“დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების შედეგი: ბევრმა უკრაინულმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ საქმიანობა შეწყვიტა” -The New York Times
აშშ-ის გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსი“ (The New York Times) ბეჭდავს სტატიას სათაურით „დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების შედეგეი: ბევრმა უკრაინულმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ საქმიანობა შეწყვიტა“ (ავტორი – ქონსთანთ მეჰიუთი), რომელიც ამერიკული ფინანსური დახმარების პროგრამების შეჩერებას ეხება. „უკრაინაში თითქმის ყველა დამოუკიდებელი მასობრივი ინფორმაციის საშუალება ამერიკული ფულით არსებობდა“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.
გთავაზობთ პუბლიკაციას:
სულ ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ განკარგულება გამოსცა აშშ-ის საგარეო დახმარებისა და განვითარების პროგრამების მთლიანად შეწყვეტის თაობაზე, მაგრამ საომარი მოქმედებებით გაწამებულ უკრაინაში მისი შედეგები უკვე სრულად იგრძნობა. რამდენიმე ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ისინი იძულებულნი არიან თავიანთი საქმიანობა შეაჩერონ, ვეტერანების და შიდა გადაადგილებული პირების მომსახურების ჩათვლით.
განკარგულების მოქმედების ვადა 90-დღიანია, ანუ იმ დრომდე, სანამ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია საგარეო დახმარების აუდიტს არ დაასრულებს.
შეერთებულმა შტატებმა, რომელიც უკრაინისათვის მთავარ ფინანსურ-მატერიალურ მხარდამჭერს წარმოადგენს, ომის დაწყებიდან კიევს 37 მილიარდზე მეტი დოლარის დახმარება გაუწია. ამ თანხაში შედის მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც ქვეყნის განვითარებას ემსახურება და ბიუჯეტში მისი პირდაპირი ჩარიცხვა ხდება. დახმარება ხორციელდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით.
უკრაინის საქველმოქმედო ორგანიზაციის „იმედი უკრაინისათვის“ გენერალური დირექტორის იური ბორჩკოს თქმით, დახმარების შეწყვეტის შედეგები დაუყოვნებლივ გამოვლინდება: „როგორც ჩემი ორგანიზაცია, ასევე რამდენიმე უკრაინული საქველმოქმედო გაერთიანება ფრონტის ხაზის პირას მდებარე სოფლების მოსახლეობას შეშით ამარაგებს. ახლა, შუაგულ ზამთარში, შეშის მიწოდების შეჩერებას მოსახლეობა სწრაფად იგრძნობს. ხერსონისა და ხარკოვის ოლქების ფრონტისპირა ნაწილებში ელექტროენერგიის მიწოდება დიდი ხანია აღარ ხდება და თუ ამას უშეშობაც დაემატება, ადამიანები სითბოსა და საჭმლის მომზადების წყაროს გარეშე დარჩებიან“.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან მთავრობას დაავალა მოამზადოს ანგარიში იმ შედეგების თაობაზე, რაც ამერიკული დახმარების შეწყვეტას მოჰყვება. მისი თქმით, მთავრობა განსაზღვრავს, თუ რომელი მიმართულებაა ყველაზე კრიზისული. შესაბამისად, ხელისუფლება გარკვეულ საკომპენსაციო თანხას გამოძებნის და ამერიკულ დახმარებას როგორმე ჩაანაცვლებს – განსაკუთრებით ომის ვეტერანებთან და ბავშვებთან დაკავშირებით, ასევე ინფრასტრუქტურის მუშაობის უზრუნველსაყოფად.
USAID-ის წარმომადგენელმა დაუდასტურა „ნიუ-იორკ თაიმსს“, რომ პროგრამების მოქმედება და გრანტების გაცემა სამი თვით არის შეჩერებული, ანუ იმ ხნის განმავლობაში, სანამ აუდიტი არ დასრულდება. გამონაკლისის სახით მუშაობას გააგრძელებენ ის პროგრამები, რომლებსაც სახელმწიფო მდივნის სპეციალური ნებართვა ექნებათ. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, დახმარების გაყინვა განპირობებულია იმით, რომ აუცილებელია უპირატესობა აშშ-ის ეროვნული ინტერესების დაცვას მიენიჭოს და რომ უწყება ძველებურად ბრმად აღარ გააგრძელებს „ფულის ისეთ ფანტვას, თუ მას ამერიკელი ხალხისთვის სარგებელი არ მოაქვს“.
