1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ევროპული საქართველო – მითი თუ რეალობა?
ევროპული საქართველო –  მითი თუ რეალობა?

ევროპული საქართველო – მითი თუ რეალობა?

696
0

აზერბაიჯანის რუსულენოვანი გამოცემა „ზერკალო“ (Зеркало) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ევროპული საქართველო: მითი თუ რეალობა?“ (ავტორი – ჰუსეინბალა სალიმოვი), რომელშიც მიმოხილულია საქართველოში შექმნილი ვითარება.

„მინდა ევროპულ საქართველოში ვიცხოვრო!“, – დიახ, ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ეს ლოზუნგი ყოველდღიურად ისმის და შეიძლება ითქვას, უკვე ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს“, – ნათქვამია პუბლიკაციაში, რომელშიც განმარტებულია მიტინგების მიზეზები – ოპოზიცია და საერთოდ, საქართველოს პროდასავლურად განწყობილი საზოგადოება უკმაყოფილოა მთავრობის მოქმედებით, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესს დაყოვნებით წარმართავს.

„მაშინ როცა სულ ცოტა ხნის წინათ საქართველო მოწინავე პოზიციებზე იყო ევროკავშირთან დაახლოების საკითხში, დღეს თბილისს, კიევმა და კიშინიოვმა გადაუსწრო, რაც ფრიად სამწუხარო მოვლენაა ქართველი დასავლოფილებისათვის. უკრაინა და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღეს, საქართველომ კი არა“, – აღნიშნულია სტატიაში.

მაინც რა არის საქართველოს ასეთი „ჩამორჩენის“ მიზეზები?

„დიახ, ჩვენი მეზობელი ქვეყნის ხელისუფლებას დემოკრატიის პრინციპების დარღვევას საყვედურობენ, მაგალითად, ბრიუსელი უკმაყოფილებას გამოხატავს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების გამო. თითქოსდა ამ საკითხს საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, გლობალური თვალსაზრისით, არ უნდა დაეყოვნებინა, მაგრამ ასეთი „მცირე დეტალებით“ ქვეყნის არასასურველი იმიჯი იქმნება. პლუს ბრალდება, რომ საქართველო ოლიგარქიულ ქვეყანას წარმოადგენს, რომლის „ფარული ლიდერი“ ბიძინა ივანიშვილი რუსეთის პოლიტიკის გამტარებელია. თუმცა, სამართლიანნი თუ ვიქნებით, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, რომელიც ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის გუნდად ითვლება, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ უამრავ გეოპოლიტიკურ იარლიყს აწებებენ, სრულიადაც არ ატარებს პრორუსულ პოლიტიკას. საქართველოს დღემდე არ აქვს დამყარებული არათუ მჭიდრო, არამედ ჩვეულებრივი სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობა. თბილისსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობაც დიდი ხნის გაწყვეტილია“, – ხაზგასმულია სტატიაში.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი არგუმენტები სერიოზულია, მაგრამ არა მთავარი. ავტორი გამოთქვამს ვარაუდებს: საქართველოს კანდიდატის სტატუსი იმიტომ არ მიანიჭეს, რომ თბილისმა მხარი არ დაუჭირა ანტირუსული სანქციებისადმი მიერთების მოწოდებას.

„გარდა ამისა, ევროკავშირი, როგორც ჩანს, გარკვეულ ბალანსს იცავს სამხრეთკავკასიური სახელმწიფოების – სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართ“, – წერს ავტორი, თუმცა იქვე შენიშნავს, რომ ბრიუსელს თბილისის მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენა მართებს – საქართველო ევროკავშირისა და ნატოს ინტერესებს ყველგან და ყოველთვის ერთგულად იცავდა…

 

პუბლიკაციის დასასრულს ნათქვამია, რომ ნატო და ევროკავშირი ხშირად „ორმაგი სტანდარტით“ მოქმედებს: ზოგი წლობით მუშაობს და შრომობს, რომ მიზანს მიაღწიოს [იგულისხმება, საქართველო], ზოგისთვის კი [იგულისხმება უკრაინა და მოლდოვა] საკმარისია ერთი განცხადება და მისი სურვილი იმავ წუთს ასრულდება…“.

წყარო