“ჩვენი დაყოფა ვერ მოხდება იმის გამო, რომ გაზი მწირია” – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბაერბოკი მიესალმა ევროკავშირის მასშტაბით გაზის დაზოგვის ძალისხმევას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი ერთიანი იქნება რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შემცირების წინაშე.
„ჩვენი დაყოფა არ მოხდება იმის გამო, რომ გაზი მწირია. ერთად ვდგავართ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სიგნალი რუსეთის პრეზიდენტისთვის“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მანამდე ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა, კადრი სიმსონმა განაცხადა, რომ „გაზპრომის“ განცხადება, რომ კიდევ უფრო შეამცირებს ევროპაში გაზის მიწოდებას, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა.
25 ივლისს, კომპანია „გაზპრომმა“ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის კიდევ ერთი ტურბინის გათიშვა გამოაცხადა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, 27 ივლისიდან გაზის ნაკადის დღიური მოცულობა 33 მილიონი კუბური მეტრი იქნება.
„გაზპრომი“ ტურბინის შეჩერების მიზეზად შესაბამისი მარეგულირებლის მითითებებსა და დანადგარის ტექნიკურ მდგომარეობას ასახელებს.