1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ევროკავშირს ნატოსათვის ზიანის მიყენება შეუძლია”- The Daily Telegraph
“ევროკავშირს ნატოსათვის ზიანის მიყენება შეუძლია”- The Daily Telegraph

“ევროკავშირს ნატოსათვის ზიანის მიყენება შეუძლია”- The Daily Telegraph

203
0

ბრიტანული გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „ევროკავშირს ნატოსათვის ზიანის მიყენება შეუძლია“ (ავტორი – ლიამ ფოქსი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებული სახით:

ათწლეულების განმავლობაში ევროპის კავშირი თავის ხედვებსა და მიზნებს ეწინააღმდეგებოდა: არის თუ არა ევროკავშირი მხოლოდ თანამოაზრე დამოუკიდებელი სახელმწიფოების სავაჭრო-ეკონომიკური ბლოკი თუ მისი მისია უფრო მჭიდრო კავშირის შექმნით განისაზღვრება?

ეს საკითხი ხშირად ითვლება ევროპის პოლიტიკაში მომხდარი აქტიური მოვლენების მიზეზად. 2016 წელს ბრიტანულმა საზოგადოებამ იგრძნო, რომ ბრიუსელში დომინირება ევროფედერალიზმმა დაიწყო და ამიტომ ლონდონმა გადაწყვიტა თავისი გზით წასულიყო, დიდი ბრიტანეთის სუვერენიტეტისა და აყვავების უზრუნველყოფის მიზნით.

გასულ კვირას, ევროპარლამენტის არჩევნების დროს ყველამ დაინახა, თუ როგორი წარმატება მოიპოვეს ულტრამემარჯვენე და ნაციონალისტურმა პარტიებმა, რაც ბრიტანეთისთვის შემაშფოთებელ მოვლენას წარმოადგენს.

ევროკავშირის ფედერალისტური პროექტის შემდგომი ეტაპი იქნება იმ მნიშვნელოვანი ფუნქციის დაქვემდებარება, რაც სახელმწიფოს დამოუკიდებლობას გამოხატავს – თავდაცვის სფეროს კონტროლი. ბრიუსელში ამჟამად დიდი დებატები მიდის, თუ როგორ მიაღწიონ ამ მიზანს. გადასცემენ თუ არა ევროკავშირის წევრი-სახელმწიფოები თავიანთ შეიარაღებულ ძალებს ევროკავშირის სარდლობის დაქვემდებარებაში? ან იქნებ ბრიუსელმა ყველა იმ თავდაცვითი საწარმოების გაკონტროლება მოითხოვოს, რომლებიც მის ფარგლებში მდებარეობენ და ამით ყველა წევრი ცენტრზე დამოკიდებული გახადოს?

საბედნიეროდ, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი აღარ არის და ამიტომ მას თავისი საკუთარი თავდაცვითი პოლიტიკა აქვს – რასაკვირველია, ნატოსთან ერთად, მაგრამ ევროკავშირისგან დამოუკიდებლად. სწორედ ამიტომაც არის, რომ ლონდონი, ევროკავშირის წევრებისაგან განსხვავებით, უფრო აქტიურად და გაბედულად მოქმედებს უკრაინის დასახმარებლად. დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებლობამ ჩვენ საშუალება მოგვცა თანმიმდევრული და სწრაფი თანადგომა გაგვეწია კიევისათვის: ჩვენ პირველებმა მივაწოდეთ უკრაინას ტანკები იმ დროს, როცა ამაზე არავინ არ ფიქრობდა, პირველებმა მივეცით ისეთი რაკეტები, რომელთა მეშვეობით უკრაინის არმია რუსეთს მისსავე ტერიტორიაზე ურტყამს… მოკლედ, ჩვენ პირველები ვართ მაშინ, როცა ჩვენი პარტნიორები ჯერ კიდევ ყოყმანობენ და შემდეგ ჩვენ გვბაძავენ.

