1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “რატომ ცხოვრობს თბილისში პუტინის გარემოცვის ოლიგარქის, ალექსანდრ კოპილკოვის შვილი”- ნიკა მელია
“რატომ ცხოვრობს თბილისში პუტინის გარემოცვის ოლიგარქის, ალექსანდრ კოპილკოვის შვილი”- ნიკა მელია

“რატომ ცხოვრობს თბილისში პუტინის გარემოცვის ოლიგარქის, ალექსანდრ კოპილკოვის შვილი”- ნიკა მელია

302
0

კოპილკოვი, ვისი ოჯახიც თბილისში ცხოვრობს, რამზან კადიროვთან დაახლოებული პირია და აქვს პირდაპირი საქმიანი კავშირები ათეულობით სანქცირებულ პირთან. – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებამ კონკრეტული ოლიგარქის, მისი ოჯახის წევრების თაობაზე უნდა გააკეთოს განმარტებითი განცხადება, მიუხედავად იმისა, რომ მათი პოზიცია ცნობილია საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

როგორც მელიამ ბრიფინგზე აღნიშნა, პაველ კოპილკოვის ოლიგარქი მამა, პირდაპირ კავშირშია რუსულ სამხედრო ინდუსტრიასთან, ასევე კავშირშია რუსულ სამხედრო დაფინანსებასთან სირიაში, ყირიმსა და ახლა უკრაინაში.

ნიკა მელია ხელისუფლებას, განსაკუთრებით კი, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუწოდებს, დღის ბოლომდე გააკეთონ განმარტებითი განცხადება, თუ რატომ ცხოვრობს რუსი ოლიგარქის ოჯახი თბილისში.

„რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა კადრები, როგორ აყენებს შეურაცხყოფას თბილისში მყოფი რუსეთის მოქალაქე ქართველებს. ეს პირი, რომელიც „რუსული ოცნების“ ხელისუფლებამ უპრობლემოდ და უკონტროლოდ შემოუშვა საზღვარზე, პუტინის გარემოცვის ოლიგარქის, ალექსანდრ კოპილკოვის შვილი, პაველ კოპილკოვი აღმოჩნდა. ის პოლიციამ მხოლოდ წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა, ისიც საჯარო აღშფოთების ფონზე. დღეს ის უკვე არის თავისუფალი, მან დატოვა მცხეთის იზოლატორი დაკავებიდან რამდენიმე საათშივე. პაველ კოპილკოვის ოლიგარქი მამა, პირდაპირ კავშირშია რუსულ სამხედრო ინდუსტრიასთან, კავშირშია რუსულ სამხედრო დაფინანსებასთან სირიაში, ყირიმსა და ახლა უკრაინაში. მის ოჯახს მოხვეჭილი აქვს უზარმაზარი ქონება რუსეთის არმიასთან გაფორმებული კონტრაქტებით და დღეს ეს ოჯახი ცხოვრობს თბილისში. რუსი ოლიგარქი ალექსანდრ კოპილკოვი არის გასამხედროებული ორგანიზაციის „Boyevoe Bratstvo”-ს სპონსორი, ორგანიზაციის, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული ყირიმის ოკუპაციასა და მარიუპოლის ალყის ორგანიზებაში. ის არის უშუალო პარტნიორი პუტინის უახლოესი გარემოცვის ყველაზე გავლენიანი ოლიგარქების: ალიშერ უსმანოვის და იგორ სეჩინის, რომლებზეც უკრაინაში ომის პირობებში, ერთ-ერთ პირველებზე გავრცელდა საერთაშორისო სანქციები.

კოპილკოვი, ვისი ოჯახიც თბილისში ცხოვრობს, რამზან კადიროვთან დაახლოებული პირია და აქვს პირდაპირი საქმიანი კავშირები ათეულობით სანქცირებულ პირთან. ასე მუშაობს დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თვალს ხუჭავს რეალურ საფრთხეზე და უკრაინაში ტერორიზმის სპონსორების ოჯახებს უშვებს საქართველოში. ვინმე იტყვის, რომ ეს ადამიანები რუსულ რეჟიმს არიან გამოქცეულები, არ სურთ ომი და ამ მოტივით უნდა შევიფაროთ?! მოვუწოდებ ხელისუფლებას, განსაკუთრებით გომელაურს, დღის ბოლომდე გააკეთონ განმარტებითი განცხადება როგორც ქართული საზოგადოებისთვის, ასევე უკრაინული და საერთაშორისო მხარისთვის, როგორ ხდება რომ ამ კონკრეტული ოლიგარქის ოჯახი თბილისში ცხოვრობს“, – განაცხადა მელიამ.