“სი ძინპინს პეკინში მყოფ დონალდ ტრამპისთვის უთქვამს, რომ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრა შეიძლება “სანანებელი გაუხდესო”-Financial Times
ბრიტანულმა გაზეთმა „ფაინენშელ თაიმსმა“ (Financial Times) 19 მაისს გამოაქვეყნა სტატია სათაურით „სი ძინპინს პეკინში მყოფ დონალდ ტრამპისთვის უთქვამს, რომ ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრა შეიძლება „სანანებელი გაუხდესო“ (ავტორი – დიმიტრი სევასტოპულო, კორესპონდენტი ვაშინგტონში). პუბლიკაცია გამოქვეყნებისთანავე სენსაციად შეფასდა, თუმცა ჩინეთმა სწრაფად უარყო და მას „სიცრუე“ უწოდა, თვითონ დონალდ ტრამპმაც განაცხადა, რომ სი ძინპინს მისთვის მსგავსი რამ რუსეთზე და პუტინზე არასოდეს არ უთქვამს.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით.
როგორც ირკვევა, პეკინში შეხვედრის დროს სი ძინპინს უთქვამს დონალდ ტრამპისათვის, რომ რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში შეჭრა, საბოლოო ჯამში, შეიძლება სანანებელი გაუხდესო.
რამდენიმე ადამიანის თქმით, რომელიც საქმის კურსში არიან აშშ-ის პრეზიდენტის ჩინეთში ვიზიტის დეტალებთან დაკავშირებით, რუსეთისათვის ეს არასასიამოვნო ფრაზა სი ძინპინს დონალდ ტრამპთან ფართომასშტაბიანი მოლაპარაკების დროს გაუჟღერებია, როცა მხარეები უკრაინის საკითხზე მსჯელობდნენ. თავის მხრივ, დონალდ ტრამპს, ამ მოლაპარაკების დროს, წინადადება შეუთავაზებია ჩინელი კოლეგისათვის – კარგი იქნება, თუ აშშ, რუსეთი და ჩინეთი ერთად გამოვლენ და ითანამშრომლებენ სისხლის სამართლის საერთაშორისაო სასამართლოს წინააღმდეგ.
თუ ფრაზა – „სანანებელი შეიძლება გაუხდესო“ – სი ძინპინმა მართლაც თქვა, მაშინ მისი პოზიცია ვლადიმერ პუტინის მიმართ, როგორც ჩანს, უკვე საკმაოდ მრავლისმეტყველია და „შორს წასული“, ვიდრე მისი ადრინდელი პოზიცია. მაგალითად, ჯო ბაიდენთან შეხვედრის დროს ჩინელ ლიდერს, პრაქტიკულად არანაირი შეფასება არ მიუცია ვლადიმერ პუტინის მოქმედებისათვის. გამოდის, რომ სი ძინპინს გონება დონალდ ტრამპის ვიზიტის დროს გაუნათდა, ვლადიმერ პუტინის პეკინში ჩასვლის წინ.
რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში შეჭრა 2022 წლის თებერვლის ბოლოს განახორციელა – სამი კვირის შემდეგ იმ დღიდან, როცა მან და ჩინეთის ხელმძღვანელმა „უსაზღვრო“ მეგობრობისა და პარტნიორობის შესახებ განაცხადეს. მანამდე კი 25 წლის წინ, 2001 წელს ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის იმდროინდელ თავმჯდომარე-კოლეგასთან ძიან ძემინთან ერთად ხელი მოაწერა ხელშეკრულებას რუსეთ-ჩინეთის მეგობრობის შესახებ.
ვაშინგტონში ჩინეთის საელჩომ „ფაინენშელ თაიმსის“ კორესპონდენტის კითხვას – მართლაც თქვა თუ არა სი ძინპინმა ვლადიმერ პუტინის მისამართით ზემოთ აღნიშნული ფრაზა – არ უპასუხა. დუმილს ინარჩუნებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაც. თეთრმა სახლმა კვირას გამოაქვეყნა საინფორმაციო ბიულეტენი პეკინის სამიტის თაობაზე, მაგრამ დოკუმენტში მოხსენიებული არ არის არც უკრაინის ომი და არც პუტინის სამომავლო „მონანიება-სინანული“.
იმ ადამიანების თქმით, რომლებიც პეკინური სამიტის დეტალების საქმის კურსში არიან, დონალდ ტრამპს შეუთავაზებია სი ძინპინისათვის, რომ სამმა სახელმწიფომ – აშშ-მა, ჩინეთმა და რუსეთმა – რომელთა ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, თავიანთი ძალისხმევა უნდა გააერთიანონ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ ბრძოლისათვის.
თეთრმა სახლმა ამ ინფორმაციის კომენტირებაზეც უარი განაცხადა, თუმცა ცნობილია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ადრეც არ ეთანხმებოდა სასამართლოს მოქმედებას და მის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი: ბრალს სდებს რომის სტატუტით გათვალისწინებული ფუნქციების დარღვევაში, საქმიანობის პოლიტიზებაში, უფლებების ბოროტად გამოყენებაში, აშშ-ის სუვერენიტეტის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებაში. აშშ-მა 2000 წელს ხელი მოაწერა რომის სტატუტს, მაგრამ სამი წლის შემდეგ, 2003 წელს, თავისი ხელმოწერა უკან გაიწვია, გააუქმა. თითქმის იგივე გააკეთა რუსეთმაც: 2000 წელს სტატუტს ხელი კი მოაწერა, მაგრამ მისი რატიფიცირება არ მოუხდენია, ანუ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებები კრემლისთვის სავალდებულო შესასრულებელი არ არის. რაც შეეხება ჩინეთს, „ცისქვეშეთმა“ რომის სტატუტი საერთოდ უგულვებელყო და მისთვის ჰააგის სასამართლო არ არსებობს.
სი ძინპინის [სავარაუდო] კომენტარი ვლადიმერ პუტინის მიმართ მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ჩიხშია შესული და განსაკუთრებით იმ დროს, როცა უკრაინა წარმატებით ურტყამს რუსეთის ღრმა ზურგში განლაგებულ ენერგეტიკულ ობიექტებს.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ხშირად უყენებდა ბრალდებას ჩინეთს, რომ პეკინი რუსეთს ორმაგი დანიშნულების პროდუქციას აწვდიდა, რომელსაც მოსკოვი კიევის წინააღმდეგ იყენებდა. ამ მხრივ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაც გამოხატავს ხოლმე შეშფოთებას, მაგრამ შედარებით იშვიათად. (…)
გასულ კვირას უკრაინამ რეკორდული რაოდენობის დრონებით მძლავრი დარტყმა მიაყენა რუსეთს, განსაკუთრებით კი მოსკოვის ოლქში განლაგებულ ობიექტებს, ცეცხლი გაუჩნდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, არის ადამიანთა მსხვერპლიც. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, საპასუხო დარტყმა განხორციელდა მას შემდეგ, რაც რუსულმა დრონებმა და რაკეტებმა, 9 მაისთან დაკავშირებით გამოცხადებული სამდღიანი ზავის შემდეგ, კიევს შეუტიეს და მოსახლეობაში მნიშვნელოვანი მსხვერპლი გამოიწვიეს.