1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ჩინეთის ფსონი დონალდ ტრამპზე
ჩინეთის ფსონი დონალდ ტრამპზე

ჩინეთის ფსონი დონალდ ტრამპზე

417
0

სამშაბათს შედგა სატელეფონო საუბარი  აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შორის გეოპოლიტიკურ პრობლემებზე და მობილური აპლიკაციის Tik Tok-ის შესახებ.

ჯო ბაიდენის შეშფოთება ჩინურ მობილურ აპლიკაციაზე დაკავშირებულია  საპრეზიდენტო არჩევნებზე. Tik Tok-ი ძალიან პოპულარულია შეერთებულ შტატებში. ამერიკული სადაზვერვო სააგენტოები მიიჩნევენ, რომ ჩინეთს შეუძლია გამოიყენოს ეს აპლიკაცია აშშ-ს არჩევნებში ჩარევისთვის. ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა, ავრილ ჰეინსმა, აშშ-ს კონგრესს წარუდგინა მოხსენება, რომელშიც მან მიუთითა პოტენციური საფრთხეები აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებაზე ჩინური მობილური აპლიკაციის გამო. აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონმდებლობა, რომელიც აკრძალავს Tik Tok-ს აშშ-ში. ეს კანონი აშშ-ის სენატში ჯერ კიდევ განიხილება.

ამერიკის არჩევნებში ჩინეთის შესაძლო ჩარევა, ბუნებრივია, დღის წესრიგში აყენებს კითხვას: ვის მხარეზე იქნება ჩინეთი ტრამპისა და ბაიდენის მეტოქეობაში? ერთი შეხედვით, ჩინეთისთვის მომგებიანია ჯო ბაიდენის გამარჯვება, რადგან სწორედ დონალდ ტრამპმა გამოუცხადა სავაჭრო ომი ჩინეთს და ახლა იმუქრება ჩინეთისთვის სავაჭრო ტარიფების 60%-ით გაზრდას. თუმცა, ამერიკული მედია აქვეყნებს ანალიტიკოსთა მოსაზრებებს, რომლებიც თვლიან, რომ ჩინეთი უფრო მეტად არის დაინტერესებული დონალდ ტრამპის მხარდასაჭერად. მაგალითად, CNN-ის არხის მასალაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის იზოლაციონისტური პოზიცია სასარგებლოა ჩინეთისთვის მისი გეოპოლიტიკური ამბიციების რეალიზაციის თვალსაზრისით. (https://edition.cnn.com/2024/03/10/china/china-two-sessions-trump-election-analysis-intl-hnk/index.html).

არხს მოჰყავს ექსპერტების მოსაზრება, რომლებიც თვლიან, რომ „ტრამპს ნაკლებად აინტერესებს ამერიკის პოზიციის შენარჩუნება, როგორც გლობალური მსოფლიო წესრიგის ლიდერის“, ხოლო ჩინეთი ცდილობს ისარგებლოს ამერიკის გლობალური პოლიტიკური ასპარეზიდან გასვლით. ჩინელი ექსპერტები ასევე განიხილავენ ტრამპს “როგორც აშშ-ს შიდა პოლიტიკის დესტაბილიზაციის ძალას”.

რაც შეეხება ტრამპის მუქარებს სავაჭრო ტარიფების მკვეთრად გაზრდის შესახებ, როგორც ჩანს, ჩინეთი მათ რეალისტურად არ მიიჩნევს. პირველ რიგში იმიტომ, რომ როგორც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთთან სავაჭრო ომში დამარცხდა. შეერთებული შტატები მვნიშნელოვნად არიან დამოკიდებული ჩინურ იმპორტზე, ამიტომ 60%-ით ტარიფების გაზრდამ შესაძლოა ეკონომიკური შოკი გამოიწვიოს ამერიკაში. ჩინეთი უკვე ემზადება სავაჭრო ომისთვის, თუ ტრამპი მეორედ გახდება შეერთებული შტატების პრეზიდენტი. მაგრამ ჩინეთისთვის გეოპოლიტიკური სარგებელი ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლისგან აღემატება შესაძლო ეკონომიკურ რისკებს.

რაც შეეხება ჯო ბაიდენს, ის ახორციელებს ჩინეთის ეკონომიკური ექსპანსიის შეკავების პოლიტიკას უფრო დაბალანსებული, სისტემატური და ეფექტური გზით, ვიდრე დონალდ ტრამპი. ბაიდენმა ჩინეთში ამერიკული კომპანიების მიერ მაღალტექნოლოგიური ჩიპების წარმოებაზე აკრძალვა შემოიღო. ბაიდენი ქმნის ალიანსებს მოკავშირეებთან ევროპასა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში. ჯო ბაიდენმა ასევე გამოაცხადა ტაივანის მხარდაჭერა ჩინეთის მხრიდან მისი უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემთხვევაში და მხარს უჭერს უკრაინას ჩინეთის მოკავშირე რუსეთთან ომში.

დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის დროს განცხადებებით განხეთქილებას იწვევს შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს შორის. ის კონგრესში ბლოკავს აშშ-ს სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის, იმუქრება, რომ აშშ დატოვებს ნატოს ბლოკს და ჰპირდება ევროკავშირისთვის 10%-იანი ტარიფის შემოღებას. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ აზრი არ აქვს შეერთებული შტატების მიერ ტაივანის დაცვას.

ამრიგად, პარადოქსული სურათი ჩნდება. დონალდ ტრამპი, რომელიც თავის საჯარო გამოსვლებში ხშირად ასახელებს ჩინეთს შეერთებული შტატების მთავარ მტრებს შორის, ჩინეთისთვის უფრო ხელსაყრელი კანდიდატია ვიდრე ჯო ბაიდენი. შესაძლოა, შემთხვევითი არ არის, რომ დონალდ ტრამპი, ბევრისთვის მოულოდნელად, შეერთებულ შტატებში Tik Tok-ის აკრძალვის წინააღმდეგ გამოვიდა. რჩება კითხვა, შეძლებენ თუ არა ჩინელები დაეხმარონ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებაში.

 

 

ავთანდილ წულაძე

პოლიტოლოგი, პოლიტოლოგიის დოქტორი