1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “არქეოლოგებმა საქართველოს დედაქალაქში სარემონტო სამუშაოების დროს X საუკუნის დროინდელი ნივთები იპოვეს-The Independent
“არქეოლოგებმა საქართველოს დედაქალაქში სარემონტო სამუშაოების დროს X საუკუნის დროინდელი ნივთები იპოვეს-The Independent

“არქეოლოგებმა საქართველოს დედაქალაქში სარემონტო სამუშაოების დროს X საუკუნის დროინდელი ნივთები იპოვეს-The Independent

0

ბრიტანულმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა გაავრცელეს პუბლიკაციები, რომელთა მიხედვით, საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე  მიწისქვეშა კომუნიკაციების შეკეთების დროს,  ქალაქის ისტორიის ამსახველი მნიშვნელოვანი არტეფაქტები იპოვეს.

გთავაზობთ გაზეთ „ინდეფენდენთში“ (The Independent) გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით „არქეოლოგებმა საქართველოს დედაქალაქში სარემონტო სამუშაოების დროს X საუკუნის დროინდელი ნივთები იპოვეს // პროექტმა სატრანსპორტო ქაოსი და მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია, მაგრამ არქეოლოგებს თბილისის ისტორიაში ჩახედვის იშვიათი შესაძლებლობა მისცა“ (ავტორი – ლიუსი პაპაქრისტუ).

„საგზაო-სარემონტო სამუშაოები, რომლებმაც, როგორც ჩანს, თბილისის მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია, არქეოლოგებისათვის სასარგებლო აღმოჩნდა: ნაპოვნია მეათე საუკუნის კერამიკული ჭურჭელი – შუა საუკუნეების ერთ-ერთი უძველესი არქეოლოგიური არტეფაქტი, რომელიც კი ოდესმე აღმოჩენილა თბილისში“, – ასე იწყება სტატია, რომელიც ქვეყნდება საგაზეთო რუბრიკით „მეცნიერება: არქეოლოგია“.

„ამ ზაფხულს რუსთაველის გამზირზე, თბილისის დიდებულ ცენტრალურ ბულვარზე, კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო, რომელიც მიწისქვეშა კომუნიკაციების, მიწისქვეშა გადასასვლელებისა და საგზაო მაჩვენებლების მოწესრიგება-გაუმჯობესებას და განახლებას ითვალისწინებს.

თბილისის მერიის მიერ ინიცირებულმა პროექტმა გარკვეული სატრანსპორტო პრობლემები შექმნა და აქედან გამომდინარე, მოსახლეობის საჩივრები გამოიწვია: სეირნობის დროს თბილისელებს [და ქალაქის სტუმრებს] უწევთ გვერდი აუარონ თხრილებს, მიწის გროვებს და აგურის ნამსხვრევებს… თუმცა სამუშაოებმა არქეოლოგებს დედაქალაქის წარსულში ჩახედვის შესაძლებლებობა მისცა.

თბილისის მთავარი ქუჩის ქვეშ კერამიკულ-სამეთუნეო სახელოსნოს აღმოჩენა ეროვნული მუზეუმის დირექტორისათვის დავით ლორთქიფანიძისათვის მოულოდნელი არ ყოფილა. მუზეუმი გათხრების ადგილიდან ორიოდე ნაბიჯის დაშორებით მდებარეობს.

„თბილისი ძალიან მდიდარია არქეოლოგიური ძეგლებით. შესაბამისად, ლოგიკური და კანონზომიერია სხვადასხვა ეპოქის ნივთების პოვნა“, – ამბობს იგი.

ქართული შუასაუკუნეების ქრონიკები თბილისის დაარსებას მე-4 საუკუნით ათარიღებენ, როცა ქართლის სამეფოს (დღევანდელ აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე) ვახტანგ I მართავდა.

კერამიკული ჭურჭლის ორნამენტების წინასწარი ანალიზის მიხედვით, სავარაუდოდ, ისინი დამზადებულნი არიან X-XI საუკუნეებში, როცა თბილისი არაბთა ბატონობის ქვეშ იმყოფებოდა და „აბრეშუმის დიდ გზაზე“ მნიშვნელოვან სავაჭრო პუნქტს წარმოადგენდა. დავით ლორთქიფანიძის თქმით, არქეოლოგიურ ნივთებს ეროვნულ მუზეუმში გადაიტანენ 3D სკანირებისა და შემდგომი შესწავლისათვის.

თბილისში შუა საუკუნეებში აყვავებულ ქალაქს წარმოადგენდა, თუმცა ომების დროს ბევრჯერ იქნა დანგრეული და ხელიდან ხელში გადადიოდა – დამასკოს ომეიდების ხალიფატის, ბაღდადის აბასიდების ხალიფატისა და თურქ-სელჯუკთა ძლიერი იმპერიების დროს.

„თბილისი ყოველთვის მულტიკულტურულ ქალაქს წარმოადგენდა“, – ამბობს დავით ლორთქიფანიძე, – „რეგიონის ცენტრს, განსაკუთრებით ეკონომიკური თვალსაზრისით“.

ქალაქის სახეზე თავისებური გავლენა მოახდინა მონღოლების, სპარსელებისა და რუსების ბატონობამ. ქალაქში ბევრია მე-19 საუკუნეში აგებული შენობები, რომლებიც კლდოვანი ნაპირიდან მდინარე მტკვარს გადმოჰყურებენ. მტკვარი საქართველოს მთავარი მდინარეა, სამხრეთ კავკასიაში [რამდენიმე სახელმწიფოს ტერიტორიაზე] მიედინება და კასპიის ზღვას ერთვის.

თბილისი სახელწოდება „თბილ ადგილს“ ნიშნავს და უკავშირდება ცხელ გოგირდოვან წყლებს ქალაქის ერთ-ერთ უძველეს უბანში. თბილისს ირგვლივ მთები აკრავს, რომელთა ფერდობებზე ძველი ქუჩები და სახლებია შეფენილი.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების წყალობით თბილისის მოსახლეობის წინაშე მშობლიური ქალაქის მდიდარი ისტორია ცოცხლდება.

თბილისის მერი მოსახლეობას დაპირდა, რომ რემონტის შედეგები, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მაღალხარისხიანი იქნება. მუშები სადღეღამისო რეჟიმით შრომობენ, რომ ვადებში ჩაეტიონ: რემონტი ნოემბრისათვის უნდა დასრულდეს. ამასთან, ქალაქის ადმინისტრაციის მიმართ გაისმის მოთხოვნები – შემოწმდეს გავრცელებული ცნობები,  რომ გამზირის ქვეშ თითქოსდა აზბესტი იქნა ნაპოვნი და ამოღებული.

წყარო: