1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ომი, რომელსაც მთელი მსოფლიოს შთანთქმა შეუძლია” -The New York Times
“ომი, რომელსაც მთელი მსოფლიოს შთანთქმა შეუძლია” -The New York Times

“ომი, რომელსაც მთელი მსოფლიოს შთანთქმა შეუძლია” -The New York Times

0

„ომი, რომელსაც მთელი მსოფლიოს შთანთქმა შეუძლია“ – ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) სტატია, რომლის ავტორია დევიდ ფრენჩი, პოლიტიკური მიმომხილველი). პუბლიკაციაში გაანალიზებულია ირანთან ომის მიმდინარეობა და ის პრობლემები, რომელთა წინაშე აშშ აღმოჩნდა.

გთავაზობთ შემოკლებით:

რის იმედი ჰქონდა და რას ელოდებოდა დონალდ ტრამპი, ირანთან ომში რომ ჩაება? ჰო, იგი, ალბათ, ვარაუდობდა, რომ მკაცრ და ღრმა ფესვების მქონე ავტორიტარულ რეჟიმს რამდენიმე ზუსტი ავიადარტყმით დასუსტებდა, შემდეგ კი მოსახლეობა აჯანყებას დაიწყებდა… პრეზიდენტისავე არაერთგზის დამარწმუნებელი განცხადების თანახმად, იგი ელოდებოდა ვენესუელის სცენარის გამეორებას, მაგრამ როცა არ გაუმართლა და ამ დროს არც გეგმა „ბ“ არ ჰქონდა, მას მხოლოდ ისღა დარჩა, რომ დაბომბვები გაეგრძელებინა და ირანის „კაპიტულაციას“ დალოდებოდა…

დონალდ ტრამპი ძალიან არათანმიმდევრული და წინააღმდეგობრივი პრეზიდენტია: დღეს ერთს ამბობს, ხვალ მეორეს, ზეგ კი ორივეს უარყოფს. რაში გამოიხატება მისი ლოგიკა, ვერ გაარკვევ. პარასკევს დონალდ ტრამპმა ავიადარტყმების ახალი სერია გამოაცხადა და თან თქვა, რომ ირანელები დარტყმებს ვერ გაუძლებენ და ერთ მშვენიერ დღეს დაგვნებდებიან“.

შაბათს მან დაბომბვა გადაიფიქრა: „ირანმა და სპარსეთის ყურის ქვეყნებმა გვთხოვეს, რომ შეტევისაგან თავი შეგვეკავებინა და მე, მშვიდობის სახელით, დავთანხმდი მათ თხოვნას. მე მინდა ირანი გადარჩეს და აყვავდეს. მე მჯერა რომ გარიგება ახლოსაა“.

მაგრამ დღევანდელი პრობლემა რაღაც გარიგების ჩარჩოებს მიღმა გადის. ამერიკა ისე დიდი ხნის განმავლობაში ტკბებოდა თავისი ძლიერებით, რომ ჩვენ მოვლენების კონტროლს მივეჩვიეთ. გვჯეროდა, რომ ომს როცა გვინდა მაშინ დავიწყებდით და ისე დავამთავრებთ, როგორც მოვისურვებთ.

როცა მე ერაყში ვმსახურობდი, როგორი საშინელიც არ უნდა ყოფილიყო ომი, გვჯეროდა, რომ ის გარკვეულ ჩარჩოებში დარჩებოდა. ჩვენ ვებრძოდით მოწინააღმდეგეს, რომელსაც მინიმალური შესაძლებლობები ჰქონდაზიანი მიეყენებინა ამერიკელებისათვის ერაყის ფარგლებს გარეთ. ასეთივე სიტუაცია იყო ავღანეთში მას შემდეგ, როცა ჩვენ, მოკავშირეებთან ერთად, „ალ-ქაიდას“ საყრდენი პუნქტები გავანადგურეთ.

ორივე კონფლიქტის დროს საომარი მოქმედებები სისხლიანი იყო. ჩვენ შეგვიძლია დიდხანს ვიდაოთ ორივე ომის დაწყების გონივრულობაზე, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი მოკავშირეები ხშირად განზე იდგნენ და ბრძოლების სიმძიმე ძირითადად ამერიკელებზე გადადიოდა.

უსაფრთხო ომები არ არსებობს – ნებისმიერი ომი შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს, მაგრამ ბოლო დრომდე აშშ-ის ძლიერება, მოწინააღმდეგის სისუსტე და რუსეთ-ჩინეთის თავშეკავება ამერიკელებს მშვიდი ძილის გარანტიას აძლევდა. ისინი აცნობიერებდნენ, კატასტროფული ესკალაციის სანსები უკიდურესად უმნიშვნელო იყო.

ახლა კი ასე არ არის. პლანეტა მსოფლიო ომისაკენ დრეიფობს და მოვლენათა მსვლელობას არავინ არ აკონტროლებს, აშშ-ის პრეზიდენტის ჩათვლით.

განვიხილოთ მიმდინარე მოვლენები: ირანი არამარტო აგრძელებს ეფექტურ დარტყმებს აშშ-ის ბაზების წინააღმდეგ, არამედ ხშირად უტევს ვაშინგტონის პარტნიორებს მთელ რეგიონში. სპარსეთის ყურის ქვეყნების ნავთობ-გაზის ინფრასტრუქტურა კოლოსალურად დაზარალდა და თუ ამას ჰორმუზის სრუტის ბლოკირებასაც დავამატებთ, მსოფლიოს ეკონომიკა სერიოზული საფრთხე-მუქარის წინაშე დგას

ირანის მხარეზე ბრძოლაში იემენელი ჰუსიტებიც ჩაერთვნენ, ანუ საომარი მოქმედებების არეალი სპარსეთის ყურედან სამხრეთით, წითელი ზღვის აკვატორიაზეც გავრცელდა. თავის მხრივ, საუდის არაბეთი გეგმავს იემენელ ჰუსიტებს შეუტიოს, რაც მსოფლიოს ენერგეტიკულ რეგიონში სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებს.

