“დონალდ ტრამპს, სავარაუდოდ, იმედი აქვს, რომ ირანს სანქციებით მოგუდავს. თეირანი კი პირიქით ფიქრობს”-BBC
„დონალდ ტრამპს, სავარაუდოდ, იმედი აქვს, რომ ირანს სანქციებით მოგუდავს. თეირანი კი პირიქით ფიქრობს“ – ასეთი სათაური აქვს სტატიას, რომელიც ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანიამ „ბიბისმა“ (BBC) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა. მასალის ავტორია ამირ აზიმი, კომპანიის სპარსული სამსახურის რედაქტორი.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
აშშ-მა ირანის ისლამური რეჟიმის წინააღმდეგ „უპრეცედენტო ეკონომიკური შეტევა“ გამოაცხადა საერთაშორისო მასშტაბით. დონალდ ტრამპმა თავის განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ დაიწყებს კამპანიას „ეკონომიკურად გადამწყვეტი დღის“ რეალიზებისათვის, რათა ირანი ზავის პირობებზე დაითანხმოს, ხოლო ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი უფრო შორს წავიდა და პრესკონფერენციაზე დაასახელა სანქციები 5 სფეროში – ციფრულში, ტექნოლოგიურში, ძვირფასი ლითონებით ვაჭრობაში, ავიაციაში და საზღვაო გადაზიდვებში. „ეს იქნება დღე „დ“, – თქვა სკოტ ბესენტმა (იმ დღის ანალოგია, როცა მოკავშირეებმა, მეორე მსოფლიო ომის დროს, ნორმანდიაში ჯარები გადასხეს).
აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა რამდენიმე მსოფლიო ლიდერს დაურეკა და მოითხოვა, რომ მათ ირანის რეჟიმის მიმართ მხარდაჭერა შეწყვიტონ.
თავის მხრივ, ირანის ეკონომიკის მინისტრმა ალი მადნიზადემ ქვეყნის სახელმწიფო მასმედიას განუცხადა, რომ თეირანი მზად არის სანქციებისათვის და რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას „ჩვენი ფინანსური არტერიების გადაკეტვა არ შეუძლია“. „განა ვაშინგტონის პოზიციაში რაიმე ახალია? არაფერი. ჩვენ ამ ნაბიჯს ველოდებოდით და, შესაბამისად, უკვე გვაქვს სანქციების საწინააღმდეგო გეგმაც“.
ალი მადანიზადეს რეაქცია ასახავს იმ მთავარ კითხვას, რომელიც თეირანმა დასვა: მართლაცდა, განა რა ისეთი უნდა გააკეთოს ამერიკამ, რაც ირანს არ უნახავს და არ განუცდია?
სკოტ ბესენტმა ფართო მეორადი სანქციებიც გააჟღერა – ამას და ამას ვუზამთ იმ კომპანიებს, რომლებიც ირანთან კონტაქტებს გააგრძელებენო, მაგრამ რაიმე ახალი პრინციპული ამ სანქციებში არ არის. თეირანი წლებია მსგავსი შეზღუდვების ქვეშ ცხოვრობს, მათ შორის სავაჭრო ემბარგოს პირობებში. ირანს ამჟამად მხოლოდ ის აფიქრებს – რამდენ ქვეყანას და კომპანიას აიძულებს ვაშინგტონი, რომ ისინი თეთრი სახლის მიერ გამოცხადებულ სანქციებს შეუერთდნენ. დღევანდელი სიტუაცია, ადრინდელთან შედარებით, მართლაც განსხვავებულია: ამერიკას ბლოკირებული აქვს ირანის ნავსადგურები იმით, რომ ჰორმუზის სრუტეში ირანული ნავთობით დატვირთულ გემებს არ ატარებს, ანუ მათ სპარსეთის ყურედან ინდოეთის ოკეანეში გასვლა არ შეუძლიათ. ამერიკამ ირანს იმპორტის შესაძლებლობაც შეუზღუდა: მართალია, ირანს სახმელეთო საზღვარი შვიდ ქვეყანასთან აქვს, ასევე მისთვის ცნობილია სანქციებისთვის გვერდის ამხვევი გზები, მაგრამ ძირითადი ექსპორტ-იმპორტი მაინც საზღვაო ნავსადგურებით ხდება. ნავთობის ექსპორტის სახმელეთო გზებით განხორციელება ძალიან რთულია
ამიტომაც, თუ ვაშინგტონი მართლაც შეძლებს იმ არხების გადაკეტვას, რომლებიც ჯერ კიდევ მოქმედებენ წინა სანქციების პირობებში, განსაკუთრებით ჩინეთთან მიმართებით, ირანი სერიოზული სიძნელეების წინაშე აღმოჩნდება. რა თქმა უნდა, აშშ-საც გაუჭირდება თეირანის ეკონომიკურად „მოშთობა“ – ჩინეთმა უკვე განაცხადა, რომ თეთრი სახლის სანქციებს უკანანოდ ჩათვლის, მაგრამ პრობლემები ირანს მაინც ექნება.
გარდა ამისა, ვაშინგტონმა ირანისათვის დიპლომატიური შუამავლობის სივრცეც ჩაკეტა – პაკისტანი, მართალია, მოლაპარაკებების რეანიმაციას ცდილობს, მაგრამ ის, რომ ვაშინგტონი დარტყმების განახლებით იმუქრება, იმ ირანელი პოლიტიკოსების პოზიციებს ასუსტებს, რომლებიც ზავის მომხრენი არიან.
