
ძალიან მძიმეა, რაც უკრაინაში მოხდა, აშშ-ის პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს, რათა მოხდეს შეთანხმება და ჩვენ მხარი დავუჭირეთ გაერო-ში აშშ-ის მიერ წარდგენილ რეზოლუციას -კახა კალაძე
თბილისის მერის განცხადებით, სამი წელი, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებიდან გავიდა, საქართველოს ხელისუფლებისთვისაც რთული იყო, ვინაიდან მასზე დიდი ზეწოლა მიმდინარეობდა. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს აღნიშნული თემის კომენტირებისას განუცხადა.
„არ იყო მარტივი. თქვენ გახსოვთ, თუ როგორი შემოტევა მიდიოდა საქართველოს ხელისუფლებაზე, რა ზეწოლა იყო. იყო უამრავი შეურაცხყოფა, ცილისწამება, მუქარები, რომელიც დღესაც გრძელდება, თუმცა ჩვენ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, დავდექით ძალიან მტკიცედ. ამ გამოწვევას მივუდექით ძალიან პრინციპულად და გავატარეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები – არ შევუერთდით სანქციებს, რომელიც იქნებოდა დამანგრეველი საქართველოს ეკონომიკისთვის, მეორე ფრონტის გახსნით კი, შეიძლება, სახელმწიფოებრიობა საერთოდ დაგვეკარგა. დღეს მარტივია საუბარი ამ ყველაფერზე, მაგრამ გახსოვთ, თუ რამხელა შემოტევა იყო იმ უსამშობლო რადიკალების მხრიდან, რომლებიც გარედან ფინანსდებოდნენ, აგენტურა მაქვს მხედველობაში, ასევე გარეთა ძალები. ამასთან დაკავშირებით ამერიკის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ძალიან ბევრი ისაუბრა და მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა „დიფ სთეითის“ დამარცხება, რასაც ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. შესაბამისად, ძალიან რთული იყო ეს სამი წელი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
ამასთან, მისივე თქმით, მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა, შესაბამისად, საქართველომ მხარი დაუჭირა აშშ-ის მიერ გაერო-ში წარდგენილ სამშვიდობო რეზოლუციას.
„ძალიან კარგი იქნებოდა, რომ მომხდარიყო ამ ომის თავიდან არიდება, რაც, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო. ჩვენ იმიტომ ვართ პოლიტიკაში და იმიტომ გვირჩევს ხალხი, რომ საფრთხეები ავარიდოთ ქვეყანას. სამწუხარო და ძალიან მძიმეა, რაც უკრაინაში მოხდა, მაგრამ ცხადია, რომ ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს. აშშ-ის პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოხდეს შეთანხმება და, რა თქმა უნდა, ჩვენ მხარი დავუჭირეთ აღნიშნულ რეზოლუციას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება კითხვას, თუ რა გზით შეიძლებოდა ომის თავიდან აცილება, მერი ამბობს, რომ პოლიტიკოსებს იმისთვის ირჩევს ხალხი, რომ მათ ქვეყანას საფრთხეები აარიდონ.
„ჩვენ, პოლიტიკოსები, რატომ ვართ პოლიტიკაში? ცხადია, არსებობს გამოწვევები. თქვენ წარმოიდგინეთ, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო ამ აგენტურის ნებისმიერი წარმომადგენელი და არა „ქართული ოცნება“, საქართველოში გვექნებოდა იგივე კატასტროფული მდგომარეობა, რაც დღეს, სამწუხაროდ, უკრაინაში ხდება. ჩვენ ეს უკვე ნანახი გვაქვს, გამოვლილი გვაქვს 2008 წლის ომი, ყველას კარგად გვახსოვს, რამხელა უბედურება მიიღო ქვეყანამ და დღესაც ვერ მოგვიშუშებია ჭრილობები. შესაბამისად, პოლიტიკაში იმისთვის ვართ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა საფრთხეები ავარიდოთ ქვეყანას და ვიმოქმედოთ, პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. არავის უნდა მიეცეს შესაძლებლობა, თუნდაც რომელიმე უფრო დიდ, ძლიერ ქვეყანას, მისი ინტერესები იყოს გატარებული ჩვენი ქვეყნის მკვლელობის, გაუბედურების ხარჯზე“, – აღნიშნა თბილისის მერმა.