“ფიცო მოულოდნელად ზელენსკის დაუმეგობრდა? ექსპერტი განმარტავს, თუ რა ხდება სლოვაკეთის პრემიერსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის”
არცთუ დიდი ხნის წინათ რობერტ ფიცომ ვოლოდიმირ ზელენსკი სლოვაკეთის „მტრად“ შერაცხა, რამდენიმე დღის წინ კი, 4 მაისს ერევანში შეხვედრის დროს, „მტერს“ შეურიგდა, მეგობრულად ესაუბრა და ბრატისლავაში სტუმრად მიიწვია“, – წერს ჩეხური გამოცემა „აქტუალნე“ (Aktuálně) სტატიაში სათაურით „ფიცო მოულოდნელად ზელენსკის დაუმეგობრდა? ექსპერტი განმარტავს, თუ რა ხდება სლოვაკეთის პრემიერსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის“ (ავტორი – მათიაშ ზრნო).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ჯერ კიდევ გასულ წელს სლოვაკელმა პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ თქვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ომის გაგრძელებით არის დაინტერესებული, რათა ხელისუფლება შეინარჩუნოსო. სლოვაკმა ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრას არ აპირებს – იმიტომ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი მის მიმართ სიძულვილით არის განწყობილი. სწორედ იმ დროს რობერტ ფიცომ უკრაინის მეთაურს სლოვაკეთის მტერი უწოდა.
მაგრამ ახლა, როცა სლოვაკი პრემიერი უკრაინის პრეზიდენტს ერევანში 4-5 მაისს გამართულ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე შეხვდა, ყველაფერი შეიცვალა.
ტრანსფორმაცია თუ ტრადიცია?
სომხეთის დედაქალაქში ყოფნის დროს რობერტ ფიცო ვოლოდიმირ ზელენსკის მეგობრულად ესაუბრებოდა და ბრატისლავაში სტუმრად მიიწვია. თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც იგი კიევში მიიპატიჟა და დაპირდა, რომ სლოვაკ სტუმარს პატივისცემით უმასპინძლებდა. რობერტ ფიცომ დაადასტურა, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს უკრაინის მიღებას ევროკავშირის წევრად. მათ მოილაპარაკეს ორივე ქვეყნის მთავრობების ერთობლივ სხდომებზე და თანამშრომლობაზე ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში. და ბოლოს, რობერტ ფიცომ მეგობრულად შესთავაზა ვოლოდიმირ ზელენსკის გაეზიარებინა სლოვაკეთის პოზიტიური გამოცდილება ევროკავშირში მიღების პროცესში.
გარეგნულად ისე ჩანს, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის მიმართ პოზიცია შეიცვალა.
მაგრამ, სლოვაკური გამოცემის Postoj-ს შეფ-რედაქტორის მოადგილის იოზეფ მაიხრაკის აზრით, არაფერი გრანდიოზული არ ხდება: „როგორიც არ უნდა იყოს დაძაბულობა კიევს და ბრატისლავას შორის, ის რაც დღეს ხდება, ადრეც ხდებოდა. რობერტ ფიცო არასოდეს ეჭვის ქვეშ არ აყენებდა უკრაინის მიღებას ევროკავშირში და კიევს ყოველთვის მხარს უჭერდა. სხვათა შორის, ეს საკითხი სლოვაკეთის ხელისუფლების სამოქმედო პროგრამის ერთ-ერთ პუნქტს წარმოადგენს. ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ორი ქვეყნის მთავრობების ერთობლივი სხდომები ადრეც ტარდებოდა ხოლმე“.
ჟურნალისტის თვალსაზრისით, სლოვაკეთის პრემიერის რობერტ ფიცოს პოზიცია ყოველთვის გარკვეულად განსხვავდებოდა უნგრეთის ექს-პრემიერის ვიქტორ ორბანის პოზიციისაგან. მით უმეტეს, რომ ამჟამინდელი სიტუაცია უკვე განსხვავდება იმ დროინდელი ვითარებისაგან, როცა ვიქტორ ორბანი უნგრეთის ლიდერი იყო. უნგრეთის პარლამენტის არჩევნებში ორბანის დამარცხებამ რობერტ ფიცოს გავლენა ევროკავშირში შეასუსტა. დასამალი არ არის, რომ რობერტ ფიცო არ არის ვიქტორ ორბანის მსგავსი მსხვილი მოთამაშე და მისგან განსხვავებით, მზად არ არის ევროკავშირის ფონდებიდან თანხების ჩარიცხვაზე უარი თქვას“.
პოლიტიკა აზიმუტის გარეშე
იოზეფ მაიხრაკის თქმით, რობერტ ფიცო ყველა მიმართულებით თამაშობს: „იგი ძველებურად აკეთებს ფსონს სლოვაკეთის პრორუსულ საზოგადოებაზე, მაგრამ იმავდროულად სიგნალს აძლევს ევროკავშირს, რომ მზად არის პრაგმატულობა გამოავლინოს და პრობლემები არ შექმნას“.
ქვეყნის შიგნით რობერტ ფიცო ცდილობს პრორუსული ორიენტაციის ამომრჩევლებისგან მტკიცე მხარდაჭერა ჰქონდეს, ამიტომ პრემიერი მათ „ხარკს უხდის“ და 9 მაისს მოსკოვში მიემგზავრება. მას ასევე შეუძლია რაღაც საკითხზე ისევ შეედაოს ვოლოდიმირ ზელენსკისაც.
„რობერტ ფიცოს უკვე საკმაო გამოცდილება აქვს იმისთვის, რომ პრაგმატიზმით შენიღბოს თავისი საგარეო პოლიტიკური ნაბიჯები, ხოლო საშინაო პოლიტიკური – გაამძაფროს. იგი ასეთი მეთოდებით ყოველთვის სარგებლობდა“, – ამბობს იოზეფ მაიხრაკი.
ვიშეგრადული იმედები
რობერტ ფიცოს ასევე არ სურს მთლიანად თქვას უარი „ვიშეგრადის ოთხეულის“ (ჩეხეთი-უნგრეთი-სლოვაკეთი-პოლონეთი) ფორმატზე, რომელსაც იგი დიდი ხანია თვლის რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში „ვიშეგრადის ოთხეული“ პარალიზებულია უკრაინის ომის ირგვლივ მიმდინარე დავებით, სლოვაკი პრემიერი, როგორც იოზეფ მაიხრაკი ამბობს, ძველებურად არის დარწმუნებული, რომ მას „მეორე სუნთქვა“ გაეხსნება. „რობერტ ფიცო ყოველთვის მხარს უჭერდა „ვიშეგრადის ოთხეულის“ არსებობას“, – აღნიშნავს სლოვაკი ჟურნალისტი.
მაგრამ თანამშრომლობის განახლება, როგორც ჩანს, დაფუძნებული იქნება არა იმდენად გეოპოლიტიკაზე (ამ სფეროში წევრებს შორის ისევ მნიშვნელოვანი უთანხმოებაა), არამედ უფრო პრაქტიკულ თემებზე.
იოზეფ მაიხრაკის თქმით, რობერტ ფიცო საკმაოდ გამხნევებულია იმით, რომ უნგრეთში ვიქტორ ორბანის დამარცხების შემდეგ ჩეხეთში მას მაინც ჰყავს თანამოაზრე – პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში. „შესაბამისად, ზოგიერთ საკითხში მათი თანამშრომლობა შეიძლება უფრო ინტენსიური გახდეს“, – ვარაუდობს სლოვაკი ჟურნალისტი.