კიევში მოქმედი აშშ-ის საელჩოს თანამშრომლები ცდილობენ, რომ უკრაინისათვის გარკვეული გამონაკლისი იქნეს დაშვებული, რადგან საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მოსახლეობისათვის დახმარება უკიდურესად აუცილებელია. განსაკუთრებით ეს ეხება სკოლების, საავადმყოფოების, მუნიციპალური სამსახურების მუშაობას, წყლით და გაზით უზრუნველყოფას, სასურსათო პროგრამებს: „როცა ადამიანები ადგილზე იღებენ დახმარებას, ეს მიგრაციულ პროცესებს ამცირებს“, – ამბობს იაროსლავ იურჩიშინი, უკრაინელი დეპუტატი.
ივონა კოსტინას – ვეტერანებისა და მათი ოჯახების მხარდამჭერი საქველმოქმედო ორგანიზაცია Veteran Hub-ის ხელმძღვანელის თქმით, „სამწუხაროდ, დახმარების 90-დღიანი შეჩერება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დავკარგავთ პერსონალს, ოფისს და რაც მთავარია, ჩვენი კლიენტურის ნდობას… დაფინანსების მოულოდნელი შეწყვეტა პარტნიორობის სანდოობას ძირს უთხრის“.
რა თქმა უნდა, მსგავს არასახარბიელო მდგომარეობაში არიან სხვა არასამთავრობოებიც, მაგალითად, ACTED-ის ორგანიზაცია. მისი წარმომადგენლის თქმით, რომელმაც სახელის გამხელა არ მოისურვა, მოუწევთ თითქმის 100 თანამშრომლის გათავისუფლება ხელფასის გადახდის გარეშე, რომელიც მათ საბანკო ანგარიშებზე იანვრის ბოლოს უნდა დარიცხულიყო. „ჩვენ სპეციალურად მიგვითითეს, რომ გადაგვეხედა და გაგვეუქმებინა ის პროგრამები, რომლებიც გენდერულ თანასწორობასა და ჰომოსექსუალისტების უფლებების დაცვას ემსახურება“.
უკრაინაში ბევრი მედიაპროექტი გრანტებით არსებობს, რაც მათ დამოუკიდებელი სტატუსის შენარჩუნებას უზრუნველყოფს, მაგრამ ახლა მათ მდგომარეობას საფრთხე ექმნება, ისინი დახმარებას ითხოვენ.
ბოგდან ლოგვინენკო, მედიაპროექტ Ukrainer-ის დამფუძნებელი, რომელიც უკრაინის შესახებ უცხოურ ენაზე გამოქვეყნებულ სტატიებს უკრაინულ ენაზე თარგმნის, აცხადებს, რომ მას იმედი არ აქვს, რომ 90 დღის გასვლის შემდეგ ამერიკული დაფინანსება აღდგება: „ჩვენი საქმიანობის გაგრძელების ერთადერთი შანსი ჩვენ თვითონვე ვართ“, – აღნიშნავს იგი და საზოგადოებას საქველმოქმედო შეწირულებებისაკენ მოუწოდებს. ბოგდან ლოგვინენკოს თქმით, დღემდე უკრაინის დამოუკიდებელი მასმედიის 80%-ზე მეტი აშშ-ის მიერ ფინანსდება.
როგორც ჩანს, ყველა ორგანიზაციისათვის არ იყო ცნობილი, რომ მათ დაფინანსება შეუწყდებოდათ. მაგალითად, საქველმოქმედო ფონდის Схід SOS-ის მმართველი საბჭოს ოქსანა კიანცევას განცხადებით, მის ორგანიზაციას საქმიანობის შეჩერების შესახებ შეტყობინება წინასწარ არ მიუღია და აქედან გამომდინარე, დაფინანსების შეწყვეტა სრულიად მოულოდნელად მოხდა.
გამოკითხული ორგანიზაციების უმრავლესობა შექმნილი სიტუაციის გამო უკიდურესად არიან შეშფოთებულები: „რეალური მდგომარეობა გვაჩვენებს, თუ რამდენად ახლოს დგას ჩვენთან დიდი გეოპოლიტიკა“, – ამბობს ლესიკ იაკიმჩუკი, არასამთავრობო ჯგუფის „ლინზის“ დირექტორი, რომელიც საბავშვო ონლაინ-პროგრამებს ამუშავებს, – „გამოდის, რომ დამფინანსებელ ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებს შეუძლიათ უკრაინელი ბავშვების მდგომარეობა გააუარესოს. ეს არის დიდი პოლიტიკის ნეგატიური ექო“.
მოამზადა სიმონ კილაძემ