უკრაინამ კასპიის ზღვაში მცურავ ირანის გემს დაარტყა – დიდ დახურულ წყალსატევში, რომელიც სხვადასხვა ომის მონაწილე მხარეებს რუსეთს და ირანს ერთმანეთთან აკავშირებს

რუსეთი და ჩინეთი, სხვადასხვა მონაცემებით, აშშ-სთან ომისმდგომარეობაში მყოფ ირანს ეხმარებიან – აწვდიან კოსმოსური თანამგზავრებიდან მიღებულ სადაზვერვო მონაცემებს, რომლებიც ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების შეტევებს ეფექტურობას მატებს. გარდა ამისა, რიგი ინფორმაციით, პეკინი თეირანს საზენიტო რაკეტებსაც უგზავნის.

და ეს ყველაფერი ხდება აშშ-სათვის ორი ძალზე არასასიამოვნო რეალიების ფონზე:

პირველი – ირანმა აჩვენა, რომ აშშ-ის სამხედრო ბაზები ბევრად უფრო მოწყვლადები არიან შეტევის დროს, ვიდრე ვარაუდობდნენ. დღეს აშშ-ის სამხედრო ბაზები სპარსეთის ყურეში ისეთი დანგრეულნი არიან, რომ მე ერაყის ომში მონაწილეობის დროს ასეთ სურათს ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. რა თქმა უნდა, ირანიც უდიდეს ზარალს განიცდის: უმაღლესი სამხედრო სარდლობის და ქვეყნის პოლიტიკური ლიდერების ლიკვიდაციის გარდა, თეირანის არმია და „გუშაგთა კორპუსი“  კარგავს მოსახლეობას და რიგით სამხედრო პერსონალსაც, მაგრამ აშშ-სგან განსხვავებით, ირანი ცოცხალი ძალის დანაკარგებს ყურადღებას არ აქცევს. ირანის სამთავრობო-რელიგიური გასამხედროებული ორგანიზაციები და დაჯგუფებები მზად არიან „სისხლის უკანასკნელ წვეთამდე“ იბრძოლონ. (…)

მეორე – ჩვენი სამხედრო არსენალი (მაგალითად, „პეტრიოტების“ და „ტომაჰავკების“ რაკეტები) კატასტროფულად მცირდება. ამ ზეთანამედროვე ურთულესი იარაღის მარაგების შევსებას დრო ჭირდება, ამერიკული სამხედრო კომპანიები კი ვერ ასწრებენ. მე სულაც არ მინდა, რომ ჩვენი ნატოელი რომელიმე მოკავშირის ტერიტორია ირანის სარაკეტო შეტევის სამიზნე აღმოჩნდეს, მაგრამ თუ ერთი ირანული რაკეტაც კი გაარღვევს ნატოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას, ეს უკვე ჩვენს მინი-დამარცხებას ნიშნავს. როცა ყოველდღიურად ხარჯავ რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების მქონე ათეულობით რაკეტას რამდენიმე ათასდოლარიანი ღირებულების მქონე ირანული დრონების წინააღმდეგ, ალბათ, ყველა მიხვდება, რომ აშშ-ის თავდაცვის დონის დასუსტება მხოლოდ დროის საკითხია. (…)

შევკრიბოთ ერთად ყველაფერი: აშშ-ის თავდაპირველი სტრატეგია ჩაიშალა, ირანთან ომი თანდათან მთლიან რეგიონს ნთქავს. ირანი და უკრაინა შეიძლება პირდაპირ კონფრონტაციაში ჩაერთვნენ; რუსეთმა და ჩინეთმა [ჩრდილოეთ კორეასთან ერთად] შეიძლება სამხედრო ალიანსი შექმნან; პენტაგონს იარაღის დეფიციტის საფრთხე ემუქრება; დონალდ ტრამპმა აღარ იცის, როგორ მოიქცეს.

ხშირად ამბობენ, რომ რიგით ამერიკელ ამომრჩეველს საგარეო პოლიტიკა ნაკლებად აინტერესებს. მთლიანობაში ეს ასეც არის – სანამ კატასტროფა არ მოხდება. და როცა მოხდება, საგარეო პოლიტიკა ერთადერთი სფეროა, რომელსაც ნამდვილად ეძლევა სტრატეგიული მნიშვნელობა და ყველა ძალიან ინტერესდება.

ჩვენი მომავალი შეიძლება მართლაც არის დამოკიდებული ამერიკელ ამომრჩეველზე, რომელიც შეძლებს და შუალედური არჩევნებით კონგრესს გაბედულებას დაუბრუნებს – იმ კონგრესს, რომელიც დღეს დონალდ ტრამპის ნებას ასრულებს. მაგრამ ამისათვის ჩვენ უნდა შევძლოთ ის, რის შეძლებაც ძალიან რთულია (ისტორიაში მსგავსი მაგალითებია ძნელად მოიძებნება) – კერძოდ ის, რომ დავინახოთ მოახლოებული კატასტროფა და გადამწყვეტად ვიმოქმედოთ წინასწარ, სანამ საშინელი ომი მსოფლიოს არ შთანთქავს.

 

წყარო: