“სი ძინპინმა დონალდ ტრამპი გაისტუმრა და წითელ ხალიჩას ახლა ვლადიმერ პუტინის საზეიმოდ მიღებისათვის ამზადებს: რას ნიშნავს ჩინელი ლიდერის სტრატეგია ვაშინგტონთან და მოსკოვთან”-El Mundo
ესპანური გაზეთი „ელ მუნდო“ (El Mundo) ჩინეთში აშშ-სა და რუსეთის ლიდერების – დონალდ ტრამპის უკვე გამართულ და ვლადიმერ პუტინის სამომავლოდ დაგეგმილ ვიზიტებს ეხმაურება და აქვეყნებს სტატიას სათაურით „სი ძინპინმა დონალდ ტრამპი გაისტუმრა და წითელ ხალიჩას ახლა ვლადიმერ პუტინის საზეიმოდ მიღებისათვის ამზადებს: რას ნიშნავს ჩინელი ლიდერის სტრატეგია ვაშინგტონთან და მოსკოვთან“ (ავტორი – ლუკას დე ლაკალი). მასალაში განხილულია მსოფლიოს სამი ლიდერის ურთიერთობების სპეციფიკა – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის (პრეზიდენტის) დამოკიდებულება თავის ამერიკელ და რუს კოლეგებთან.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პეკინი ორდღიანი (13-14 მაისის) სამიტის დასრულების შემდეგ, გასულ პარასკევს დატოვა, ამ კვირაში კი, 19-20 მაისს, პეკინს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სტუმრობს. უმნიშვნელოვანესი პოლიტიკურ-დიპლომატიური მოვლენების ამგვარი თანმიმდევრობა შემთხვევითი არ არის. მრავალპოლუსიანი მსოფლიოს ჩამოყალიბების პირობებში ჩინეთი თავის თავს ისეთ ზესახელმწიფოდ წარმოაჩენს, რომელსაც შეუძლია თითქმის ერთდროულად მიიღოს მოლაპარაკების მაგიდაზე ისეთივე არანაკლებ ძლიერი ქვეყნები, როგორებსაც აშშ და რუსეთი წარმოადგენენ.
თუ აშშ-ის რესპუბლიკური პრეზიდენტის მიერ პეკინში გამართული შთამბეჭდავი შეხვედრები ორი ქვეყნის ეკონომიკებისათვის ფრიად მნიშველოვან მოვლენას წარმოადგენს, რუსეთის პრეზიდენტის ჩინეთში ჩასვლა სრულიად სხვა რამეს მოგვაგონებს. მიუხედავად იმისა, რომ პეკინი ტაქტიკურად უახლოვდება ვაშინგტონს, მოსკოვთან დამოკიდებულება მისთვის სტრატეგიულ, გრძელვადიან ხასიათს ატარებს და ჩინეთის საგარეო პოლიტიკაში აშკარად ერთ-ერთ ცენტრალურ ბურჯად ითვლება.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სი ძინპინმა და ვლადიმერ პუტინმა ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო პირადი და პოლიტიკური ურთიერთობები ჩამოაყალიბეს. გავიხსენოთ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყებამდე სულ რაღაც რამდენიმე კვირით ადრე ორმა პრეზიდენტმა, რომლებიც თავიანთი ქვეყნების მმართველები მრავალი წლის განმავლობაში არიან, პეკინში შეხვედრისას ერთმანეთს „საუკუნო და უსაზღვრო მეგობრობა (პარტნიორობა) შეჰფიცეს“.
ერთობლივ დეკლარაციაში, რომელსაც სი ძინპინმა და ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერეს 2022 წლის 4 თებერვალს პეკინში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების საზეიმოდ გახსნის დროს, ფორმალურად სამხედრო კავშირი ნახსენები არ ყოფილა. უფრო სწორად, ეს იყო თანამშრომლობის გაღრმავება „აკრძალული ზონების“ გარეშე, რომელიც ეფუძნებოდა ორი სახელმწიფოს ერთნაირ ხედვას ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ: წინააღმდეგობის გაწევას აშშ-ის ჰეგემონიისადმი. მოსკოვმა და პეკინმა დაიწყეს ალტერნატიული მსოფლიო წესრიგის პოპულარიზება და მისი რეალიზება, ავტორიტარული ლიდერების კონტროლით.
კიევთან დაწყებულომა სამხედრო კონფლიქტმა დაუყონებლივ გამოსცადა ორ მეზობელ ქვეყანას შორის ჩასახული ერთობა. ჩინეთი არასოდეს პირდაპირ არ იწონებდა და მხარს არ უჭერდა მოსკოვის მოქმედებას (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ოფიციალურ დოკუმენტებში 2022 წლის თებერვლის მოვლენას დღემდე „უკრაინის კრიზისს“ უწოდებენ), მაგრამ არც არასდროს არ დაუგმია. უფრო მეტიც, უკვე მე-5 წელია ოფიციალური პეკინი კრემლის საკვანძო ეკონომიკურ პარტნიორად ითვლება.
სანამ კოლექტიური დასავლეთი მოსკოვის წინააღმდეგ ახალ „დამახრჩობელ“ სანქციებს აწესებს, პეკინი რუსული გაზისა და ნავთობის შესყიდვას ზრდის. ჩინეთი აფართოებს ორმხრივ ვაჭრობას, კრემლს ფინანსურ და ტექნოლოგიურ გზებს სთავაზობს, რათა რაც შეიძლება ეფექტურად შეურბილოს რუსეთს საერთაშორისო იზოლაციით გამოწვეული პრობლემები.
აშშ-მა და ევროპამ არაერთხელ დაადანაშაულეს ჩინეთის მთავრობა რუსეთისათვის „ორმაგი დანიშნულების“ ტექნოლოგიების მიყიდვაში. დასავლეთის პოზიციის თანახმად, პეკინი მოსკოვს ისეთ მოწყობილობებს აწოდებს, რომლებიც „კრემლის სამხედრო მანქანას კვებავს“, მაგრამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლება დასავლეთის ბრალდებებს უარყოფს.
ჩინელი ჩინოვნიკების მტკიცებით, პეკინის მხარდაჭერა კრემლისადმი ყოველთვის საფუძვლიანად იყო აწონილ-დაწონილი. სი ძინპინი ცდილობდა თავიდან აეცილებინა ღია კონფრონტაცია ბრიუსელთან და ვაშინგტონთან, ვლადიმერ პუტინთან კარგი ურთიერთობის გამო. პეკინი აცნობიერებს, რომ მას რუსეთი ჭირდება როგორც სტრატეგიული პარტნიორი, თუმცა ცისქვეშეთი ჩრდილოელ მეზობელზე – ვაჭრობის თვალსაზრისით – ისე მაინც არ არის დამოკიდებული, როგორც დასავლურ ბაზარზე. რა თქმა უნდა, რუსეთისთვის უფრო მეტად, „ჰაერივით“ აუცილებელია ჩინეთთან ურთიერთობა და ამ შემთხვევაში რუსული ეკონომიკა უფრო მეტად არის დამოკიდებული ჩინურ ეკონომიკაზე.
ვლადიმერ პუტინის ვიზიტი დონალდ ტრამპის პეკინური რანდევუს შემდეგ, იდეალურად ილუსტრირებს ჩინეთის სტრატეგიას, რომელიც ერთგვარ „ქანქარას“ მოგვაგონებს: ჩინეთს სურს იმის დემონსტრირება, რომ მას აქვს უნარი ერთდროულად ორივე მხარესთან ითანამშრომლოს, მაგრამ საკუთარი ინტერესების მკაცრი დაცვით. ვაშინგტონთან ურთიერთობაში სი ძინპინი ცდილობს საკუთარი თავი პრაგმატულ ლიდერად წარმოაჩინოს, რომელიც მზად არის ურთიერთობის სტაბილიზება მოახდინოს და ტოტალური კონფრონტაცია თავიდან აიცილოს. მოსკოვთან მიმართებით კი პეკინი ცდილობს აჩვენოს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა, დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად, ურღვევი რჩება.