1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “როგორ იქცა უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო “დამოკლეს მახვილად”- Financial Times
“როგორ იქცა უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო “დამოკლეს მახვილად”- Financial Times

“როგორ იქცა უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო “დამოკლეს მახვილად”- Financial Times

0

ბრიტანულ გაზეთ “ფაინენშელ თაიმსში” (Financial Times) გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით: „როგორ იქცა უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო „დამოკლეს მახვილად“ (ავტორი – ფაბრიციო დეპრეზი). პუბლიკაციაში გაანალიზებულია მექრთამეობასთან და კორუფციასთან მებრძოლი დამოუკიდებელი უწყების საქმიანობა და ის ზეწოლები, რომელიც ბიუროზე ხელისუფლებიდან ხდება. „ბიურო ულმობლად მოქმედებს პრეზიდენტის გარემოცვის ფიგურების მიმართ“, – ხაზგასმულია მასალაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ვიდეოჩანაწერში, რომლის გამოც მიმდინარე კვირის დასაწყისში უკრაინის გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო იძულებული გახდა გადამდგარიყო, კრიმინალური თრილერის ყველა ელემენტი იყო ასახული: ავბედითი მუსიკა, საიდუმლო სატელეფონო საუბრები და იდუმალი პიროვნება, რომელსაც დეტექტივები „კანცლერს“ უწოდებენ.

35-წუთიან ფილმში ნაჩვენებია, თუ როგორ იცავს გენპროკურატურის ერთ-ერთი თანამშრომელი იმ ქოლ-ცენტრების ქსელს, რომლებიც ევროპელებს ატყუებდნენ. როცა [ინტერნეტში გამოქვეყნებული] ვიდეოჩანაწერის მნახველთა რიცხვმა 1 მილიონს გადააჭარბა და პრესაშიც უკვე ფართო აჟიოტაჟი დაიწყო, გენერალურ პროკურორს რუსლან კრავჩენკოს სხვა გამოსავალი აღარ დარჩა – მან ორშაბათს გადადგომა გამოაცხადა

და იცით, ფილმი რომელმა უწყებამ გადაიღო და გამოაქვეყნა? რომელმა და უკრაინელი პოლიტიკოსებისათვის ძალზე კარგად ცნობილმა „ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ“ (უკრაინულად – Національне антикорупційне бюро України, НАБУ).

უწყება, რომელიც პეტრო პოროშენკოს პრეზიდენტობის დროს დაარსდა, ბოლო დროს მნიშვნელოვან ძალად იქცა – „ნაბუ“ ულმობლად ანადგურებს ფიგურებს, რომლებიც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გარემოცვაში არიან და წინააღმდეგობას უწევს პოლიტიკოსებსა და ჩინოვნიკებს, რომლებიც მისი როგორც ანტიკორუფციული ორგანოს  უფლებამოსილებას შეზღუდვას ცდილობენ.

რუსლან კრავჩენკოს გადადგომამდე რამდენიმე კვირით ადრე ინტერნეტში კიდევ ერთი ვიდეოჩანაწერი გაჩნდა, რომელშიც НАБУ-მ პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი ქრთამის აღებაში ამხილა და აიძულა პოსტიდან გადამდგარიყო, უფრო ადრე კი ანტიკორუფიული ბიუროს მიერ გამოქვეყნებული სამხილების გამო თანამდებობებიდან გადადგნენ მინისტრთა კაბინეტის წევრები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და მისი გარემოცვის სხვა წარმომადგენლები. გარდა ამისა, НАБУ-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა პარლამენტის 60 წევრის მიმართ. ეს ყველაფერი „ფაინენშელ თაიმსთან“ საუბარში ალექსანდრე აბაკუმოვმა თქვა, რომელიც ამჟამად НАБУ-ს ერთ-ერთი საგამოწიები ქვედანაყოფის ხელმზღვანელად მუშაობს.

დღეს უკრაინის პოლიტიკური ელიტა სუნთქვაშეკრული თვალს ადევნებს მოვლენებს და მკითხაობს, თუ ვინ იქნება შემდეგი პიროვნება, რომელსაც ანტიკორუფციული ბიურო უკანონო ქმედებაში ამხელს. თავის მხრივ, ელიტის წარმომადგენლები ცდილობენ НАБУ-ზე ზეწოლა განახორციელონ და მწვავე კითხვები არ ასვენებთ: როდემდე გაუძლებს ბიურო? როდემდე გააგრძელებს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი უწყება სახელმწიფოს ინტერესების დაცვას ომის მძიმე პირობებში?

