„ჩვენ გვჭირდება ახალი სისხლი” – არნოლდ შვარცნეგერი ამერიკის საპრეზიდენო არჩევნებზე
ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა და კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა არნოლდ შვარცენეგერმა ჟურნალ POLITICO-ს განუცხადა, რომ ჯო ბაიდენისა და დონალდ ტრამპის 2024 წლის განმეორებითი მატჩი ამერიკელებისთვის სასურველი არ არის. შვარცენეგერის თქმით: „ჩვენ გვჭირდება ახალი სისხლი. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენ გვჭირდება ახალი თაობის ლიდერები“.
https://www.politico.com/news/2023/11/17/schwarzenegger-biden-trump-rematch-00127739
მსახიობის თქმით, ადამიანები „ეძებენ რაღაც ახალს და ძლიერს, რადგან პრობლემები იმდენად რთული და მასშტაბურია, რომ გვჭირდება ადამიანი, რომელსაც აქვს ენერგია“. მაგალითად შვარცენეგერმა მოიყვანა ჯონ კენედისა და რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო კამპანიები. ვარსკვლავი თვლის, რომ ამერიკელებს სურთ ოპტიმისტურად განწყობილი საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც მათ გააერთიანებს. არნოლდ შვარცენეგერი აშშ-ს პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი ლიდერების არყოფნის მიზეზად თვლის იმ ფაქტს, რომ მედიის მთელი ყურადღება ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპზეა მიმართული.
ტრამპსა და ბაიდენს შორის განმეორებითი მატჩი ამომრჩევლებსა და ელიტაში მზარდ შეშფოთებას იწვევს.
POLITICO-ს კიდევ ერთი სტატია იუწყება, რომ ჯო ბაიდენის კამპანიის დონორებმა ბაიდენის კამპანიის მენეჯერს, კვენტინ ფულკსს, დაუსვეს კითხვა პრეზიდენტის ასაკის პრობლემაზე, თუ როგორ იქნება წარმოჩენილი ეს საკითხი საარჩევნოდ.
https://www.politico.com/news/2023/11/19/biden-biggest-vulnerability-00127937
ჯო ბაიდენის გუნდი ცდილობს ამომრჩეველთა და პარტიების დონორთა ყურადღება გაამახვილოს იმაზე, რომ პრეზიდენტის ასაკი მისი მდიდარი გამოცდილებისა და სიბრძნის მტკიცებულებაა. ისინი ასევე ხაზს უსვამენ, რომ დონალდ ტრამპი 77 წლისაა და ბაიდენზე არც თუ ისე ახალგაზრდაა.
თუმცა, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, ბაიდენის ასაკი აწუხებს გამოკითხულთა ორ მესამედს, ხოლო ტრამპის ასაკი ამომრჩეველთა ერთ მესამედში აჩენს კითხვებს. დონალდ ტრამპის პრობლემა მრავალი სასამართლო პროცესია, რომლებშიც ის როგორც ჭაობშია ჩაფლული.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე კიდევ ერთი წელია დარჩენილი და დიდი ალბათობით პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი ფიგურის გამოჩენაა მოსალოდნელი. შეგახსენებთ, რომ არნოლდ შვარცენეგერი რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელია. მაგრამ მან გამოთქვა რესპუბლიკელთა ზომიერი უმრავლესობის შეხედულებები, რომლებიც შეშფოთებულნი არიან დონალდ ტრამპის რადიკალიზმით.
განმეორებითი მატჩის არასასურველობაზე სხვა ცნობილმა ადამიანებმაც გამოთქვეს თავისი აზრი. პუბლიცისტმა და მწერალმა დევიდ იგნატიუსმა, რომელიც ჯო ბაიდენს პირადად 40 წელია იცნობს, The Washington Post-ში თავის სტატიაში ურჩია ბაიდენს არ იყაროს კენჭი მეორე ვადით, რადგან ეს იქნება რისკი ამერიკისთვის. ბარაკ ობამას კამპანიის მთავარმა სტრატეგმა დევიდ აქსელროდმა ასევე საჯაროდ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ასაკი მთავარი დაბრკოლებაა მისი მეორე ვადით არჩევისთვის.
იმ შემთხვევაში, თუ ტრამპი და ბაიდენი არჩევნებში მთავარი კანდიდატები გახდებიან, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს დიდი მნიშვნელობა ექნებათ. მაგალითად, ფრანკლინ რუზველტი ხელახლა აირჩიეს მეოთხე ვადით 1945 წელს, მაგრამ მალევე გარდაიცვალა. პრეზიდენტი გახდა ვიცე პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი. ჩანაცვლება წარმატებული გამოდგა. შეერთებულ შტატებში ჰარი ტრუმენი ითვლება “დიდ პრეზიდენტად”.
ჯონ კენედის მკვლელობის შემდეგ პრეზიდენტის პოსტი ლინდონ ჯონსონმა დაიკავა. ეს არის არც თუ ისე წარმატებული ჩანაცვლების მაგალითი. ვიეტნამში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო ჯონსონის დროს. ამერიკული არმიის დანაკარგებმა აიძულა ჯონსონი მეორე ვადით კენჭისყრაზე უარი ეთქვა.
ჯო ბაიდენი კენჭს იყრის მოქმედ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან. მისი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ჰარისი პრეზიდენტზე ახალგაზრდაა. მაგრამ კამალა ჰარისს არა აქვს ავტორიტეტი ელიტაში და არც პოპულარობა ამომრჩევლებში. ამიტომ ბაიდენს ქულებს არ მატებს.
დონალდ ტრამპს ჯერ არ განუცხადებია, თუ ვის დაასახელებს ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე. ის გამოცდის სხვადასხვა ვარიანტს, ავრცელებს ჭორებს მისი განზრახვის შესახებ, ანდოს ეს პოსტი ან ჟურნალისტ ტაკერ კარლსონს ან სკანდალურ კონგრესვუმენს მარჯორი ტეილორ გრინს. მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, რაც ტრამპს გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს.
ჯერ ნაადრევია ტრამპისა და ბაიდენის განმეორებითი მატჩის შედეგის პროგნოზირება, მაგრამ გამოკითხვები და ელიტების განწყობა ცხადყოფს, რომ ამერიკა ელოდება ახალი პოლიტიკური ლიდერის გამოჩენას. არნოლდ შვარცენეგერი ყოველთვის გამოირჩეოდა კარგი ინტუიციით და სავარაუდოა, რომ ამჯერადაც არ ცდება.
ავთანდილ წულაძე –პოლიტოლოგი, პოლიტოლოგიის დოქტორი