1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “მოსკოვში – საიდუმლო მოლაპარაკების მიზნით: CIA-ს დირექტორი რუსეთის დედაქალაქში სამხედრო თვითმფრინავით ჩავიდა”-The Daily Telegraph
“მოსკოვში – საიდუმლო მოლაპარაკების მიზნით: CIA-ს დირექტორი რუსეთის დედაქალაქში სამხედრო თვითმფრინავით ჩავიდა”-The Daily Telegraph

“მოსკოვში – საიდუმლო მოლაპარაკების მიზნით: CIA-ს დირექტორი რუსეთის დედაქალაქში სამხედრო თვითმფრინავით ჩავიდა”-The Daily Telegraph

0

ევროპულ და ამერიკულ პრესაში აჟიოტაჟი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი მოსკოვს წინასწარგამოუცხადებელი ვიზიტით ეწვია და რუსეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელებთან მოლაპარაკება გამართა. ამ ეტაპზე, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად რა საკითხებზე ისაუბრეს სტუმარ-მასპინძლებმა, თუმცა გარკვეული მინიშნებები და კომენტარები უკვე არის.

ბრიტანულ გაზეთში „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მოსკოვში – საიდუმლო მოლაპარაკების მიზნით: CIA-ს დირექტორი რუსეთის დედაქალაქში სამხედრო თვითმფრინავით ჩავიდა“ (ავტორები – კონორ სტრინგერი, ტომ კოტერილი, როზინა საბური). „აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ხელმძღვანელი 25 აგვისტოს სამხედრო თვითმფრინავით რუსეთში ჩაფრინდა მოსალაპარაკებლად, რაც მიმდინარე საერთაშორისო პროცესების ფონზე მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს“, – ნათქვამია

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ჯონ რეტკლიფი მოსკოვში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების სატრანსპორტო თვითმფრინავით Boeing C-17 Globemaster-ით იმყოფებოდა, რომელიც შეუმჩნეველი არ დარჩენილა: „ბოინგი“ ჯერ კიდევ მაშინ იქნა შენიშნული, როცა მან მოსკოვის ცაზე გადაიფრინა, მოგვიანებით კი რუსეთის დედაქალაქის ქუჩებიც გადაიკეტა CIA-ს დირექტორის ავტოკორტეჟის გავლის გამო.

ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, ვისთან ერთად იმყოფებოდა მოსკოვში ჯონ რეტკლიფი ან ვისთან შეხვედრებს გეგმავდა და შეხვდა თუ არა მისთვის სასურველ რუს მაღალჩინოსნებს.

CIA-ს დირექტორის ამჟამინდელი ვიზიტი პირველია მას შემდეგ, რაც ჯონ რეტკლიფი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელი გახდა. გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ვიზიტის წინ ვაშინგტონმა კიევს სთხოვა შეეჩერებინათ დრონებით დარტყმები რუსეთზე მანამ, სანამ აშშ-ის დელეგაცია ვიზიტს არ დაასრულებდა და მოსკოვიდან არ გაემგზავრებოდა.

ცნობილი გახდა, ჯონ რეტკლიფი მოსკოვში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ეს მოკლევადიანი ვიზიტი დაემთხვა აშშ-ის დაზვერვის მოხსენებას, რომელშიც გაფრთხილება იყო მოცემული: შესაძლოა რუსეთი შეეცადოს და ნატოსთან მიმართებით დაძაბულობა გაამწვავოს – მცირე სახმელეთო ინციდენტი ან კიბერშეტევა მოახდინოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ  აღმოსავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ.

მოხსენება წარმოადგენს მნიშვნელოვან გადახვევას აშშ-ის დაზვერვის ადრინდელი შეფასებებიდან, რომლებშიც აღნიშნული იყო, რომ ვლადიმერ პუტინი ნატოს თავს არ დაესხმებოდა, სანამ უკრაინაში ომი გრძელდებოდა.

„დეილი ტელეგრაფმა“ ამას წინათ გამოაქვეყნა ევროპული და ამერიკული დაზვერვების გაფრთხილებები, რომ რუსეთი განიხილავს შესაძლებლობას შეიარაღებული პროვოკაციის განხორციელების მიზნით პოლონეთის ტერიტორიის წინააღმდეგ – რაკეტებით ან დრონებით შეტევას ქვეყნის ინფრასტრუქტურის კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებზე, ან სახმელეთო ინციდენტს უკრაინის დროშით, რომ შემდეგ ყველაფერი კიევს დაბრალდეს.