„დღეს უკრაინელი პოლიტიკოსების თავზე დამოკლეს მახვილია დაკიდებული“, – ამბობს ბალაჟ იარაბიკი, ევროკავშირის ყოფილი დიპლომატი, ამჟამად კი R.Politik-ის ანალიტიკოსი.

ცოტა ვინმე თუ იწინასწარმეტყველებდა უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს თავბრუდამხვევ აღმასვლას იმ დროს, როცა ქვეყნის იმდროინდელმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა ბრძანებულებას ამ უწყების შექმნის შესახებ 2015 წელს – ერთი წლის შემდეგ იმ დემოკრატიული რევოლუციიდან, რომელმაც იმედი გააჩინა ქვეყანაში გაბატონებული სისტემური კორუფციის შეწყვეტის თაობაზე. თავდაპირველად НАБУ საკმაოდ „უყურადღებოდ“ იყო მიტოვებული – უწყება კიევის ცენტრიდან მოშორებით, გარეუბანში „დაასახლეს“, ყოფილ საბჭოთა კვლევითი ინსტიტუტის შენობაში, შეზღუდული რესურსებით… თუმცა, როგორც პარლამენტის კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი კომიტეტის თავმჯდომარე ანასტასია რადინა ამბობს, ბიურო, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა, რაც დრო გადიოდა, მით უფრო აქტიურობდა. ამოქმედდა სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურაც…

ალექსანდრე აბაკუმოვის თქმით, რომელმაც ბიუროში მუშაობა 2016 წელს დაიწყო, უწყებამ ბევრი პრობლემა გადალახა. პირველ ხანებში НАБУ ძველი კორუფციული სქემებისა და ფაქტების ხელახალ გამოძიებაზე მუშაობდა, მშემდეგ კი თანდათან გამოცდილება შეიძინა. 2022 წლისათვის ანტიკორუფციული ბიურო საკმაოდ მობილური და ოპერატიული გახდა, დაიწყო დანაშაულში ეჭვმიტანილების დაჭერა მამხილებელი ფაქტებით.

„ჩვენ მოპოვებული სამხილებით და მტკიცებულებებით ვაიძულებთ თანამდებობის პირების უფლებამოსილების შეწყვეტას და არ ველოდებით, სანამ ისინი ნებაყოფლობით გადადგებიან ან გაათავისუფლებენ“, – ამბობს ალექსანდრე აბაკუმოვი.

რუსეთის არმიის შეჭრამ უკრაინაში და ომის დაწყებამ НАБУ-ს მუშაობა გააფართოვა – ყურადღება მიექცა კორუფციის ფაქტებს უდიდეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში, სადაც ევროპული ფულის მითვისებისა და დატაცების უკანონო სქემები ჩამოყალიბდა. ჩინოვნიკები თვითნებურად ამატებდნენ ფასებს ყველაფერს იმას, რასაც სახელმწიფო ყიდულობდა – სურსათით დაწყებული, დამთავრებული დრონებით, რაკეტებით და ტანკებით.

და როცა ომის დროს კორუფცია უკრაინისათვის სიკვდილ-სიცოცხლის ფაქტორი გახდა, ბიურომ თვალი მიაპყრო  ხელისუფლების მწვერვალს – პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და მის გარემოცვას, საიდანაც სიტუაცია იმართებოდა. თავის მხრივ, გავლენიანი პირები და თვით პრეზიდენტიც НАБУ-ს გამომძიებლების შეჩერებას შეეცადნენ… უწყების უფლებამოსილების შეკვეცა სცადეს, მისი დამოუკიდებლობის შეზღუდვა. ამ ფაქტმა საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია, უკრაინის მოკავშირეებმა პრეზიდენტზე ზეწოლა განახორციელეს. საქმე კონფუზამდე მივიდა – ვოლოდიმირ ზელენსკი იძულებული გახდა თავისი ბრძანებულება გაექმებინა. R.Politik-ის ანალიტიკოსის ბალაჟ იარაბიკის თქმით, პრეზიდენტის გარემოცვის განზრახვა ჩაიშალა, НАБУ-ს ავტორიტეტი კი რეკორდულად განმტკიცდა.

გასული წლის ნოემბერში НАБУ-მ ენერგიულად შეუტია იმ კომპანიებს, რომლებიც სახელმწიფო შეკვეთების შესრულების პროცესში „ხელს ითბობდნენ“ და ე.წ. „ატკატებს“ იღებდნენ. მათმა მხილებამ უკრაინის საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება გამოიწვია – პრესაში გაჩნდა სათაურები „როგორ ძარცვავენ პრეზიდენტის მეგობრები ქვეყანას ომის დროს“.

