1. Home
  2. TOP სიახლე
  3. შინდისის ბრძოლიდან 14 წელი გავიდა
შინდისის ბრძოლიდან 14 წელი გავიდა

შინდისის ბრძოლიდან 14 წელი გავიდა

306
0

შინდისის ბრძოლიდან 14 წელი გავიდა.   შინდისის ბრძოლა აგვისტოს ომის გამორჩეული და მძიმე ეპიზოდია. 

შინდისში გმირთა მემორიალთან, დაღუპულთა ოჯახის წევრები და ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ადგილზე თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეც მივიდა, რომელმაც განაცხადა, რომ 11 აგვისტო გმირების ხსოვნის დღედ დაწესდება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, შინდისის გმირები საქართველოსთვის გამორჩეული გმირები არიან.
 
“14 წლის წინ, აქ ტრაგედია მოხდა, თუმცა დღეს, 14 წლის შემდეგ, ჩვენ ჩვენი გმირებით, მათი ოჯახის წევრებით ამაყი ვართ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი გმირების მშობლებს, ოჯახის წევრებს, რომ სამშობლოს ასეთი ადამიანები გაუზარდეს. მოხარული ვარ, რომ საზოგადოების უფრო დიდი ნაწილი ყოველ წელიწადს იაზრებს, თუ რა გმირობა ჩაიდინეს მათ ჩვენი სამშობლოსთვის და რა ღვაწლი აქვთ. ეს დღე დაწესდება საზოგადოებისთვის, როგორც ჩვენი გმირების ხსოვნის დღე. როგორც ინდივიდუალურ შემთხვევად, გიორგი ანწუხელიძე არის საქართველოსთვის გამორჩეული გმირი, ასევე ჩვენი შინდისის გმირები არიან ძალიან გამორჩეული გმირები“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
 
მისი თქმით, შინდისის გმირების მონუმენტი ფაქტობრივად დასრულებულია.
 
ჩვენ 1 წელიწადში შევძელით და მონუმენტი ფაქტობრივად დავასრულეთ. ვგეგმავთ, რომ სექტემბერში აღნიშნული მონუმენტი გაიხსნება. ჩვენ მონუმენტის ესკიზის სხვა ვერსიაც გვქონდა, თუმცა ოჯახების თხოვნით და მათთან შეთანხმებით, გადავწყვიტეთ, რომ არსებული ესკიზი შეგვენარჩუნებინა“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
 
რაც შეეხება მუზეუმის გახსნას, მინისტრის განცხადებით, მისი მშენებლობა წელს დაიწყება და უახლოეს მომავალში დასრულდება.
 

2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელ ასეულთან.  წინასწარ ჩასაფრებულ რუსებს დამატებითი ძალების გამოძახება დასჭირდათ. ქართველი ჯარისკაცების წინააღმდეგ გამოიყენეს ყველა შეიარაღება, რაც კი  გააჩნდათ. მტერმა მათი დამარცხება მას შემდეგ შეძლო, რაც ქართველებს ტყვია- წამალი გაუთავდათ.

 

რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა – ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

 

მათი გმირობის შესახებ რეჟისორ დიტო ცინცაძის მიერ გადაღებული მხატვრული ფილმის „შინდისის“ პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში 2019 წლის სექტემბერში შედგა. ფილმი საქართველოს მიერ წარდგენილი იყო “ოსკარის” უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაში.