1. Home
  2. TOP სიახლე
  3. Credit Suisse ჯგუფსა და ბიძინა ივანიშვილს შორის სამართლებრივი ბრძოლა სინგაპურში გაგრძელდება – bloomberg-ი
Credit Suisse ჯგუფსა და ბიძინა ივანიშვილს შორის სამართლებრივი ბრძოლა სინგაპურში გაგრძელდება – bloomberg-ი
0

Credit Suisse ჯგუფსა და ბიძინა ივანიშვილს შორის სამართლებრივი ბრძოლა სინგაპურში გაგრძელდება – bloomberg-ი

506
0

Credit Suisse ჯგუფსა და ბიძინა ივანიშვილს შორის სამართლებრივი ბრძოლა სინგაპურში გაგრძელდება.

ამის შესახებ სტატიას „ბლუმბერგი“ აქვეყნებს.

როგორც სტატიის ავტორი წერს, Credit Suisse ჯგუფის ქართველი კლიენტი ემზადება სამართლებრივი დავისთვის შვეიცარული კრედიტორის განყოფილებასთან 800 მილიონი დოლარის ოდენობით ზარალის საქმეზე, რომელიც, ივანიშვილის თქმით, მას თაღლითი ბანკირის გამო მიადგა.

„წელს ბერმუდის კუნძულებზე მიღწეული დიდი გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამჯერად Credit Suisse ჯგუფის შვილობილ კომპანიას უჩივის. საქმე ეხება ბრალდებული თაღლითი ბანკირის პატრის ლესკოდრონის მიერ გაფლანგული თანხის დაბრუნებას“, – წერს „ბლუმბერგი“.

გამოცემის ცნობით, საქმის განხილვა სექტემბერში სინგაპურში დაიწყება. „ეს კი Credit Suisse ჯგუფს ახალი ნეგატიური ჰედლაინებით ემუქრება, რაც ჯგუფის გარშემო აგორებული არაერთი სკანდალისა და სამ წელიწადში Credit Suisse-ის მესამე გენერალური დირექტორის დანიშვნის ფონზე ხდება“, – ნათქვამია სტატიაში.

„ბლუმბერგის“ მიხედვით, ივანიშვილის სარჩელი გახლავთ იმ სასამართლო პროცესის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ხუთი წლის წინ დაიწყო სინგაპურში და როგორც მომჩივანი აცხადებს, Credit Suisse Trust Ltd-ს მიერ მისი ქონების „უგუნურ ზედამხედველობას“ უკავშირდება.

ლესკოდრონს, ყოფილ ვარსკვლავ ბანკირს, 2018 წელს დასდეს ბრალი თაღლითობაში. როგორც გამოძიებამ დაადგინა, ის ათი წლის განმავლობაში ახორციელებდა სქემას, რომლის ფარგლებშიც აყალბებდა ხელმოწერებს, რაც მას კლიენტების ანგარიშების, არაავტორიზებულ გარიგებებში გამოყენების საშუალებას აძლევდა. ივანიშვილი მისი ყველაზე მსხვილი კლიენტი გახლდათ, რომელთან ერთადაც Credit Suisse -მა საინვესტიციო კომპანიები დააფუძნა სინგაპურში, ბერმუდის კუნძულებსა და ახალ ზელანდიაში“, – წერს ბლუმბერგი.

„ბლუმბერგის“ მიხედვით, ივანიშვილის ლონდონელი ადვოკატები 800 მილიონი დოლარის ანაზღაურებას ითხოვენ. მათი მტკიცებით, ეს თანხა წარმოადგენს არაკანონიერად მითვისებული აქტივებს და ზარალს, რომელიც კლიენტს მიადგა კუთვნილი თანხის გაუფრთხილებელი დაბანდების გამო. თავად ადვოკატები სასამართლო პროცესამდე კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობენ.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ბრალდებულმა ბანკირმა ლესკოდრონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა 2020 წელს, მიუხედავად ამისა, ჟენევაში გრძელდება გამოძიება იმის დასადგენად, ეკისრება თუ არა ამ საქმეზე პასუხისმგებლობა ბანკს. გამოძიების ხელმძღვანელმა პროკურორმა გამოავლინა 60 მილიონი დოლარის ტრანზაქცია, რომლის „გათეთრებაც“ მისი აზრით, ბანკის გამოყენებით მოხდა.

