1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “პუტინმა ომში არ უნდა გაიმარჯვოს, მაგრამ ზედმეტად არც ზელენსკიმ არ უნდა მოიგოს”-TIME
“პუტინმა ომში არ უნდა გაიმარჯვოს, მაგრამ ზედმეტად არც ზელენსკიმ არ უნდა მოიგოს”-TIME

“პუტინმა ომში არ უნდა გაიმარჯვოს, მაგრამ ზედმეტად არც ზელენსკიმ არ უნდა მოიგოს”-TIME

583
0

აშშ-ის ცნობილი ჟურნალი “თაიმი” (Time) აქვეყნებს სტატიას სათაურით – “პუტინმა ომში არ უნდა გაიმარჯვოს, მაგრამ ზედმეტად არც ზელენსკიმ არ უნდა მოიგოს” (ავტორი – ჯოზეფ იოფე, სტენფორდის უნივერსიტეტის ჰერბერტ ჰუვერის სახელობის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების პირველ ეტაპზე რუსები თითქმის კიევის გარეუბნებამდე მივიდნენ, უკრაინის სახელმწიფოს, ლამის, დაღუპულად თვლიდნენ. მეორე ეტაპზე, ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისში, მსხვერპლმა ძალები მოიკრიბა და ბევრი დასახლებული პუნქტი დაიბრუნა. მესამე ეტაპი დაიწყო უკრაინის არმიის ზღაპრული წარმატებით – ქალაქ ხერსონიდან რუსეთის ჯარების გაძევებით, რაც ქვეყნის სამხრეთში მოპოვებული, პირველი კლასის სტრატეგიულ გამარჯვებას წარმოადგენს.

 

მაგრამ სიტუაცია შეიძლება უარესობისაკენ შეიცვალოს.

დიახ, უკრაინელები ჯერჯერობით ბრძოლის ველზე დომინირებას აგრძელებენ, ძლიერი მოტივაციის და დასავლური იარაღის უწვეტი ნაკადის წყალობით. უკრაინელები საკუთარი თავის გადარჩენისთვის იბრძვიან, ასიათასობით რუსი კი საზღვარგარეთ გარბის, მობილიზაციისაგან თავის არიდების მიზნით.

უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც ბოლო თვეებში მოპოვებული წარმატებებით ხარობდა, ახლა ისეთი საფრთხის წინაშე დგას, რომელიც ადრე ყოველთვის უკანა პლანზე იყო და არ ჩანდა. ამ საფრთხის წყაროები ვოლოდიმირ ზელენსკის დიდსულოვანი დასავლელი მეგობრები არიან: ნოემბერში ჯო ბაიდენის მრჩეველი ჯეიკ სელივანი თავის რუს კოლეგებს შეხვდა “კონფიდენციალური საუბრის” მიზნით და ეს ინფორმაცია თეთრმა სახლმა დაუყოვნებლივ საზოგადოებას აცნობა – როგორც ჩანს, ამით ვაშინგტონმა კიევსაც სიგნალი გაუგზავნა. როგორც ირკვევა, მათ ის “კომპრომისები” განიხილეს, რომლებზეც ჯო ბაიდენს შეუძლია წავიდეს ანუ – რაღაც დათმოს. “რასაკვირველია, აშშ-ის პრეზიდენტს ამით სულაც არ სურს, უკრაინელებზე ზეწოლა განახორციელოს და უკარნახოს, თუ მათ რა უნდა გააკეთონ”, მაგრამ მინიშნება აშკარად შესამჩნევია. “ვასალის მორჯულება” და “მისთვის ლაგამის ამოდება” – ეს ისაა, რასაც დიდი და ძლიერი სახელმწიფოები მიმართავენ ხოლმე, კონფლიქტში ჩათრეულები რომ არ აღმოჩნდნენ, ამ შემთხვევაში – რუსეთთან კონფლიქტში, რომელსაც სიკვდილის მთესველი იარაღის უდიდეს არსენალი აქვს.

