“ქეროლაინ ლევითმა თავისი გოგონის – ვივიანის – დაბადება ოფიციალურად გამოაცხადა” -The Daily Telegraph
დასავლურ პრესაში ფართო გამოხმაურება ჰპოვა თეთრი სახლის პრეს-მდივნის ქეროლაინ ლევითის მიერ მეორე შვილის გაჩენამ: ამ ფაქტმა მნიშვნელოვანი ყურადღება და ინტერესი დაიმსახურა, გარკვეული სპეციფიკური მიზეზების გამო.
ბრიტანულმა გაზეთმა „დეილი ტელეგრაფმა“ (The Daily Telegraph) აშშ-ის პრეზიდენტის პრეს-მდივნის პირად ცხოვრებაში მომხდარ ამ მოვლენას მიუძღვნა სტატია სათაურით „ქეროლაინ ლევითმა თავისი გოგონის – ვივიანის – დაბადება ოფიციალურად გამოაცხადა“
(ავტორი – ბენ სტოქთონი), რომელშიც განხილულია ფაქტი და კომენტარებიც აქვს დართული.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:ქეროლაინ ლევითმა, თეთრი სახლის [დონალდ ტრამპის] პრეს-მდივანმა, იმშობიარა და გოგონა გააჩინა სულ რაღაც რამდენიმე დღის შემდეგ, რაც მან დეკრეტული შვებულება გაწყვიტა აშშ-ის პრეზიდენტზე მომხდარი თავდასხმის მცდელობის გამო.
ლევითი დეკრეტულ შვებულებაში 24 აპრილს უნდა გასულიყო, მაგრამ მან შვებულება გადადო თეთრ სახლში აკრედიტებული ჟურნალისტების საპატივსაცემოდ გამართულ ვახშამის დროს მომხდარ სროლასთან დაკავშირებით. ვახშამს, დონალდ ტრამპთან ერთად, ქეროლაინ ლევითი და ადმინისტრაციის სხვა მაღალჩინოსნებიც ესწრებოდნენ.
პრეს-მდივნის ბოლო სამუშაო დღე, შვებულებაში გასვლის წინ, თეთრი სახლის დარბაზში 28 აპრილს გაიმართა, პირველ მაისს კი მეორე შვილი გააჩინა. გოგონას დაბადება ქეროლაინმა 7 მაისს, ხუთშაბათს, ოფიციალურად გამოაცხადა და თქვა, რომ მას სახელად ვივიანი დაარქვეს. „იცით, ვივიანი რა ლამაზი და მშვენიერია? გოგონა ჯანმრთელად არის და უფროსი ძმა ცდილობს ახალშობილ დას მიეჩვიოს“, – დაწერა ქეროლაინმა „იქს“-ქსელში.
ქეროლაინ ლევითი 28 წლისაა და თეთრი სახლის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრეს-მდივნად ითვლება. იგი ცნობილი გახდა თავისი მგზნებარე, ემოციური ბრიფინგებით პრესისათვის და კონფრონტაციული მიდგომებით ჟურნალისტების მიმართ.
2025 წელს ქეროლაინ ლევითი ცოლად გაჰყვა ნიკოლას რიჩიოს, 60 წლის მშენებელ-დეველოპერს, რომელიც მასზე 32 წლით უფროსია. ცოლ-ქმრის ასაკში მნიშვნელოვანი განსხვავება ხშირად იპყრობდა და ახლაც იპყრობს ყურადღებას ინტერნეტის მომხმარებლებს შორის.
2025 წელს ცნობილი ჟურნალისტის მეგინ კელის შოუში ქეროლაინ ლევითმა განაცხადა: „ჩვენს სიყვარულს არატიპიური ისტორია აქვს… მაგრამ ჩემი მეუღლე არაჩვეულებრივი ადამიანია, ჩემი ყველაზე დიდი და მტკიცე მხარდამჭერი, ჩემი ყველაზე საუკეთესო მეგობარი… ნიკოლასი ჩემი საყრდენია“.
ქეროლაინის პირველ შვილსაც ნიკოლასი ჰქვია, რომელიც დონალდ ტრამპზე პენსილვანიაში, 2024 წელს, წინასაარჩევნო მიტინგის დროს მოწყობილ პირველ თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე დაიბადა. ლევითი იმ დროს პრეზიდენტობის კანდიდატის პრეს-მდივნის მოვალეობას ასრულებდა, მაშინაც დეკრეტულ შვებულებაში იყო გასული და როგორც კი თავდასხმის ამბავი გაიგო, დაუყონებლივ შეწყვიტა შვებულება და დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიას დაუბრუნდა.
ხუთშაბათს ქეროლაინ ლევითმა აღნიშნა: „ჩვენ ყოველდღიურად ვტკბებით და ბედნიერები ვართ ჩვენი ახალშობილით“.