1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “რაღაც ნაჩქარევად ხომ არ გამოგივიდათ?”- ვის მიმართავს სოსო გოგაშვილი
“რაღაც ნაჩქარევად ხომ არ გამოგივიდათ?”- ვის მიმართავს სოსო გოგაშვილი

“რაღაც ნაჩქარევად ხომ არ გამოგივიდათ?”- ვის მიმართავს სოსო გოგაშვილი

1.66K
0

გასაჯაროებულ ჩანაწერს, რომლის ავთენტიკურობაც დაუდგენელია და რომელშიც  ჟურნალისტები „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის საინფორმაციო წყაროდ სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს, სოსო გოგაშვილს მოიხსენიებენ, სოციალურ ქსელში თავად გოგაშვილი გამოეხმაურა.

 

გოგაშვილი ამბობს, რომ ჩანაწერი იმ მტკიცებულებებს შეეხება, რომელიც სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა და ამჟამად „სახალხო პარტიის“ წევრმა, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობისას არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით შეაგროვა და ჟურნალისტებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გადასცა.

 

„2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობისას დამატებით გამოვლინდა და მოპოვებული იქნა ძალიან ბევრი მტკიცებულება იმისა, თუ როგორ ყალბდება არჩევნები და როგორ გპარავენ თქვენ საკუთარ ხმებს. დიდი ნაწილი რა თქმა უნდა ჩემთვის მანამდეც ცნობილი იყო და ხელმისაწვდომიც.

 

ამ კონკრეტულ არჩევნებში მე უშუალოდ დავეჯახე ბინძურ სისტემას (საიდანაც გამოვედი) მეორე მხრიდან. დიდი ფიქრის შემდეგ გავრისკე და გადავწყვიტე ეს სამუდამოდ დამემთავრებინა. გადავწყვიტე და მოვემზადე ფსიქოლოგიურად, მორალურად და ფიზიკურადაც, რომ მეც მეგო პასუხი კანონის წინაშე ყველაფერ იმაზე, რა უკანონობის მონაწილეც იქამდე გავხდი. ჩავატარე მთელი რიგი შეხვედრები, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ: დიპკორპუსთან, საერთაშორისო მისიებთან, არასამთავრობოებთან, მედიასთან და ა.შ.

 

არ დაგიმალავთ და ადამიანები, რომლებიც მისმენდნენ და ნახულობდნენ ჩემს მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს იყვნენ შოკირებულნი ნანახით. ნახეს ის, რაც არ უნახავთ და მხოლოდ ყურმოკვრით, ან მტკიცებულებების გარეშე მოუსმენიათ. ყველა შესაბამის ორგანიზაციას გადავეცი ჩემს ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება არჩევნების გაყალბების მთლიანი სტრუქტურის შესახებ. ასევე დავაკავშირე სხვა თვითმხილველები და მოწმეები, როგორც მედიას ასევე სხვა ორგანიზაციებს. 2021 წლის შემოდგომაზე ვისაც გახსოვთ, მედია საშუალებებმა გააშუქეს არჩევნების გაყალბების ფაქტები ნაწილობრივ.

 

სავარაუდოდ ეს უკანონო მიყურადების შედეგად მოპოვებული ჩანაწერის ნაწილი ასახავდა ერთ-ერთი სიუჟეტის მომზადების პროცესს…

 

ეს რატომ გააკეთეთ? რაღაცამ აგჭრათ?“- წერს სოსო გოგაშვილი და ყოფილ თანაგუნდელებს მის წინააღმდეგ „გრუსული“ მეთოდების გამოყენებაშია ადანაშაულებს.

 

„ე. წ. “ქოცებო” კარგად წაიკითხეთ ეს ტექსტი და ჩანიშნეთ თათბირი ონლაინ “იმასთან” თორემ სხვა არაფერი აღარ გიშველით . ბოლო ორი დღეა ქვეყანა აალაპარაკეთ ჩემთვის კარგად ნაცნობი თქვენი პრაქტიკის, ტიპური გრუს-ული სცენარის გარშემო. მაგის მეტი რა გიკეთებიათ და რის მომსწრე აღარ ვარ… მაგრამ რაღაც ნაჩქარევად ხომ არ გამოგივიდათ?

 

მე არ მიყურებია და როგორც გადმომცეს ჩემმა მეგობრებმა, ზუსტად ვიცი რა სიბინძურეს ხარშავთ. აქამდე თქვენს მიერ გაფუჭებული და აქოთებული ძალიან ბევრი საქმე შემატენეთ. ახლა ის ძველიც დაგიბრუნდებათ მისხალ-მისხალ ყველას (დიდსაც და პატარასაც) თქვენ-თქვენი წილი და ამ ახალ მოხარშულ სიმყრალესაც ვეღარ შემტენით მე.

 

ხომ მიწამებთ უკვე ამდენი წელია ოჯახის წევრებს და ხომ შეიწირეთ მათი ჯანმრთელობა, მაგრამ ჩემი 10 წლის პეტრეს თმის გაჭაღარავებას უკვე აღარ გაპატიებთ თქვე უბინძურესებო!

 

აბა მიდით, იმოქმედეთ, გელოდებით,“ – წერს სოსო გოგაშვილი.

 

ცნობისათვის, გადაცემაში „უცნობის კიდობანი“ გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერი, რომლის ავთენტიკურობა დაუდგენელია. გაჩეჩილაძის მტკიცებით, ჩანაწერში„მთავარი არხის“ გადაცემა post-Factum-ის წამყვანი გიორგი გაბუნია და ამავე გადაცემის თანამშრომლების ხმები ისმის. ისინი განიხილავენ სოსო გოგაშვილის მიერ, მათთვის მიწოდებულ მასალას, სათაურით – „საიდუმლო ფაილები პირდაპირ სუს-ის კომპიუტერებიდან“ – პირობითი მსჯავრდებულების გრძელი სია, რომლებსაც „ქართული ოცნება“ სასჯელისგან ათავისუფლებს და შემდეგ საკუთარი მიზნებისთვის იყენებს.