„ივანიშვილი და თაღლითობაში ბრალდებული ლესკოდრონის სხვა კლიენტები უკვე დიდი ხანია, ამტკიცებენ, რომ ბანკმა იცოდა ბანკირის პრაქტიკის შესახებ და უნდა დაესრულებინა ის, ვიდრე თაღლითობა წლების განმავლობაში გაგრძელდებოდა. თავად ბანკში ამტკიცებენ, რომ ლესკოდრონი მარტო მოქმედებდა და დანაშაულებრივ პრაქტიკას კოლეგებსა და ხელმძღვანელობას უმალავდა“, – ნათქვამია სტატიაში.

Credit Suisse-ში საქმესთან დაკავშირებით კომენტარისგან თავი შეიკავეს.

კომენტარი არ გაუკეთებია სინგაპურის სასამართლოს პრესმდივანსაც, რადგანაც, მისივე თქმით, სექტემბრის განრიგი ჯერ საჯარო არ არის.

„ბლუმბერგის“ სტატიაში ნათქვამია, რომ ივანიშვილის იურისტებმა ბანკს პირველად 2017 წელს უჩივლეს და ცდილობდნენ, მოეპოვებინათ შიდა დოკუმენტები, რომლებიც, მათი აზრით, ნათელს მოჰფენდა, რომ ბანკი ინფორმირებული იყო ლესკოდრონის ქცევის შესახებ. თუმცა, Credit Suisse Trust -ის ადვოკატები ამის წინააღმდეგ გამოდიან, ამტკიცებენ, რომ ყველაფერს რაც 2011 წლის აგვისტომდე მოხდა, ხანდაზმულობის ვადა უნდა ჰქონდეს, რომ ბანკის წინააღმდეგ საქმე უნდა აღიძრას შვეიცარიაში და არა სინგაპურში. ახალი ზელანდიის უმაღლესმა სასამართლომ ივანიშვილის საქმე 2018 წელს უარყო და დაადგინა, რომ ნებისმიერი სამართლებრივი დავისთვის სათანადო იურისდიქცია შვეიცარიას აქვს.

Credit Suisse Trust-ის იურისტებმა წარმატებით დაამტკიცეს, რომ ნებისმიერი სამართლებრივი პროცესი სინგაპურში უნდა ეხებოდეს მხოლოდ Credit Suisse Trust-ს და არა უშუალოდ ბანკს, რომლის სათავო ოფისი ციურიხში მდებარეობს. თუმცა, „ბლუმბერგის“ მიხედვით, ბერმუდის კუნძულების სასამართლომ ბანკის როლის მიმართ ნაკლები თანაგრძნობა გამოიჩინა და დაადგინა, რომ Credit Suisse Life Ltd „თვალს ხუჭავდა ბანკირ ლესკოდრონის კანონდარღვევებზე.“

ამასთან,  როგორც „ბლუმბერგი“ წერს, არ არსებობს გარანტია, რომ ივანიშვილი წარმატებას მიაღწევს სინგაპურის სასამართლო დავაში, თუმცა ბერმუდის სასამართლომ მისთვის კომპენსაციის სახით 607,5 მილიონი დოლარის გადახდის გადაწყევტილება მიიღო, ხოლო მანამდე Credit Suisse Life Ltd-ს დაევალა, ეს თანხა სადეპოზიტო ანგარიშზე გადაიხადოს სექტემბრის დასაწყისისთვის, სადაც ის სააპელაციო გადაწყვეტილებამდე დარჩება.