მიხეილ სააკაშვილი – სრულიად სამარცხვინოდ “ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ” არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში, იმედია, გამოჩნდებიან პატიოსანი არასამთავრობოებიც, რომლებიც ამ უსამართლობაზე ხმას ამოიღებენ
სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ” ჩემი ტყვეობის მეხუთე წელს, არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში. სინამდვილეში, ეს ერთი წუთით არ გამკვირვებია. სწორედ ქართულმა არასამთავრობო სექტორმა შეიტანა დიდი წვლილი ჩემი რეფორმატორული მთავრობის დისკრედიტაციაში და ივანიშვილის მოყვანაში. ამდენი წელი, ეს მოღვაწეები, სრულიად ურცხვად არ იღებენ არანაირი პასუხისმგებლობას ამაზე, უფრო მეტიც დღემდე მე მაბრალებენ ივანიშვილის მოყვანას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, სწორედ ამ სიჩუმით, არასამთავრობო ორგანიზაციებს დიდი წვლილი აქვთ შეტანილი დიქტატურის ჩამოყალიბებაში.
„კარგი, დავუშვათ ამდენი წელი თვალს იბრმავებდით და ვერ ხვდებოდით, რომ რუსული რეჟიმი მოიყვანეთ. ნუთუ ბოლო ორი წელი არ იყო საკმარისი, რომ გათავისუფლებულიყავით სააკაშვილის კომპლექსისგან და თუნდაც ახლა მაინც აღიარებდეთ, რომ მთავარი პოლიტპატიმარი და რეჟიმისთვის და რუსეთისთვის მთავარი პრობლემა ვარ სწორედ მე?
ეს არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ პოლიტიკა უნდა განახლდეს და მათი ხელმძღვანელები რატომღაც 15-20 წელი არიან მომსხდარი ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელ თანამდებობებზე, თავისი კარგი ცხოვრებით. სწორედ ამიტომ არანაირი ავტორიტეტი ხალხში თქვენ არ გაქვთ, ხალხი თქვენ გთვლით არაგულწრფელ, არაეფექტურ გრანტიჭამიებად.
და როგორ გამოვიდა, რომ ევროსაბჭო, რომელსაც თქვენ მოიხმობთ, თავის მრავალრიცხოვან რეზოლუციებში მასახელებს პოლიტპატიმრად და პუტინის პირად ტუსაღად, იგივე ეხება ევროპარლამენტს და ემნესთი ინთერნეიშენალს და თქვენ არ გაგყავართ იგივე კატეგორიებში.
ხმა არ ამოგიღიათ ოპოზიციის მასობრივ პოლიტიკურ დევნაზე ქოცების პირველივე წლებიდან, აქებდით „სასამართლო რეფორმის რამდენიმე ტალღას”. ხმა არ ამოგიღიათ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ძალადობაზე და მასობრივ მოსყიდვაზე, 2020 წლის გაყალბებაზე.
სწორედ ამ თქვენი სიჩუმით, დიდი წვლილი გაქვთ შეტანილი დიქტატურის ჩამოყალიბებაში და სხვათა შორის, სიტყვა დიქტატურის გამოყენებას დღემდე დემონსტრაციულად არიდებთ თავს.
სანამ არ აღიარებთ თქვენს პასუხისმგებლობასაც დღეს შექმნილ სიტუაციაში, სანამ არ აღიარებთ თქვენივე შეცდომებს, მათ შორის ახლა ჩემ მიმართ დაშვებულ დანაშაულებრივ შეცდომას, თურმე მართლა პიჯაკების ყიდვისთვის ვარ ტყვეობაში და ახლა არ მასამართლებდნენ პოლიტიკური გამონათქვამისთვის, მანამ ვერანაირ სერიოზულ როლს თქვენ საქართველოში ვერ ითამაშებთ.
ვთხოვ ყველა სამართლიან ადამიანს, საკადრისი პასუხი გასცეს ამ ცრუ „გამჭვირვალობას”, სირცხვილი მათ.
PS.
თრანსფარენსმა გააკეთა ახალი განმარტება, რომ პოლიტპატიმრის სიაში შევიყვანეთ მხოლოდ ის, ვინც გამონათქვამების და აქციების გამო ზისო.
აქაც იტყუებიან, მე ახლა სწორედ ჩემი გამონათქვამისთვის და აქციებზე გამოსვლის მოწოდებისთვის მასამართლებენ „საბოტაჟის საქმეზე”, მაგრამ ეს მათ შეგნებულად გამორჩათ. იმედია, გამოჩნდებიან პატიოსანი არასამთავრობოებიც, რომლებიც ამ უსამართლობაზე ხმას ამოიღებენ”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.