ირანი ეკონომიკა ომამდეც ღრმა კრიზისში იყო. ომმა კიდევ უფრო გააუარესა სიტუაცია – ინფლაცია სუპერინფლაციად გადაიქცა, ეროვნული ვალუტა – რიალი რეკორდულად გაუფასურდა. რიალის მსყიდველობითი უნარის მკვეთრი შესუსტება უკვე ყველგან მწვავედ იგრძნობა: იმპორტი ძვირდება, კომპანიებს მუშაობის დაგეგმვა უჭირთ, მოსახლეობას შენახული ფული უფასურდება. აშშ-ის მხრიდან ირანული ნავთობის ექსპორტის ბლოკადით კი თეირანის უცხოურვალუტიანი სახელმწიფო შემოსავლები მცირდება.
34 წლის ირანელი ქალი ნეგინი (სახელი შეცვლილია) BBC-ის კორესპონდენტთან საუბარში ამბობს, რომ მისი ყოველთვიური შემოსავლები, დოლკარზე გადაანგარიშებით, მხოლოდ 100 დოლარს შეადგენს: „აღარ დავდივარ კონოთეატრებში, კონცერტებზე, საჩუქრებს არავისთვის აღარ ვყიდულობ, დაბადების დრეებზე სიარულიც შევწყვიტე. ხორცის ყიდვა მხოლოდ სახელმწიფო სუბსიდიით, ვაუჩერზე შემიძლია, ისიც ძალიან იშვიათად“, – ამბობს ნეგინი. კიდევ ერთი თეირანელი ქალბატონი ჟურნალისტს ეუბნება, რომ მისი ოჯახს პრობლემები გაუმრავლდა: „ქმარმა ომის დაწყებიდან სამუშაო დაკარგა – იგი გემზე მეზღვაურად მუშაობდა, ახლა კი ბლოკადის გამო სახლში ზის. ვცდილობთ ხარჯები მინიმუმადე შევზღუდოთ და უარი ვთქვათ, ბავშვებისთვისაც კი, მცირეოდენ საყიდლებზე“.
ირანი, შესაძლოა, ფიქრობს, რომ დრო აშშ-ის პრეზიდენტის საწინააღმდეგოდ მუშაობს. ჰორმუზის სრუტის ბლოკადის გაგრძელებით აშშ-ში ბენზინის ფასის გაძვირება გაგრძელდება, ინფლაციას გაამწვავებს და ეს პოლიტიკური პრობლემა გახდება რესპუბლიკელებისათვის, კონგრესის შუალედური არჩევნების წინ, ნოემბრისათვის.
მაგრამ ირანისათვის ამერიკული არჩევნებზე ფსონის დადება სარისკო იქნება. ნოემბრამდე კიდევ ორი თვეა, ამ ხნის განმავლობაში ირანის ეკონომიკა ძლიერ დაზარალდება.
შუალედური არჩევნების მიღმა თეირანისათვის სხვა პრობლემაც მოჩანს. რადგანაც დონალდ ტრამპს 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ბალოტირება აღარ შეუძლია, მის ადმინისტრაციას შეუძლია ირანის წინააღმდეგ ზეწოლა გააძლიეროს – თეთრ სახლს ამ მხრივ ხელები გახსნილი იქნება და დიდი ხარჯების მიუხედავად, კონფრონტაციას გააგრძელებს, „ჯავრის ამოყრის მიზნით“.
ამრიგად, ირანი იძულებული იქნება დროს თვალი „ორ საათზე“ ადევნოს: ერთი საათი – პოლიტიკური – ვაშინგტონში დევს, მეორე – ეკონომიკური, თვითონ ირანში წიკწიკებს. ყოველი ახალი თვე, რომელიც ნავთობის ექსპორტის აკრძალვის პერიოდში დგება, სულ უფრო მეტად ზარალიანია, რიალი სულ უფრო მეტად უფასურდება და მოსახლეობშიც უკმაყოფილება მატულობს… სამშვიდობო გარიგებასაც „ფასი ემატება“.
ამიტომაც, ირანის ხელმზღვანელობა მძიმე არჩევანის წინაშე დგება: უკან დაიხიოს და დათმობებზე წავიდეს? ეს იქნებოდა როგორც კაპიტულაცია და ის გენერლები, რომლებიც ხისტი კურსის მომხრენი არიან, იტყვიან, რომ „ახლა რომ დავუთმოთ, ვაშინგტონი კიდევ უფრო მეტს მოგვთხოვსო“. თეირანისთვის ლოდინის პოზიცია შეიძლება მომგებიანი აღმოჩნდეს, თუ დონალდ ტრამპს ქვეყნის შიგნით პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები გაუჩნდება.. მაგრამ ირანსაც პრობლემა ექნება, რადგან მისი ეკონომიკა დასუსტებული იქნება და მოლაპარაკების დროს აშშ ამით ისარგებლებს.
და ბევრი რამ დამოკიდებულია იმ პროცესებზეც, რომლებიც ირანის ფარგლებს გარეთ მიმდინარეობს.
თუ ჩინური ბანკები, რეგიონული სავაჭრო პარტნიორები და უცხოური კომპანიები ირანიდან გასვლას დაიწყებენ – ანუ ჩათვლიან, რომ აშშ მათ დასჯის – მაშინ სკოტ ბესენტის მიერ ჩამოთვლილი სანქციები თეირანის გათვლებზე ნეგატიურ გავლენას მოახდენენ.
და თუ ასე არ იქნება, მაშინ შეიძლება პირიქით მოხდეს: ის ირანელები, რომლებიც კომპრომისების წინააღმდეგ გამოდიან, იტყვიან, რომ „აი, ხედავთ, ვაშინგტონის მცდელობები უშედეგოა. ამერიკა თავის მიზანს ვერ აღწევს, ძალთა ბალანსი არ იცვლება. ანუ ეს ნიშნავს, რომ წინააღმდეგობის გაწევა უნდა გავაგრძელოთ“.