1. Home
  2. TOP სიახლე
  3. სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს, დაკავებულია ექვსი პირი, მათგან ოთხი უცხო ქვეყნის მოქალაქეა
სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს, დაკავებულია ექვსი პირი, მათგან ოთხი უცხო ქვეყნის მოქალაქეა

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს, დაკავებულია ექვსი პირი, მათგან ოთხი უცხო ქვეყნის მოქალაქეა

0

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანის ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

„გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების დანაშაულებრივ სქემებში იყვნენ ჩართული, ისინი, შემდგომში გასაღების მიზნით, ნარკოტიკულ საშუალებას სხვადასხვა ადგილზე ათავსებდნენ, ფოტოებს უღებდნენ, შემდეგ კი შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: ერთ კილოგრამამდე კოკაინი, ხუთი კილოგრამი „მარიხუანა”, ხუთ კილოგრამამდე მცენარე „კანაფი”, „ჰაშიში”, 520 ფირფიტა „ლიზერგიდი” (LSD) და 23 შეკვრად დაფასოებული „მეფედრონი”.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.