პირადად მე მსურს, ევროკავშირის წევრები გახდნენ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, უკრაინა და მოლდოვა. მსურს, ევროკავშირში ვიხილო ისლანდია, ნორვეგია, შვეიცარია და გაერთიანებული სამეფოც. კანადა, სულ მცირე, ასოცირებული წევრი გახდება. რაც შეეხება ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო, ეს მათ განვითარებაზე იქნება დამოკიდებული, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდერ სტუბმა ბელგიის ქალაქ ბრიუგეში, ევროპის კოლეჯში სასწავლო წლის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც სტუბმა აღნიშნა, მისი ხედვით, 30 წლის შემდეგ ევროკავშირში დაახლოებით 40 წევრი ქვეყანა იქნება, რაც მსოფლიოს სუვერენული სახელმწიფოების 20%-ია.
„წევრობის ფორმები განსხვავებული იქნება, ისევე როგორც დღეს. ყველა ქვეყანას ევრო არ ექნება ეროვნულ ვალუტად, თუმცა ევროკავშირი დღევანდელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაფართოვდება. პირადად მე მსურს, ევროკავშირის წევრები გახდნენ დასავლეთ ბალკანეთის ყველა ქვეყანა, უკრაინა და მოლდოვა. ბუნებრივია, მსურს, ევროკავშირში ვიხილო ისლანდია, ნორვეგია, შვეიცარია და გაერთიანებული სამეფოც. კანადა, სულ მცირე, ასოცირებული წევრი გახდება. რაც შეეხება ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო, ეს მათ განვითარებაზე იქნება დამოკიდებული. ამბიციურად ჟღერს ეს ყველაფერი? შესაძლოა, არარეალისტურადაც კი. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი: წარმოვიდგინოთ ის, რაც წარმოუდგენლად გვეჩვენება. როგორ ფიქრობთ, ევროკავშირის დამფუძნებლებს ეგონათ, რომ დღეს გაერთიანებას 27 წევრი ეყოლებოდა? ფიქრობდნენ თუ არა ლიდერები ჯერ კიდევ 30 წლის წინ, რომ ევროკავშირის წევრთა რაოდენობა გაორმაგდებოდა? წარმოედგინათ, რომ საერთო ვალუტა გვექნებოდა? ან ის, რომ ევროკავშირი მსოფლიოში ყველაზე ინტეგრირებული გაერთიანება გახდებოდა, რომელსაც ექსკლუზიური კომპეტენცია ექნებოდა ვაჭრობის, კონკურენციის, საბაჟო და მონეტარული პოლიტიკის სფეროებში? ფიქრობდნენ, რომ ევროკავშირი მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ აქტორად ჩამოყალიბდებოდა? ამიტომ ველოდოთ, რომ მომდევნო 30 წლის განმავლობაში ევროკავშირი კიდევ უფრო გაღრმავდება და გაფართოვდება", - განაცხადა სტუბმა.
მისივე თქმით, ევროკავშირის გაფართოების პროცესი, რა თქმა უნდა, არ წარიმართება შეუფერხებლად.
„ეს პროცესი შეუფერხებლად წარიმართება? რა თქმა უნდა, არა. ევროკავშირი ხშირად განვითარების სამ ეტაპს გადის: კრიზისი, ქაოსი და არაოპტიმალური გადაწყვეტილებები. როგორც ევროპელს, ბუნებრივია, ყველაზე მეტად ევროპის უსაფრთხოება მაწუხებს. ამ თვალსაზრისით, ომის შემდგომი პერიოდი, ანუ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ შექმნილი ვითარება, გადამწყვეტი იქნება", - აღნიშნა სტუბმა.
როგორც ფინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, მთავარი საკითხია, ისეთი ევროპული უსაფრთხოების სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ რუსეთი მეზობელ ქვეყნებს კვლავ აღარ დაესხმება თავს.
„ნატო მსოფლიოში ყველაზე ძლიერ და უდიდეს სამხედრო ალიანსად დარჩება. ის თავდაცვითი ალიანსია და არა ექსპანსიური. ჩვენთვის მთავარი საკითხია ისეთი ევროპული უსაფრთხოების სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ რუსეთი მეზობელ ქვეყნებს კვლავ აღარ დაესხმება თავს. ამის მისაღწევად ნდობის აღდგენის ღონისძიებების გატარებაა საჭირო. დიახ, ვიცი, ეს მოსაწყენად ჟღერს, მაგრამ უსაფრთხოება სწორედ ასეთი უნდა იყოს - იმდენად მოსაწყენი, რომ ყველა თავს საკმარისად დაცულად გრძნობდეს და მეზობელზე თავდასხმის საჭიროებას ვერ ხედავდეს. ვფიქრობ, 1975 წლის ჰელსინკის შეთანხმებებმა გაამართლა. თუმცა, ეუთო საკმარისად ძლიერი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ 2008 წელს - საქართველოში, ხოლო 2014 და 2022 წლებში უკრაინაში რუსეთის აგრესია თავიდან აეცილებინა. თუმცა აუცილებელია, ვეცადოთ, ვითარება სწორ კალაპოტში დავაბრუნოთ. ნდობის ჩამოყალიბებას დრო და მოთმინება სჭირდება", - განაცხადა ალექსანდერ სტუბმა.