უკვე რამდენიმე თვეა, რაც პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების ლიდერები აღნიშნავენ იმ მზარდ საფრთხეს, რომელსაც რუსეთი ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ქმნის. მოსკოვში ვიზიტის დროს, რომელიც საკმაოდ უჩვეულოა და მოულოდნელი, მისტერ რეტკლიფმა, ალბათ, რუსეთი გააფრთხილა, რომ მსგავსი მოქმედება ვაშინგტონისათვის აბსოლუტურად მიუღებელი იქნება.

საერთოდ, CIA-ს დირექტორის ვიზიტები მოსკოვში მაინცდამაინც ხშირი არ არის. ჯონ რეტკლიფამდე მოსკოვს 2021 წლის დეკემბერში წინასწარ გამოუცხადებელი ვიზიტით ეწვია უილიამ ბერნსი, რათა კრემლი გაეფრთხილებინა უკრაინისადმი თავდასხმის თავიდან ასაცილებლად.

როგორც ავიაციის მარშალმა ენდრიუ ტერნერმა განაცხადა (იგი ადრე დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაგეგმვის უწყებას ხელმძღვანელობდა), მთავარი ამერიკელი მზვერავის მოსკოვში ვიზიტი შეიძლება აშშ-ს რუსეთზე ზეწოლის განხორცელების მცდელობა იყოს, რომ კრემლმა ირანისადმი მხარდაჭერა შეამციროს.

ორშაბათს თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ ირანზე „ეკონომიკურ შეტევას“ მოახდენს და ქვეყნის იზოლაციას განახორციელებს. დონალდ ტრამპმა თავის განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ დაიწყებს კამპანიას „ეკონომიკურად გადამწყვეტი დღის“ რეალიზებისათვის, რათა ირანი ზავის პირობებზე დაითანხმოს, ხოლო ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი უფრო შორს წავიდა და პრესკონფერენციაზე დაასახელა სანქციები 5 სფეროში – ციფრულში, ტექნოლოგიურში, ძვირფასი ლითონებით ვაჭრობაში, ავიაციაში და საზღვაო გადაზიდვებში. „ეს იქნება დღე „დ“, – თქვა სკოტ ბესენტმა (იმ დღის ანალოგია, როცა მოკავშირეებმა, მეორე მსოფლიო ომის დროს, ნორმანდიაში ჯარები გადასხეს).

ავიაციის მარშლის ენდრიუ ტერნერის შეფასებით, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვური ვიზიტი ერთობ უჩვეულო იყო და როგორც პოლიტიკოსებისთვის, ასევე ექსპერტებისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა. „ვფიქრობ, მისტერ რეტკლიფის მოსკოვში ყოფნა  უკავშირდებოდა ირანს და იმ სტრატეგიულ ზეწოლას, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი თეირანზე ახორციელებს… ჩემი ვარაუდით, აშშ ცდილობს რუსეთს შეაგნებინოს, რომ აუცილებელია ირანისადმი მხარდაჭერის შეჩერება და საერთოდ, ურთიერთობის გაწყვეტა… რუსეთის [პროირანული პოლიტიკა] ერთ-ერთი ის მიზეზია, რის გამოც დონალდ ტრამპი თავის გეგმებს ვერ ახორციელებს“.

ენდრიუ ტერნერის აზრით, CIA-ს დირექტორის ვიზიტი მოსკოვში საეჭვოა რუსეთ-უკრაინის ომის საკითხებით იყო გამოწვეული, თუმცა, რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული, რომ მოლაპარაკების დროს მხარეებმა მოსკოვ-კიევის კონფლიქტთან დაკავშირებული მომენტებიც განიხილეს.

„მე პირადად არ მჯერა, რომ უკრაინის საკითხი მისტერ რეტკლიფის ვიზიტის მთავარ საკითხს წარმოადგენდა. იმ რეალიების გათვალისწინებით, რომ საიდუმლო სამსახურების ხელმძღვანელები დიპლომატიაში ნომერ პირველ ავანგარდად ითვლებიან, მე არ ვფიქრობ, რომ CIA-ს დირექტორი მოსკოვში მოლაპარაკების დროს [რუსეთ-უკრაინის] ომის გაფართოების გეგმას დათანხმდა… შესაძლოა, ამ საკითხსაც ირიბად შეეხნენ, მაგრამ უფრო მგონია, რომ მთავარი მიზანი მაინც ირანი იყო“, –  თქვა ენდრიუ ტერნერმა.

წყარო: