1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ახლა ან არასოდეს”: სერიოზულად არის თუ არა ევროკავშირი განწყობილი გაფართოების მიმართ?”-Financial Times
“ახლა ან არასოდეს”: სერიოზულად არის თუ არა ევროკავშირი განწყობილი გაფართოების მიმართ?”-Financial Times

“ახლა ან არასოდეს”: სერიოზულად არის თუ არა ევროკავშირი განწყობილი გაფართოების მიმართ?”-Financial Times

0

ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “ახლა ან არასოდეს“: სერიოზულად არის თუ არა ევროკავშირი განწყობილი გაფართოების მიმართ?”(ავტორები – ჰენრი ფოი და მარტონ დუნაი), რომელშიც განხილულია ევროკავშირში ახალი წევრების მიღებასთან დაკავშირებით არსებული აზრთა სხვადასხვაობა. „რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე შექმნილი გეოპოლიტიკური სიტუაცია აიძულებს კანდიდატ ქვეყნებს განაცხადონ, რომ მათი ევროკავშირში მიღების პროცესი დაჩქარდეს. უკრაინა ამ მხრივ აქტიურობს, მაგრამ მას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიის მოკლე შინაარსს:

ევროკავშირის წევროპის კანდიდატ ქვეყნებს იმედი აქვთ, რომ დიდი ხნის უმოქმედობის შემდეგ, ბლოკში გაწევრების საკითხში როგორმე პროგრესი დადგება, მაგრამ ბრიუსელში ჯერ კიდევ ეჭვები აქვთ ევროკავშირის შემდგომის გაფართოების მიზანშეწონილების მიმართ.

13 წლის განმავლობაში ევროკავშირს არცერთი ახალი წევრი არ მიუღია. შესაბამისად, გეოპოლიტიკური არასტაბილურობისა და დიდი სახელმწიფოების მეტოქეობის პირობებში მატულობს ზეწოლა, რომ ბრიუსელმა ისევ გააღოს კარი ახალი წევრებისათვის.

კანდიდატი-ქვეყნების ლიდერები მოთმინებადაკარგული ამომრჩევლების ზეწოლით ითხოვენ, რომ ევროკავშირმა დაუყოვნებლივ დაიწყოს მიღების პროცესი, მაგრამ დიდი ქვეყნების ლიდერები შიშობენ, რომ არც ბლოკის სტრუქტურა და არც საკუთარი ამომრჩევლები, რომლებიც სულ უფრო მეტად სკეპტიკურად არიან განწყობილნი „ახალწვეულების“ მიმართ, ჯერ კიდევ არ არიან მზად „ახალი სისხლის მისაღებად.

თავდაპირველად ყველაფერი ნათელ ფერებში იყო წარმოდგენილი. რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის გამოწვეული შოკის ფონზე გაფართოება გარდაუვალად ითვლებოდა, უფრო მეტიც – გაჩნდა იდეა ახალი წევრების დაჩქარებული მიღების თაობაზეც.

დღეისათვის მიღების რიგში დგანან ჩერნოგორია, უკრაინა, მოლდოვა, ალბანეთი, სერბეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო. სიის ლიდერია ჩერნოგორია, რომელმაც რეფორმების თითქმის ნახევარი უკვე დაასრულა, ევროკავშირმა უკვე დაიწყო მზადება კანონმდებლობის ცვლილებისათვის მისი მიღების შემთხვევაში და ბიუჯეტშიც ფული უკვე ჩადებულია. უკრაინამ და მოლდოვამ მოლაპარაკების პროცესი დაიწყეს.

როგორც ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა განაცხადა, ახალი წევრების მიღება მხოლოდ ეკონომიკური საკითხი არ არის, არამედ საქმე უსაფრთხოებასაც ეხება. „ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი ევროპა, რომლებიც კონკურენციას გაუწევს მსოფლიოს სხვა ლიდერებს, უპირველესად კი ჩინეთს და რუსეთს.

მაგრამ კანდიდატებს მაინც ეჭვი ღრღნით – ვაითუ ბრიუსელის დაპირება არარეალურია? მათგან ზოგიერთი თავს არიდებს არაპოპულარულ და არასასიამოვნო რეფორმების განხორციელებას, არ სჯერათ ბრიუსელელი ლიდერების ურსულა ფონ დერ ლაიენის, ანტონიუ კოშტასა და მარტა კოსის რიტორიკისა და უნდობლობას ამჟღავნებენ. ბალკანეთის ქვეყნები, მაგალითად, ბოლო წლებში მაინცდამაინც ბევრი არაფერი გაუკეთებიათ და ზოგიერთ შემთხვევაში, უკანაც კი დაიხიეს.

ეჭვს ისიც აღვივებს, რომ ევროკავშირის შიგნით აზრთა სხვადასხვაობაა: არიან ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ ახალი წევრების მიღებას, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ ევროკავშირი ახალი წევრების ზედიზედ მიღებას „ვერ გადაიტანს“.

ილირ დედი, ანალიტიკოსი ვენიდან, ამბობს, რომ ევროკავშირისათვის დადგა მომენტი „ახლა ან არასოდეს“: „თუ ევროკავშირი გაფართოებას არ დაიწყებს, დადგება ნდობის საკითხი მის მიმართ – როგორც შიგნით, ასევე გარეთ“.

ევროკავშირის იმ წევრებმა, რომლებიც ფიქრობენ, რომ კლასიკურ გაფართოებას როგორმე რაიმე ახალი მსგავსი ფორმა მოუნახონ, წამოაყენეს წინადადება ინტეგრაციის თანდათანობითი და ეტაპობრივი პროცესის თაობაზე – იგულისხმება წევრობის მსურველთა პრივილეგიების გაფართოება რეფორმების განხორციელების კვალობაზე.

ევროკომისარ მარტა კოსს ასეთ თვალსაზრისი არ მოსწონს. „ჩვენ უნდა განვვითარდეთ. უკან არ უნდა დავიხიოთ. იგივე ნაირად უნდა მოვიქცეთ, როგორც 40 წლის წინათ, ესპანეთისა და პორტუგალიის მიღების დროს მოვიქეცით [და არ შევცდით]“, – ამბობს იგი.

საფრანგეთისა და გერმანიის იდეებმა ევროკავშირის სხვა წევრებში გულგრილი გამოხმაურება ჰპოვა. ბრიუსელს განზრახული აქვს შემხვედრი წინადადებები გამოაქვეყნოს რეფორმების გაფართოების თაობაზე, რომელთა თანახმად, ბრიუსელი აქტიურ კანდიდატებს უფრო მეტად დაეხმარება. ბრიუსელი ასევე შეისწავლის, თუ რა გავლენას მოახდენს ახალი წევრების მიღება ევროკავშირის მუშაობაზე და პოლიტიკაზე.

„წევრობის მსურველთა რაოდენობა და გაფართოების პროცესი დღეს ისეთი ტემპით მიდის, როგორიც ბოლო 15 წელიწადში არ ყოფილა. მისი პოზიტიური დასრულებისათვის აუცილებელია ლიდერობა, ნდობა და ყველა 27 წევრის მტკიცე ნება“, – აცხადებს მარტა კოსი.
ევრობის კანდიდატ ქვეყნებში ეტაპობრივი მიღების მიმართ დამოკიდებულება სხვადასხვაგვარია. უკრაინა მტკიცედ უარყოფს ყველანაირ შეღავათებს და პრივილეგიებს მიღების გარეშე, კიევს მხოლოდ სრუუფლებიანი წევრობა სურს. სერბეთი კი პირიქით – იწონებს ამგვარ იდეას: „მოგვეცით ღია საზღვრების პრინციპი, მოგვეცით საერთო ბაზარი და ჩვენ მეტი არ გვჭირდება. ამის მისაღწევად ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ევროპულ პოლიტიკას. ერთადერთი, რაც არ მოგვწონს ისაა, რომ შემდეგ არავინ არ გვითხრას – აი, კიდევ ეს და ეს გააკეთეთ და მერე გადავწყვეტთ, მოგცეთ თუ არა ის, რაც თქვენ გინდათ“, – ამბობს ალექსანდრე ვუჩიჩი, სერბეთის პრეზიდენტი.

მაგრამ რიგი ევროპული ქვეყანა ძველი წესებისადმი ერთგულების მომხრეა: ჯერ ყველა რეფორმის განხორციელება, შემდეგ კი წევრობა.
„ზოგადად, მე არ მომწონს გაფართოება „დამსახურების მიხედვით“. ეს იდეა ჩემთვის დამარწმუნებელი არ არის და ვგონებ, არც შესრულდება.. ასეთი „მიღება“ მხოლოდ პროცესს გააჭიანურებს და გაურკვევლობას შექმნის. ამ დროს თითქოს ვიღაც „ვასაჩუქრებთ წარმატებული მეცადინეობის გამო“. ბოლოს და ბოლოს, გაფართოება საჩუქარი არ არის, გაფართოება მსურველი ქვეყნებისათვის გამოცდას წარმოადგენს“, – ამბობს დიმიტრი კორანოვი, გერმანული მარშალის ფონდის მიწვეული მეცნიერ-თანამშრომელი.

ევროკავშირში და მის გარეთ ბევრი თვლის, რომ 2026 წლის დარჩენილი თვეები გადამწყვეტს მომენტს წარმოადგენს ევროპის მოსახლეობის მთელი თაობისათვის. მათი თქმით, თუ ჩერნოგორია პროცესს მიღებით დაასრულებს და შემდეგ წევრი-ქვეყნები შიდა რეფორმებს დაიწყებენ, ამით ევროკავშირს ძალა შეემატება. მაგრამ თუ ბრიუსელი ჩაეფლობა დავაში, თუ როგორი უნდა იყოს გაფართოება და რა სავარაუდო შედეგამდე მიგვიყვანს, იმ ქვეყნების მოთმინების ფიალა, რომელიც წითელი ხავერდის ლენტის მიღმა რჩებიან, შეიძლება აივსოს, რასაც შესაბამისი შედეგები მოჰყვება.

ირლანდიის პრემიერ-მინისტრი მაიკლ მარტინი თვლის, რომ ევროკავშირში მისი ქვეყნის თავმჯდომარეობის დროს ჩერნოგორია გაწევრების პროცესს წარმატებით დაასრულებს, რასაც რატიფიცირება მოჰყვება. „ამით სხვებიც დაინახავენ, რომ ამჟამინდელი ტრადიციული სისტემა წარმატებით მოქმედებს“, – აცხადებს იგი, – „სამომავლოდ კი ევროკავშირს რეფორმები ჭირდება. თუ ახალი წევრების მიღებას გავაჭიანურებთ, მაშინ პაუზით ევროპის მტრები ისარგებლებენ. ისინი დაიწყებენ მანიპულირებას და რეალობის დამახინჯებას“.

წყარო: