1. Home
  2. TOP სიახლე
  3. უკრაინაში მშვიდობა არ იქნება სანამ რუსეთი არ დამარცხდება – სენატორი ერნსტი
უკრაინაში მშვიდობა არ იქნება სანამ რუსეთი არ დამარცხდება – სენატორი ერნსტი

უკრაინაში მშვიდობა არ იქნება სანამ რუსეთი არ დამარცხდება – სენატორი ერნსტი

309
0

აშშ-ის რადიო “ამერიკის ხმამ” (Voice of America) ინტერვიუ ჩამოართვა ამერიკელ სენატორს, რესპუბლიკელ ჯონი ერნსტს (აიოვის შტატიდან), რომელშიც იგი რუსეთ-უკრაინის ომს ეხება და თურქეთისა და საქართველოს შესახებაც საუბრობს.

„ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას აგრძელებს. ამის შედეგად რუსეთმა უკრაინაში თავდაპირველად დასახულ მთავარ სტრატეგიულ მიზნებს ვერ მიაღწია. შეერთებულმა შტატებმა და მოკავშირე ქვეყნებმა უკრაინის დასახმარებლად უფრო მეტი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ რუსეთი უკრაინაში დამარცხდეს და ქვეყანაში განმეორებით შეჭრის საშუალება აღარ მიეცეს“, – ამბობს სენატორი.

კითხვა: თურქეთი შავი ზღვის ქვეყანა და  ნატოს მნიშვნელოვანი წევრია, მაგრამ უცნაურია მისი ურთიერთობა რუსეთთან. რას ფიქრობთ თურქეთზე და მის როლზე?

ჯონი ერნსტი: თურქეთი ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული მოკავშირეა ჩვენთვის, განსაკუთრებით ნატოს ფარგლებში. გამამხნევებელია ის, რომ მათ მიანიშნეს, რომ ფინეთის და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას არ შეწინააღმდეგებიან. ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. თუმცა, ჩემთვის უცნობია, როგორია ერდოღანის ურთიერთობა პუტინთან და რა არის დისკუსიები, რომლებიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. იმედი მაქვს, რომ ერდოღანს ესმის ნატოს წევრობის მნიშვნელობა და ჩვენი ერთიანობის მნიშვნელობა. ვნახოთ რა მოხდება. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყველა ერთი და იგივე მიმართულებით მივდივართ.

კითხვა: ნატოს მადრიდის სამიტზე, თქვენ საქართველოს პრემიერ-მინისტრ [ირაკლი ღარიბაშვილს] კონგრესის დელეგაციასთან ერთად შეხვდით. როგორია თქვენი შთაბეჭდილება საქართველოზე, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე მოოვლენების ფონზე, ასევე ზოგიერთი ბოლოდროინდელი განცხადების ფონზე ევროპელებისგან? თქვენი აზრით, სად არის საქართველო დღეს?

ჯონი ერნსტი: დიახ, მე ძალიან გამიხარდა ის, რომ შევძელით საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ნატოს სამიტის დროს. მე უბრალოდ ვეტყოდი პრემიერ-მინისტრს და ყველა ადამიანს საქართველოში, რომ მათ უნდა შეინარჩუნონ დადებითი დამოკიდებულება და უნდა გააგრძელონ წინსვლა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. თუმცა, ასევე ცოტა უსამართლოდ მიმაჩნია ის, რომ სხვა ერები ცდილობდნენ საქართველოს უკარნახონ ის, თუ რა უნდა იყოს მისი ღირებულებები. იმის გამო, რომ საქართველო სოციალურად კონსერვატიული ქვეყანაა, არ ნიშნავს იმას, რომ მათ შესაძლებლობებზე უარი უნდა ვუთხრათ. ვაფასებ, რომ პრემიერ-მინისტრმა ორპარტიულ დელეგაციასთან შევხედრისთვის დრო გამოყო… და კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა მათ, რომ დარჩნენ პოზიტიური და გააგრძელონ წევრობისკენ სვლა, რადგან ეს მნიშვნელოვანია.

ვიმედოვნებ, რომ შეერთებული შტატების ურთიერთობა საქართველოსთან დარჩება ძლიერი და კვლავ გავაგრძელებთ მასთან მუშაობას. მათ შეუძლიათ იყვნენ ევროკავშირის ძალიან ღირებული წევრი და ვიმედოვნებ, რომ უფრო ლიბერალური ქვეყნები, რომლებიც ამ დისკუსიებში მონაწილეობენ, მათ ევროკავშირის ღირებულ წევრად აღიქვამენ.

 

წყარო