თეზისი იმაზე, რომ ვლადიმერ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, არასდროს იწვევდა ნდობას. ამ შემთხვევაში ყველაფერი ნათელია: დაიწყება ერთი ტაქტიკური მნიშვნელობის აფეთქებით და ყველაფერი კატასტროფული დუელით დასრულდება. ჯერ კიდევ ბირთვულამდელ ეპოქაში, ლეგენდარული პრუსიელი სტრატეგოსი კარლ ფონ კლაუზევიცი აფრთხილებდა ყველას “იმ პირველ დაუფიქრებელ ნაბიჯზე, რომელიც შეიძლება უკანასკნელიც აღმოჩნდეს”. კუბის ატომური კრიზისის დროს ჯონ კენედი, კლაუზევიცის გავლენით, წერდა: მე პირველი ნაბიჯი კი არ მადარდებს, არამედ ის, რომ ორივე მხარე მეოთხე ნაბიჯზეც წავა და მეხუთეზეც… აი, რაც შეეხება მეექვსეს, იმას ჩვენ უკვე ვეღარ გადავდგამთ, იმიტომ რომ ნაბიჯის გადამდგმელი არავინ დარჩება”.

 

ვლადიმერ პუტინი რომ სერიოზულად ლაპარაკობდეს [ბირთვული იარაღის გამოყენებაზე], ეს აშშ-ის დაზვერვას ეცოდინებოდა. დაზვერვა საქმის კურსში იქნებოდა, გამოაქვთ თუ არა რუსებს ტაქტიკური საბრძოლო ქობინები კარგად დაცული ბუნკერებიდან, რაკეტებზე და თვითმფრინავებზე მათი შემდგომი დამონტაჟების მიზნით. ეს რომ განზრახული ყოფილიყო, ისინი ერთად იქნებოდნენ თავმოყრილები, მოიმატებდა ინფორმაცია მათი გადაადგილების შესახებ… გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება რომ ნდომოდა, იგი თავს დაიზღვევდა და, იმავდროულად, სტრატეგიული დანიშნულების ძალებსაც საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანდა. რუსი პრეზიდენტისათვის რისკი მოიმატებდა, რადგან მან კარგად იცის, რომ პროგრამა DEFCON 2-ის მიხედვით, ამერიკის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები გაშვებისათვის მზად ექვსი საათის შემდეგ იქნებოდნენ. ვლადიმერ პუტინი ამას არ აკეთებს, რადგან კარგად იცის: ყოველგვარმა არასწორად გადადგმულმა ნაბიჯმა კაცობრიობა შეიძლება ბირთვულ ომში გახვიოს.

პუტინი საგულდაგულოდ თავს არიდებს ამ ნაბიჯების გადადგმას. ბირთვული ომის დაწყება არავის სურს: კრემლი ნატომაც და მისმა კვაზი-მოკავშირე ჩინეთმაც გააფრთხილეს: “ბირთვული ომი არ უნდა იყოს”.

მიუხედავად ამისა, რუსეთის პრეზიდენტის ატომურმა მუქარებმა დასავლეთი ააფორიაქა. ვინ მოისურვებს კიევისათვის სიკვდილს? ან გაყინვას, როცა მოსკოვი ევროპას, უკრაინის გამო, გაზს აღარ აწვდის? პარიზი და ბერლინი ომის პირველივე დღეებიდანვე შუამავლის როლის შესრულებას ცდილობდნენ, მაგრამ – ამაოდ. დღეს კი, როცა რუსული არმიის შეჭრიდან 9 თვე გავიდა, დასავლელი ლიდერები, როგორც ჩანს, უკვე იღლებიან უკრაინის კონფლიქტით. ომის შეწყვეტისა და დასრულების სურვილი ამერიკაშიც მატულობს, რესპუბლიკურ ოპოზიციაში.

როგორ პარადოქსულადაც უნდა მოგვეჩვენოს, შიში ადამიანს ზოგჯერ საოცარ ძალას ჰგვრის (“შიშს დიდი თვალები აქვს”). უკრაინის მიერ მიღწეულ წარმატებას შეუძლია რუსეთის საპასუხო რეაქციის პროვოცირება. არ არის გამორიცხული, რომ გაბოროტებულმა კრემლმა ევროპისთვის სახიფათო ნაბიჯი გადადგას. ასეთ სიტუაციაში სტრატეგიული რეალიები კიევის სასარგებლოდ არ იქნება. ანუ ომის მესამე ეტაპზე უკრაინელები ვეღარ გაიმეორებენ თავიანთ წარმატებებს – ისეთს, რასაც მეორე ეტაპზე მიაღწიეს.