ჩვენი დამოუკიდებლობის გათვალისწინებით, ბრიუსელში (და ალბათ, ჩვენთანაც) შეიძლება მოიძებნონ ისეთი ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ ევროკავშირის თავდაცვითი გეგმები დიდი ბრიტანეთის საქმე არ არისო., მაგრამ ეს მცდარი თვალსაზრისია – იმიტომ, რომ ევროპის თავდაცვითი კავშირის შექმნა უშუალოდ მოახდენს გავლენას ნატოზე და კონტინენტის უსაფრთხოებაზე.

რატომ არიან სახელმწიფოები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები? იმიტომ, რომ ისინი სუვერენული სახელმწიფოებს წარმოადგენენ, მათ საერთო ინტერესები აერთიანებთ ევროატლანტიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ნატოს წევრი არ არის, რადგან მათ ევროპული სამხედრო-პოლიტიკური პროექტის სჯერათ.

შესაბამისად, ევროკავშირის სამხედრო-თავდაცვითი პროექტს შეუძლია ძირი გამოუთხაროს ნატოს კოლექტიურ უსაფრთხოებას სამი მიზეზით:

პირველი – ფინანსური ფაქტორი. ამჟამად ნატოს ევროპელი წევრების მხოლოდ მცირე რიცხვს თუ აქვს თავისი სამხედრო ბიუჯეტი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2%-ზე მეტი. ნატოს ხარჯების 80% კი მოდის იმ ქვეყნებზე, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან (მაგალითად, აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი…).

ალიანსის ევროპელი წევრები ვალდებულები არიან თავიანთი სამხედრო ხარჯები მშპ-ის 2%მდე გაზარდონ. ბუნებრივია, თუ ევროკავშირი სამხედრო სტრუქტურების შექმნას დაიწყებს, მაშინ მისი წევრების სამხედრო ბიუჯეტები ნატოს მოაკლდება.

მეორე – ორგანიზაციული სტრუქტურების დუბლირება. რატომ უნდა დაჭირდეს ევროკავშირს ახალი სამხედრო სტრუქტურის შექმნა, როცა ნატო არსებობს?

მესამე – ევროკავშირის პოლიტიკური სისუსტის რისკი. დიდმა ბრიტანეთმა ეს ძალიან კარგად იცის, მაგრამ ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ევროკავშირის თავდაცვითი ინიციატივები ნატოს შესაძლებლობებს არაფერს არ შემატებენ, პირიქით კი მოხდება – ჩაეფლობიან დებატებში და ბიუროკრატიულ წინააღმდეგობებში, დაიწყებენ ვეტოების დადებას და თავს აარიდებენ პასუხისმგებლობას.

ლონდონის ანალიტიკური ცენტრის Legatum Institute-ს მიერ მომზადებულ მოხსენებაში განხილულია თავდაცვითი ალიანსის შექმნა ევროკავშირის ჩარჩოებში და ის რისკები, რომლებიც დიდი ბრიტანეთის წინაშე შეიძლება გაჩნდეს. შეშფოთებას იწვევს ის, რომ ლეიბორისტულ პარტიას აქვს გეგმა ევროკავშირთან უსაფრთხოების პაქტის დადების თაობაზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ჩავვარდებით ისეთ სიტუაციაში, როცა ვთქვათ, ევროკავშირს სამხედრო დახმარება დაჭირდება დიდი ბრიტანეთისაგან… ნატოს გარეშე, რაც ალიანსის კოლექტიურ უსაფრთხოებას დაასუსტებს.

ევროკავშირში პარალელური სტრუქტურების შექმნის მცდელობები მცდარია და დიდი რისკია, რომ ისინი ძვირადღირებულ და პატივმოყვარე პროექტებად გადაიქცნენ. მაშინ, როცა მსოფლიოს უსაფრთხოების მიმართ მუქარები აშკარაა, ლეიბორისტებმა არ უნდა გარისკონ და არ უნდა დაიწყონ ევროკავშირთან ჩვენი თავდაცვითი სისტემით თამაში.

წყარო: