ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.

 

გრძელდება ერთი პირის ძებნის სამუშაოები. პროცესში მაშველებთან ერთად ჩართულია მძიმე ტექნიკაც.

 

მანამდე ნანგრევებიდან მაშველებმა ოთხი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.

 

მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს მცირეწლოვანი გოგონა. როგორც ინგოროყვას კლინიკაში განაცხადეს, გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში დღეს გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. უბედური შემთხვევის შედეგად ნანგრევებში შვიდი ადამიანი იყო მოყოლილი.

 

სამძებრო სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ევაკუირებულია მოსახლეობა. თბილისის მერის ინფორმაციით, შესაბამისმა სამსახურმა დაასრულა კორპუსის შემოწმება მდგრადობაზე.

 

შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი და კერა იდენტიფიცირებულია.

 

მეხუთე სართულზე მცხოვრებმა მოქალაქემ განაცხადა, რომ ღამით გაზქურის ჩართვას უშედეგოდ ცდილობდა, დილით გაზის ანთება ახლიდან სცადა რასაც აფეთქება მოჰყვა. წინასწარი ინფორმაციით, მას გაზქურის ონკანი ღია დარჩა.