ქვემო ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან მეექვსე ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
შს მინისტრის განცხადებით, სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია. ადგილზე ა საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდება.
მისი თქმით, სამაშველო სამუშაოების შედეგად, დღის განმავლობაში შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს ხუთი ადამიანი, ხოლო დღის მეორე ნახევარში ნაგრევებიდან ექვსი გარდაცვლილის ცხედარი ამოიყვანეს.
„მეხანძრე-მაშველების მიერ, საერთო ჯამში, საბედნიეროდ, ხუთი მოქალაქე იქნა გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში. მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვი, რომლის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ამ ხუთი ადამიანიდან ერთის მდგომარეობა არის მხოლოდ კრიტიკულად მძიმე. ასევე, სამწუხაროდ, დღის მეორე ნახევარში ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ ექვსი გარდაცვლილი მოქალაქე, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. პირველ რიგში, მინდა, მათ ოჯახებს, ოჯახის წევრებს, ახლობლებს მივუსამძიმრო“, – განაცხადა თამაზაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, ქვემო ფონიჭალაში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს.