რატომ? იმიტომ, რომ როცა რუსები უკან იხევენ, ახალ პოზიციებზე, ისინი სერიოზულ უპირატესობას იღებენ – როგორც კლაუზევიცი ამბობს, “კარგად გამაგრებული და წინასწარ მომზადებული შიდა მიჯნების გამო”: შემტევი მხარისათვის სანგრებში და ტრანშეებში ჩამჯდარი მტრის გაძევება ძნელია – როგორც წესი, ტანკსაწინააღმდეგო ბარიერების, ბუნკერებისა და საარტილერიო წერტილების გადასალახავად საჭიროა ცოცხალი ძალა პროპორციით – სამი ერთზე. ამიტომაც, ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დელიკატურად გააფრთხილა თავისი უკრაინელი კოლეგა: დროა, პუტინთან მოლაპარაკების დაწყებაზე იფიქროო. მაგრამ იბადება კითხვა: რა პირობით? ალბათ, იგულისხმება იმ პოზიციაზე დათანხმებით, რომლის მიხედვით, რუსეთი აბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიას 24 თებერვლის მდომარეობით ანუ ომის დაწყებამდე როგორც იყო?!

სტრატეგოსები, ალბათ, პრეზიდენტს ურჩევდნენ: “ამ საქმეში ნუ იჩქარებთ, ბატონო პრეზიდენტო”. ზავი ყოველთვის აძლევს უპირატესობას დასუსტებულ მხარეს. შესაბამისად, პაუზა რუსეთის არმიას შესაძლებლობას მისცემს, თავისი რიგები ახალი ცოცხალი ძალით და ტექნიკით შეავსოს. განა რუსეთი ასე არ გააკეთებს? გამოდის, რომ ასეთი პირობით დაზავება კიევისათვის იმას ნიშნავს, რომ მოსკოვი კონტრშეტევისთვის მოემზადება.

წარსულში რუსეთმა, თავისი ქცევით და მოქმედებით, ბევრჯერ დაიმსახურა უნდობლობა. გავიხსენოთ, რომ ყირიმის ანექსიისა და დონბასის ოკუპაციის შემდეგ (2014 წელს) მოსკოვმა ვალდებულება აიღო ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვაზე და მძიმე ტექნიკის გაყვანაზე. რუსეთმა პირობა დადო, რომ პატივს სცემდა უკრაინის სუვერენიტეტს და მონაწილეობას მიიღებდა პრობლემის პოლიტიკურ მოგვარებაში. ამის ნაცვლად მოსკოვი აგრძელებდა დონბასისა და ყირიმის რუსიფიცირების პროცესს, შემდეგ – უკრაინის დამატებით ტერიტორიაზეც შეიჭრა. დასავლეთს საწყის ეტაპზე მსხვერპლისთვის – უკრაინისთვის მძიმე ტექნიკის მიწოდება არ სურდა და რუსეთის მოქმედებას სანქციებით უპასუხა. ვლადიმერ პუტინისათვის ასეთი სიტუაცია იმას ნიშნავდა, რომ “ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის, ასე გავაგრძელოთ”.

კიდევ რა უნდა გააკეთოს დასავლეთმა უკრაინასთან დაკავშირებით, საერთაშორისო პოლიტიკაში მორალური დემოკრატიული იმპერატივების დადასტურების გარდა? დასავლეთმა უნდა გადაარჩინოს უკრაინა ისეთი ნგრევისაგან, რომელიც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არასოდეს მომხდარა, როცა ნაცისტური არმია განურჩევლად ყველაფერს ანადგურებდა და ყველას ხოცავდა. სამწუხაროდ, ჰუმანიტარული მოვალეობის შესრულება ყოველთვის არ არის საიმედო ორიენტირი სახელმწიფოს მართვაში, პირველ ადგილზე ხშირად ანგარებითი ინტერესი, სიხარბე ან სიძუნწე დგას.

