1. Home
  2. TOP სიახლე
  3. აღვირახსნილი კამპანიაა ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ – სარჯველაძე
აღვირახსნილი კამპანიაა ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ – სარჯველაძე

აღვირახსნილი კამპანიაა ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ – სარჯველაძე

184
0

არ მგონია, გამოხატვის ის ფორმები, რასაც ცალკეული პირები იყენებენ, დასაშვები იყოს, რადგან ეს შეურაცხყოფს სასულიერო პირების ღირსებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ოპოზიციის მხრიდან ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ აღვირახსნილი და ნეგატიური კამპანია ისევ ისმის. ბუნებრივია, ამ საკითხებზე პასუხების გაცემა არის საჭირო. ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციისგან და პატრიარქისგან ხელები შორს წაიღონ და დაანებონ თავი. არ მგონია, რომ გამოხატვის ის ფორმები, რასაც ცალკეული პირები იყენებენ, რაღაცნაირად დასაშვები იყოს, რადგან ეს შეურაცხყოფს სასულიერო პირების ღირსებას და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს. ისე უნდათ სიტუაციის წარმოჩენა, რომ თითქოს, ეს არის გამოხატვის რაღაც შეზღუდვა. კრიტიკული მოსაზრებების გამოთქმის საშუალება ყველას აქვს, აქ საუბარია დამახინჯებული ფორმებით მსჯელობაზე“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, გამოხატვის ნიღბის ქვეშ კი არის ძალიან მავნებლური პოლიტიკა.

„ყველა კარგად ხვდება, რომ უზარმაზარი ავტორიტეტული ორგანიზაციის იმიჯის შელახვის მცდელობა აქვს ბევრს. მართლმადიდებელი ეკლესია ისტორიულად დიდი ავტორიტეტის მქონე დაწესებულებაა, რომელსაც მათ შორის ქვეყნის კონსტიტუცია აღიარებს. ამ ყველაფერს მხოლოდ ის არ გვალაპარაკებს, რომ მართლმადიდებელი ვარ. ზოგადად საუბარია ნებისმიერი აღმსარებლობის თავისუფლებაზე და რა თქმა უნდა, უზარმაზარ პატივისცემაზე, რომლითაც განმსჭვალული უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანი, ვინც ცდილობს, კრიტიკული მოსაზრება გამოხატოს. კრიტიკის უფლება აქვს, მაგრამ ზღვარს არ უნდა გასცდეს, როცა გამოხატვის ფორმებს შეარჩევს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.