1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „რატომ გაათავისუფლა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მინისტრის თანამდებობიდან კაცი, რომელიც რუსეთზე იმარჯვებს?“ – The Daily Telegraph
„რატომ გაათავისუფლა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მინისტრის თანამდებობიდან კაცი, რომელიც რუსეთზე იმარჯვებს?“ – The Daily Telegraph

„რატომ გაათავისუფლა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მინისტრის თანამდებობიდან კაცი, რომელიც რუსეთზე იმარჯვებს?“ – The Daily Telegraph

0

პრემიერ-მინისტრის იულია სვირიდენკოს თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, როცა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დასახელდა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრი, 35 წლის მიხეილ ფედოროვი, მთავრობის წევრთა კანდიდატურების სიაში აღარ შეიყვანა.

მიხეილ ფედოროვმა, რომელიც ადრე უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის უწყებას ხელმძღვანელობდა, თავდაცვის მინისტრის პოსტზე სულ რაღაც ექვსი დაჰყო, მაგრამ ამ ხნის განმავლობაშიც კი რუსეთთან ბრძოლის ველზე რიგ წარმატებებს მიაღწია. თანამდებობიდან მისმა გათავისუფლებამ უკრაინულ საზოგადოებაში სინანული, გულგატეხილობა და გარკვეულწილად, მრისხანებაც კი გამოიწვია. ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები გაიმართა.

„ეს ძალიან ცუდი ამბებია იმ ფონზე, როცა ფრონტიდან კარგი ამბები მოდის”, – ამბობს ორისია ლუცევიჩი, უკრაინული ფორუმის ხელმძღვანელი ბრიტანულ „ჩეთემ-ჰაუსში” – საერთაშორისო ურთიერთობების ბრიტანულ სამეფო ინსტიტუტში, უკრაინაში შექმნილ სიტუაციაზე საუბრის დროს, – „გასაგებია, რომ ბევრ უკრაინელ სამხედრო და პოლიტიკურ ექსპერტს გულგატეხილობის გრძნობა ეუფლება. მიხეილ ფედოროვს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის თავდაცვის სფეროს განმტკიცებაში, იგი წარმატებით მუშაობდა სამინისტროს რეფორმირების კუთხითაც, ახორციელებდა რიგ ცვლილებებს, რომ სამხედრო უწყებას თავისი ფუნქციები წარმატებით შეესრულებინა”.

ზოგიერთი უკრაინელის მიერ გამოხატული უკმაყოფილება იმდენად დიდია, რომ ისინი ანტისამთავრობო მიტინგზე გამოვიდნენ, რაც ძალიან იშვიათობაა უკრაინაში ომის პირობებში. კიევში გამართულ საპროტესტო აქციის მონაწილეებს ხელში პლაკატები ეჭირათ წარწერებით „ხელები შორს ფედოროვისაგან!’ და „შეწყვიტეთ გამარჯვების საბოტაჟი”.

მიხეილ ფედოროვმა სოციალურ ქსელში დაადასტურა, რომ მისი კანდიდატურა მთავრობის ახალ შემადგენლობაში აღარ ფიგურირებს. მან იქვე ჩამოთვალა თავისი მიღწევები მინისტრის პოსტზე ყოფნისას. შესაძლოა ბევრმა ამგვარი ანგარიში ტრაბახად ჩათვალოს, მაგრამ მის საქმიანობაში ნამდვილად არი პოზიტიურად გამოკვეთილი ორი მომენტი:

პირველი – მან დაარწმუნა ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი Starlink-ის სისტემის გამორთვაში რუსეთის ჯარებისათვის, რაც, თავის მხრივ, უაღრესად წარმატებული აღმოჩნდა უკრაინის არმიისათვის: Starlink-ის გამორთვით რუსეთის არმია „დაყრუვდა” და „დაბრმავდა”, გამოიწვია ქაოსი რუსულ ჯარში და უკრაინას მტრის შეტევების მოგერიებაში დაეხმარა.

მეორე – მან დიდი წარმატებით განავითარა სტრატეგია რუსეთის ენერგეტიკული ობიექტების მიმართ დარტყმების მიყენებაზე დრონების დახმარებით, რომლის მიხედვით, რუსეთის არმიის ლოჯისტიკას დიდი ზიანი მიადგა – განადგურდა ჯარების მომარაგება ფრონტის ხაზიდან 100-კილომეტრიან ზონაში.

ამ ყველაფერმა დააყოვნა რუსეთის წინსვლა ფრონტზე, შეუქმნა საფრთხე რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურას ოკუპირებულ ყირიმში და რუსეთში საწვავის კრიზისი გამოიწვია, რითაც, უკრაინის მოკავშირეების აზრით, აიძულა ვლადიმერ პუტინი მეტი იფიქროს დაზავების შესაძლებლობაზე.

ეს წარმატება, რომელსაც ომში გამარჯვების მოტანა შეუძლია, გამპირობებულია იმით, რომ მიხეილ ფედოროვს დიდი გამოცდილება აქვს ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში (სტარტაპის სტილით), რომელმაც ხელი შეუწყო უკრაინის ჯარებს დრონების სწრაფ ადაპტაციაში ომის პირობების მიმართ.

ბევრს სამართლიანი კითხვა უჩნდება: თუ მიხეილ ფედოროვი კარგად მუშაობს, თუ იგი მართვის უმაღლეს რგოლში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურ ხელმძღვანელად ითვლება, მაშ რატომ არ სურს ვოლოდიმირ ზელენსკის მისი მინისტრად დატოვება იმ დროს, როცა სიტუაცია უკრაინის სასარგებლოდ ვითარდება?

რატომ გაათავისუფლეს ფედოროვი?

ის, რომ მიხეილ ფედოროვსა და ალექსანდრე სირსკის შორის ურთიერთობა დაძაბულია, უკრაინაში საიდუმლო არ არის. კიეველმა წყაროებმა დაადასტურეს, რომ მინისტრსა და გენერალს შორის დავა (რბილად რომ ვთქვათ) უმართავი გახდა.

შექმნილი სიტუაცია ბევრად არის განპირობებული იმით, რომ მხარეებს ომის წარმოების სტრატეგია და მეთოდები სხვადასხვანაირად აქვთ წარმოდგენილი: მართალია, ახალგაზრდა მინისტრს მიხეილ ფედოროვს მიაწერენ, რომ მან წარმატებით განახორციელა  უკრაინის არმიის თანამედროვე იარაღით – დრონებით – ბრძოლის გაციფრება, ასაკოვანი გენერალი გრძნობდა, რომ თავდაცვის სამინისტროს ახალგაზრდა ხელმძღვანელი და მისი გუნდი ყურადღებას აღარ აქცევდა მათ მიერ ძველმოდურად შერაცხულ იარაღს – ჯავშანტექნიკას, არტილერიას და ქვეით სახმელეთო ჯარს.

„ორივე სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობს: მიხეილს ყველგან ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა სურს, სამხედროებს კი უნდათ, რომ სამინისტროში მათი აზრიც მოისმინონ. მათ სურთ, რომ სამინისტრომ ფრონტისთვის გამოსადეგი იარაღი შეისყიდოს, სამინისტრო კი იარაღს თავისი შეხედულებით ყიდულობს. მათ უბრალოდ, ერთმანეთისადმი მოსმენა აღარ შეუძლიათ”, – ამბობს ერთ-ერთი დეპუტატი.

დავა, როგორც ჩანს, გამოწვეულია მინისტრისა და გენერლის განსხვავებული ხედვებით, თუ როგორ უნდა იომო და წარმატებას მიაღწიო.

მიხეილ ფედოროვი მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ უკრაინას ომში გამარჯვება შეუძლია მხოლოდ ახალი, ასიმეტრიული სტრატეგიისა და ტაქტიკის მეშვეობით. ალექსანდრე სირსკი კი თვლის, რომ ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ სამხედროებს ტრადიციული იარაღით ბრძოლაც და საომარი ოპერაციების ჩატარებაც უნდა შეეძლოთ.

„გენერალი გარკვეულწილად სწორია, როცა ამბობს, რომ ტრადიციული იარაღის ჩამოწერა ჯერ ნაადრევია და რომ ჯავშნიანი (ტანკებისა და ჯავშანმანქანების) და საარტილერიო (ქვემეხებისა და ჰაუბიცების)  ქვედანაყოფები ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია”, – ამბობს საქმეში ჩახედული ერთ-ერთი წყარო, – „ხოლო მიხეილ ფედოროვი გარკვეულწილად დამნაშავეა იმ დავის გამწვავებაში, რომელიც ახალგაზრდა და ასაკოვან თაობებს შორის გაჩნდა”.

და მაინც, ბევრის აზრით, ომის ტრადიციული იარაღით წარმოება რუსეთის წინააღმდეგ დიდწილად წამგებიანია და მიხეილ ფედოროვის რადიკალურ სტრატეგიას მართლაც მოაქვს თავისი პოზიტიური შედეგი. (…)

ამრიგად, მართალია, ჯერ კიდევ ადრეა იმის პროგნოზირება, თუ რა გავლენას მოახდენს ეს გადაწყვეტილება ომის მსვლელობაზე, მას მაინც მოჰყვა დიდი რეზონანსი უკრაინის შიგნით.

უკვე პარალელს ავლებენ იმ ფაქტთან მიმართებით, როცა 2024 წელს ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა გენერალი ვალერი ზალუჟნი, რომელიც ალექსანდრე სირსკის წინამორბედი იყო არმიის მთავარსადლის პოსტზე. ისიც ფედოროვივით პოპულარული იყო, ახალგაზრდა, თავისი საქმის საუკეთესო მცოდნე და არმიას თანამედროვე სტილით ხელმძღვანელობდა.

„ხალხი უკვე ლაპარაკობს, რომ ვალერი ზალუჟნიც თავისი წარმატების პიკზე იქნა პოსტიდან გათავისუფლებული, თანაც ისე, რომ საზოგადოებას არავინ აუხსნა – რატომ და რისთვის“, – ამბობს ორისია ლუცევიჩი „ჩეთემ-ჰაუსიდან“, – „ვოლოდიმირ ზელენსკის სურს საკუთარი გადაწყვეტილება ისე წარმოაჩინოს, რომ დემოკრატიული ლეგიტიმურობის ერთგულია, მაგრამ არ განმარტავს თავის მოქმედებას. კარგია, რომ პროტესტები დაიწყო. ვნახოთ, რას იტყვის იგი ამ აქციების ფონზე. ალბათ, იძულებული გახდება რაღაც თქვას“.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/news/2026/07/16/why-zelensky-fired-mykhailo-fedorov/