ამრიგად, მოდი, გავიხედოთ მორალისა და ზნეობის ფარგლებს მიღმა და განვიხილოთ პოლიტიკური იმპერატივები: საკითხი ეხება 77-წლიან ევროპულ წესრიგს, რომელმაც [1945 წლიდან] ბოლო მოუღო ძალადობას და ნგრევას. იმ დროიდან ასეთი სიტუაცია არსებობდა: “დიახ” – კონკურენციას და მეტოქეობას, წონასწორობის პრინციპის დაცვით, მაგრამ “არა” – იმპერიულ მოქმედებას და დაპყრობას. მაგრამ პუტინის რუსეთი რევიზიონისტული სახელმწიფოა, რომელიც სტატუსკვოს პრინციპს ისე ატრიალებს, როგორც თვითონ სურს. ვლადიმერ პუტინი ცდილობს დაამტკიცოს, რომ მისი გავლენის სფეროს აღმოსავლეთ ევროპა წარმოადგენს, ძველი საბჭოთა იმპერიის კონტურების გათვალისწინებით, რაც მას არა ერთხელ განუცხადებია.

ასეთი სტრატეგია კონიუნქტურულია და შემდეგს ნიშნავს: “ამოძრავეთ თქვენი პაიკები წინ, იქით, სადაც რისკები შეიძლება გათვალო – როგორც ეს იყო საქართველოს, ყირიმის და დონბასის მიმართ. ვინ იქნება შემდეგი, თუ დასავლეთს გამბედაობა არ ეყოფა? დავუშვათ, აშშ და მისი მოკავშირეები ვოლოდიმირ ზელენსკის “მოკლე თოკით (სადავით) დაიჭერენ, ანუ მას იარაღის მიწოდებას შეუმცირებენ. კრემლი დასკვნას გააკეთებს, რომ უკრაინის ნგრევის გაგრძელება შესაძლებელი იქნება სტრატეგიული ბომბდამშენებისა და შორსმსროლელი არტილერიის მეშვეობით, ანუ რუსეთისათვის უსაფრთხოდ. გამოდის, რომ ეს იქნება პრიზი კრემლისთვის, მოგება რამე განსაკუთრებული ტრავმა-ტკივილის გარეშე. ასეთი მდგომარეობა დასავლეთისთვის სასიკვდილო დილემას წარმოადგენს.

ახლა მთავარია ის, რომ ვლადიმერ პუტინმა არ გაიმარჯვოს, მაგრამ არც ვოლოდიმირ ზელენსკიმ არ უნდა მიაღწიოს ძალიან მნიშვნელოვან და ძლიერ წარმატებას. დღეს, როცა უკრაინა წინ მიიწევს, რუსეთი კი უკან იხევს ან ადგილს ტკეპნის, მოლაპარაკებები სიტუაციის მტკიცე დარეგულირებას ვერ უზრუნველყოფს.

როგორ უნდა გადაწყდეს ეს დილემა?

ჯერჯერობით შეიძლება ამ გადაწყვეტილების მხოლოდ პრინციპული მომენტები მოვნიშნოთ. დასავლეთი ხომ უკრაინას მხოლოდ ვლადიმერ პუტინის ჯარების გარეკვის მიზნით არ ეხმარება, უკრაინამაც რაღაც უნდა გააკეთოს და აკეთებს კიდეც: კიევიც, თავის მხრივ, ევროპული უსაფრთხოების სისტემისათვის იბრძვის, რომელიც რუსული ექსპანსიონიზმის გამო საფრთხის ქვეშაა მოქცეული. უკრაინა ევროპას ვალს უბრუნებს, რუსეთთან გაბედული ბრძოლის სახით. კიევი თავისი თავგანწირვით დასავლეთს იცავს.

საქმე ის არაა, ვლადიმერ პუტინი და მისი რეჟიმი დაემხობა თუ არა (რაც, სხვათა შორის, მხოლოდ რუს ხალხს ძალუძს). საქმე ისაა, რომ იგი დასავლეთმა გამოაფხიზლოს და მისი ავანტიურიზმი გრძელვადიანი პერსპექტივით შეაკავოს. ყირიმი, როგორც ჩანს, [უკრაინისთვის] დაკარგულია. მაგრამ თუ დასავლეთი პუტინის სხვა დაპყრობებსაც აღიარებს, მაშინ ამით იგი უფრო გათამამდება. უნდა გვახსოვდეს, რომ გლობალურ დონეზე კრემლის მოქმედებას სხვა ამბიციური რევზიონისტებიც უყურებენ – ისეთები, როგორებიცაა ჩინეთი, ირანი და სხვები. 

 

წყარო