1. Home
  2. TOP სიახლე
  3.  აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ „რადიო თავისუფლების“ დახურვა დროებით შეაჩერა
 აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ „რადიო თავისუფლების“ დახურვა დროებით შეაჩერა

 აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ „რადიო თავისუფლების“ დახურვა დროებით შეაჩერა

276
0

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ „რადიო თავისუფლების“ დახურვა დროებით შეაჩერა. აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ დააკმაყოფილა „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ მოთხოვნა და აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM-ის) მიერ საგრანტო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მოქმედება დროებით შეაჩერა, ვიდრე დავის განხილვა დასრულდება. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

„რადიო თავისუფლებამ“ სარჩელი გასულ კვირას წარადგინა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული დახურვის ბრძანება „დაარღვევს კონსტიტუციასა და ფედერალურ კანონებს“. სასამართლოს განჩინების თანახმად, USAGM-ის მიერ „რადიო თავისუფლებისათვის“ საგრანტო ხელშეკრულების შეწყვეტა, სავარაუდოდ, თვითნებური და დაუსაბუთებელი იყო და, სავარაუდოდ, არღვევს აშშ-ის კონსტიტუციას.

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ, როის ლამბერტმა, რომელმაც შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო, აღნიშნა: „„რადიო თავისუფლება“ ათწლეულების განმავლობაში მოქმედებდა, როგორც ორგანიზაცია, რომელიც კონგრესის მიერ კანონით იყო განსაზღვრული. USAGM-ის ხელმძღვანელობას არ შეუძლია, ერთი წინადადებით, რომელიც პრაქტიკულად არ ხსნის არაფერს, აიძულოს „რადიო თავისუფლება“ დაიხუროს, მაშინაც კი, თუ პრეზიდენტმა მათ ასე უბრძანა“.

მედიის ცნობით, გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და საქმის განხილვა გრძელდება.

ცნობისთვის, 15 მარტს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია RFE/RL-ის („რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება“) ქსელისთვის დაფინანსების სრული გაუქმების შესახებ. მანამდე „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტები სამსახურიდან გაათავისუფლეს.

„რადიო თავისუფლებამ“ და „ამერიკის ხმამ“ დაფინანსების აღსადგენად სარჩელი სასამართლოში შეიტანეს.