ვოლოდიმირ ზელენსკი იძულებული გახდა თანამდებობებიდან გაეთავისუფლებინა ენერგეტიკისა და იუსტიციის მინისტრები სვეტლანა გრინჩუკი და გერმან გალუშენკო. ერთ-ერთი მათგანი ქვეყნიდან გაქცევისას დაიჭირეს.

შემდეგ გაიჩხრიკა პრეზიდენტის „მარჯვენა ხელის“ – ადმინისტრაციის უფროსის ანდრეი ერმაკის ბინა, რომელიც იძულებული გახდა გადამდგარიყო. გამოძიების მასალებით, ერმაკი ფულის გათეთრებაში იქნა ეჭვმიტანილი (…) მართალია, იგი ბრალდებებს უარყოფს და ამჟამად გირაოს შეტანით არის პატიმრობიდან თავისუფალი, მაგრამ ვალდებულია სასამართლომდე ელექტრონულ ბრასლეტი ატაროს.

მაგრამ ანტიკორუფციულ ბიუროზე ისევ ხდება შეტევები, მათ შორის კონკურენტი სამართალდამველი უწყებების მხრიდან. მაგალითად, უკრაინის უშიშროების სამსახურის  თანამშრომლებმა (გამომძიებლებმა) НАБУ-ს გამომძიებლების ბინები გაჩხრიკეს, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა „უსაფუძვლო და პოლიტიკურად მოტივირებულ“ ქმედებად ჩათვალეს. ზოგიერთმა კანონმდებელმა НАБУ უფლებამოსილების გადარბებში დაადანაშაულა. მათი განცხადებით, ანტიკორუფციული ბიურო პოლიტიკურ სუბიექტად გადაიქცა, რომელიც შურისძიების მიზნით მოქმედებს.

ალექსანდრე აბაკუმოვი ღიმილით ამბობს ფაინენშელ თაიმსთან“ საუბარში, რომ НАБУ იმდენი დეპუტატის საქმეს იძიებს, რომ შეიძლება მართლაც რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეს: „თუ განაწყენებული დეპუტატების რაოდენობა გაიზრდება, მათ შეიძლება კანონმდებლობა შეცვალონ“.

მართლაცდა, უკრაინის პარლამენტში (ვერხოვნა რადაში) არიან ისეთი პოლიტიკოსები, რომლებსაც НАБУ-ს საქმიანობა არ მოსწონთ, მაგალითად, ფრაქცია „ბატკივშინას“ წევრები, მათი ლიდერის, ექს-პრემიერის იულია ტიმოშენკოს ჩათვლით, რომელიც ბიურომ დეპუტატთა ხმების მოსყიდვაში დაადანაშაულა.

პოლიტიკური ანალიტიკოსი ვლადიმერ ფესენკო უარყოფს იმ იდეას, რომლის თანახმად, ანტიკორუფციულ ბიუროს თითქოსდა „თავისი პოლიტიკური პროგრამა აქვს“: „პარლამენტში არ არსებობს НАБУ-ს ინტერესების გამომხატველი ჯგუფი“, – ამბობს პოლიტოლოგი, – „თუმცა არიან მისი მოქმედების მხარდამჭერები“.

ანალიტიკოსებისა და ოფიციალური პირების თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს მუშაობა უდაოდ ახდენს პოლიტიკურ გავლენას: ქვეყანაში გამწვავდა პროფესიული და გამოცდილი მაღალჩინოსნების დეფიციტი [ბევრს თანამდებობებზე დანიშვნა არ სურთ], შენელდა საპარლამენტო მუშაობა – დეპუტატები შეშინებულები არიან და ფრთხილობენ, ვაითუ НАБУ-ს სამიზნეში აღმოჩნდნენ. საზოგადოებაში არის ასეთი აზრიც: არჩევნები რომ ჩატარდეს, ვოლოდიმირ ზელენსკის ძალიან მცირე შანსები აქვს მეორედ არჩევისათვის.

მაგრამ როგორც НАБУ-ს დირექტორმა სიმონ კრივონოსმა განუცხადა „ფაინენშელ თაიმსს“, „ბრალდებები მისი უწყების პოლიტიზირების შესახებ „ცრუ დილემას“ ეფუძნება, „რომლის თანახმად, უკრაინამ თითქოსდა არჩევანი უნდა გააკეთოს ომში გამარჯვებასა და დამოუკიდებელ ანტიკორუფციულ სისტემას შორის. ასეთი არჩევანი არ არსებობს“.

 

წყარო: