კრემლი ეფექტურად?“ – Voice of America

346
0

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანიის „ამერიკის ხმის“ (Voice of America) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „გახშირებული თავდასხმები მოსკოვზე – რატომ ვერ რეაგირებს კრემლი ეფექტურად?“, რომელშიც განხილულია რუსეთის შეიარაღებული ძალების ჰაერსაწინააღმდეგო დაცვაში არსებული ხარვეზები და ნაკლოვანებები. რამდენად იყო მზად კრემლი მსგავსი ტიპის თავდასხმებისათვის?

გთავაზობთ პუბლიკაციას:

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მოსკოვზე დრონებით თავდასხმები გახშირდა. კრემლი აცხადებს, რომ ეს ტერორისტული აქტებია, რომლის უკანაც კიევი დგას. უკრაინის ხელისუფლება მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებს.

დრონებით პირველი თავდასხმა მოსკოვზე გაზაფხულზე დაფიქსირდა. მაშინ, დრონმა კრემლის ტერიტორიაზე შეაღწია და კომპლექსის ერთ-ერთი შენობის თავზე აფეთქდა. აფეთქებამ სახურავი დააზიანა, რომელიც მალევე შეკეთდა. რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებმა მას შემდეგ თქვეს, რომ მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდებოდა.

გამკაცრებული უსაფრთხოების ზომების მიუხედავად, მას შემდეგ, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით არაერთი თავდასხმა განხორციელდა. მხოლოდ ივლისში ასეთი ორი შემთხვევა დაფიქსირდა, 4 ივლისს და შემდეგ 29 ივლისს. ორივე შემთხვევაში, მოსკოვის “ვნუკოვოს” აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა.

29 ივლისს, დრონებით თავდასხმა მოსკოვის ბიზნეს კვარტალში მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დრონი 50 სართულიან ბიზნესცენტრის შენობას შეეჯახა და აფეთქდა. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა ან დაღუპულა, თუმცა თავდასხმის დროს შენობის რამდენიმე სართული დაზიანდა.

“უკრაინა ძლიერდება და ომი თანდათან უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას, მის სიმბოლურ ცენტრებსა და სამხედრო ბაზებს“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და განმარტავს, რომ ”ეს არის გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ თავდასხმაში 3 უკრაინული დრონი იყო ჩართული, რომელთაგან 2 დროულად გააუვნებელყვეს.

მოსკოვზე გახშირებული თავდასხმების ფონზე, ანალიტიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ რუსეთ ამ ტიპის თავდასხმებისთვის მზად არ იყო.

“ვფიქრობ, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვა, განსაკუთრებით მოსკოვის ირგვლივ, ორიენტირებულია სხვა სახის საფრთხეებზე, როგორიცაა ფრთოსანი რაკეტები, ბალისტიკურ რაკეტები, თვითმფრინავები და ა.შ. მაგრამ, არა მოკლე დისტანციურ უპილოტო თვითმფრინავებზე, რომლებიც ძალიან დაბალ სიმაღლეზე დაფრინავს. ეს აჩვენებს, რომ აქამდე რუსეთის ფოკუსი შეერთებულ შტატებზე და მისგან მომდინარე შესაძლო საფრთხეებზე იყო, ანუ იმაზე, თუ რა შეეძლო ამერიკას გაეკეთებინა და არა იმაზე, თუ რა შეიძლება მოიმოქმედოს მეზობელმა, დრონების დახმარებით. ასე რომ, ვფიქრობ, რუსული საჰაერო თავდაცვა უბრალოდ არ იყო მზად ამგვარი თავდასხმებისთვის“, – ამბობს მარკ კანსიანი ამერიკის შეერთებული შტატების თადარიგის პოლკოვნიკი.

ორჯერ აფეთქებული ყირიმის ხიდი

რუსეთი მზად არ აღმოჩნდა ყირიმის ხიდის დასაცავადაც. ბოლო რამდენიმე თვეში, ხიდზე ორი თავდასხმა მოხდა. ანალიტიკოსები ამბობენ, ქერჩის ხიდზე, რომელიც რუსეთს ანექსირებულ ყირიმთან აკავშირებს, იერიში საზღვაო დრონებით განხორციელდა, რომელიც წყლის ზედაპირზე გადაადგილება და მაღალი სიზუსტით გამოირჩევა. „ერთი დრონის ფასი, საშუალოდ, 250 000 ამერიკული დოლარია“,- ნათქვამია სააგენტო „როიტერის“ მასალაში.

„არ ვფიქრობ, რომ ეს სამხედრო კუთხით რამეს შეცვლის, ეს შეიძლება იყოს რუსებისთვის გზავნილი. ერთგვარი თქმა იმის, რომ ტკივილის მიყენება მათაც შეუძლიათ“, – ამბობს ჯეიმ ნიქსი „ჩატამ ჰაუსიდან“.

საზღვაო დრონებმა შეაღწია რუსეთის მიერ უკანონოდ ანექსირებული ყირიმის პორტებშიც. თუმცა, კრემლმა ამ იერიშების მოგერიება შეძლო. დრონებს, რომლებსაც უკრაინა იყენებს, მხოლოდ ხელოვნურად შექმნილი ბარიერები აჩერებს, იქნება ეს ბადეები თუ ხელოვნური კუნძულები. გახშირებული თავდასხმების გამო, კრემლმა პორტებში დამატებითი ბარიერები ააშენა.

დრონები ფრონტის ხაზზე

უკრაინა, რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის პირობებში, ტრადიციულ იარაღთან ერთად, აქტიურად იყენებს თანამედროვე შეიარაღებას, მეტწილად კი აქცენტს დრონებზე აკეთებს. ამ დროისთვის, კიევს 300-ზე მეტი დრონის პატენტი აქვს შექმნილი და მისი წარმოება ყოველთვიურად იზრდება.

კიევი, ამ დროისათვის, ფლობს მოწინავე სამხედრო დრონებს. თუმცა, რაოდენობრივად ყველაზე მეტად კიევი კომერციულ დრონებზეა დამოკიდებული, რომლებიც სამხედრო მისიების შესასრულებლად არის ადაპტირებული. ამ დრონების ღირებულება, საშუალოდ, 2 ათასი დოლარია. ჯავშანტრანსპორტიორი ან ტანკი კი, რომელსაც დრონი ანადგურებს, საშუალოდ რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი ღირს.

„სამწუხაროდ, არ შეგვიძლია ჩვენს მაყურებელს ყველაფერი ვაჩვენოთ, ვაჩვენოთ რეალურად რამხელაა ჩვენი წარმოება და რა ტიპის დრონებს ვამზადებთ. რუსები გამუდმებით ამბობენ, რომ ჩვენი დრონები ეფექტური არ არის, თუმცა ფაქტები სხვას მიუთითებს. გარდა ამისა, ჩვენ ბოლო თვეებში მნიშვნელოვნად გავზარდეთ დრონების წარმოება“, – ამბობს „დრონ ლაბის“ დამფუძნებელი მაქსიმ შერემეტი.

დრონების წარმოების ზრდა უკრაინას ნამდვილად სჭირდება, რადგან ბრიტანეთის სამეფო სამხედრო ინსტიტუტის კვლევაში ნათქვამია, რომ კიევი ფრონტზე ერთ თვეში საშუალოდ 10 000 დრონს კარგავს.

წყარო