ბაქო-თბილისის სარკინიგზო ხაზზე პირველი სამგზავრო რეისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შესრულდა
, ბაქო-თბილისის სარკინიგზო ხაზზე 6-წლიანი პაუზის შემდეგ, პირველი სამგზავრო რეისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შესრულდა. რეისს თბილისის ცენტრალურ სადგურზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი და საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე დახვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, პირველ მგზავრებს შორის იყო აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე ჯავიდ გურბანოვი.
თამარ იოსელიანის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბაქოში ვიზიტის ფარგლებში იქნა მიღებული.
„ჩვენი ქვეყნისთვის დღეს უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია. თავისუფლება უდიდესი მონაპოვარია და თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა დავიცვათ იგი. შესაბამისად, დღეს მართლაც ისტორიული დღე გვაქვს, 6-წლიანი პაუზის შემდეგ, ბაქო-თბილისის რეისი პირველად შესრულდა. 26 მაისიდან რეისები ყოველდღიურად განხორციელდება, რაც ჩვენს მოქალაქეებს, აზერბაიჯანელ სტუმრებსა და ტურისტებს კომფორტული მგზავრობის შესაძლებლობას მისცემს. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ტურიზმის სტიმულირებას, ისე ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერებას,” – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ახლადდანიშნულ მარშრუტზე რეისები ყოველდღიურ რეჟიმში შესრულდება.