1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ივერთუბანში, 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე პარკი მოეწყობა
ივერთუბანში, 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე პარკი მოეწყობა

ივერთუბანში, 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე პარკი მოეწყობა

881
0

 

ივერთუბანში, ხერხეულიძეების ქუჩის მიმდებარედ არსებულ 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, პარკი მოეწყობა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პროექტირება უკვე მიმდინარეობს და სამშენებლო სამუშაოები მაისში დაიწყება.

„რეკრეაციული სივრცეების განვითარების მხრივ, თბილისი ბოლო წლების განმავლობაში, მართლა შეიცვალა. შეიცვალა იმ თვალსაზრისით, რომ გახდა უფრო მწვანე, გაჩნდა უფრო მეტი რეკრეაციული სივრცე – ადგილები, სადაც ადამიანებს შეუძლიათ, დაისვენონ, განიტვირთონ, სპორტით დაკავდნენ. ძალიან დიდი რესურსი აქვს ქალაქს ამ მიმართულებით და კიდევ მეტი პროექტი უნდა განხორციელდეს. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით. კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ, უფრო მწვანე იქნება ჩვენი ქალაქი და კიდევ უფრო მეტი რეკრეაციული სივრცე იქნება, სადაც თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს დასვენებისა და გართობის შესაძლებლობა ექნებათ. ივერთუბანში წინასაარჩევნოდ დავპირდით მოსახლეობას: საკანალიზაციო ქსელის მოწყობას, რომელიც არ არსებობდა და დღეს იქ უკვე მიმდინარეობს სამუშაოები. ასევე, დაპირება იყო ხერხეულიძეების ქუჩის მიმდებარედ რეკრეაციული სივრცის მოწყობა. დღეს იქ არაფერი არსებობს, ხრიოკი ტერიტორიაა და უკვე მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა. მაისში დავიწყებთ უშუალოდ პროექტის განხორციელებას. არსებული ტერიტორია ნახევარი ჰექტარია და ის მთლიანად იქნება მოწესრიგებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ნაძალადევის რაიონში, სანზონის დასახლების N19-20 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ არსებული გამწვანების კიდევ ერთ დასრულებულ პროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დასასვენებელი სივრცე იქ ნახევარ ჰა ფართობზე თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო.

„ნაძალადევის რაიონში, სანზონის N19-20 კორპუსის მიმდებარედ, ნახევარ ჰა ფართობზე მოეწყო დასასვენებელი სივრცე. ეს იყო მთლიანად განადგურებული და მოუწესრიგებელი. ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ აღნიშნული სივრცე იქნებოდა ყველანაირად კეთილმოწყობილი. შესაბამისად, ჩავატარეთ მისი რეაბილიტაცია და მოეწყო სპორტული მოედანი, ასევე, ატრაქციონები პატარებისთვის. ყველა თაობისთვის არის შესაბამისი სივრცე, სადაც დასვენება და გართობა შეუძლიათ. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით. ყველგან, სადაც ასეთი პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი, ჩვენს ინტერესში შედის, რომ ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ, შევქმნათ მიზიდულობის ცენტრები. მაგალითისთვის რომ ავიღოთ, ჩვენ მიერ რეაბილიტირებული ყველა სივრცე გადავსებულია მოქალაქეებით“, – განაცხადა თბილისის მერმა.