1. Home
  2. TOP სიახლე
  3. თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა
თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა

92
0

თიბისი კაპიტალმა, საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გამართა. ღონისძიება უკვე მეორედ ჩატარდა და 500-მდე სტუმარს უმასპინძლა საქართველოდან და რეგიონის ქვეყნებიდან.

გლობალურ ეკონომიკაში რეგიონის მზარდი როლის ფონზე, გაიზარდა კაპიტალის ბაზრების მიმართ ინტერესიც – ამ პროცესების საპასუხოდ კონფერენციამ ერთ სივრცეში გააერთიანა საერთაშორისო საინვესტიციო ბანკები, ინვესტორები, ემიტენტები და მარეგულირებლები.

თიბისი კაპიტალის მოწვევით, საქართველოს ესტუმრნენ და კონფერენციაში მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, მათ შორის: J.P. Morgan, Citi, Morgan Stanley, ICBC Standard Bank, Oppenheimer, Ashmore, Aberdeen, Vontobel, MetLife Investment Management, EBRD, ADB, IFC, Fitch Ratings, S&P Global, Baker McKenzie, Latham & Watkins.

კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია წელს გაფართოებული ფორმატით ჩატარდა – იმსჯელეს გლობალურ და რეგიონულ ტენდენციებსა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და უზბეკეთზე: მიმოიხილეს საქართველოს კაპიტალის ბაზარი, რომლის მოცულობაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გასამმაგდა და 3 მილიარდ ლარს მიაღწია. ასევე, იმსჯელეს უზბეკეთში მიმდინარე ეკონომიკურ ტრანსფორმაციაზე, რომელიც ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს ქმნის ინვესტორებისთვის.

“ფასიანი ქაღალდების მიმართ მზარდი ინტერესის ფონზე კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა. წელს ღონისძიებას 450-ზე მეტი პარტნიორი და საერთაშორისო ექსპერტი დაესწრო, მათ შორის, მსოფლიოს წამყვანი ბანკებიდან.

საქართველოში კაპიტალის ბაზარი მნიშვნელოვნად გააქტიურდა: ბოლო ხუთი წლის საშუალო წლიური ზრდა 29%-ს შეადგენდა, გასულ წელს კი 19%-ით გაიზარდა და საჯარო და კერძო განთავსებების ჯამურმა მოცულობამ 2.9 მილიარდ ლარს მიაღწია. ადგილობრივ ბაზარზე თიბისი კაპიტალი სტაბილურად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას და 56%-იანი წილი უჭირავს. რაც შეეხება საერთაშორისო ობლიგაციებს, 2018 წლიდან დღემდე საქართველოდან 16 ევროობლიგაციაა განთავსებული, საიდანაც თიბისი კაპიტალმა 12 ტრანზაქციაში მიიღო მონაწილეობა.

კაპიტალის ბაზრების კონფერენციის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორებთან გამოცდილების გაზიარებით და წარმატებული მაგალითების განხილვით ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოში კაპიტალის ბაზრის ზრდასა და გაძლიერებას”, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

“საქართველოს საფინანსო სექტორი კვლავ მყარი, მდგრადი და სტაბილურია, და ისევ გადამწყვეტ როლს თამაშობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში.

ამავდროულად, საფინანსო სექტორის შემდგომი დივერსიფიკაცია – განსაკუთრებით კაპიტალის ბაზრების განვითარების გზით – არსებითად მნიშვნელოვანია დაფინანსების წყაროების გასაფართოებლად და გრძელვადიანი, მდგრადი ზრდის მხარდასაჭერად.

საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარება ბოლო წლებში მნიშვნელოვნად დაჩქარდა, ხოლო 2025 წელი ძლიერი და ხელშესახები პროგრესის კიდევ ერთი წელი იყო.

2025 წლის ბოლოსთვის, მიმოქცევაში არსებული საჯარო კორპორაციული ობლიგაციების მოცულობა წლიურად 33.3%-ით გაიზარდა და 2.7 მილიარდ ლარს მიაღწია. გარდა ამისა, 2025 წელი გამოირჩეოდა ემისიის ყველაზე მაღალი აქტივობით ისტორიაში – წლის განმავლობაში 1.58 მილიარდი ლარის მოცულობის ახალი ემისია განხორციელდა”,- ნათია თურნავა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა პირისპირ შეხვედრები გამართეს საერთაშორისო ბანკებთან და ინსტიტუციურ ინვესტორებთან, რაც ხელს უწყობს რეგიონის კაპიტალის ბაზრების გაძლიერებას, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის ზრდასა და ახალი საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვას.

(R)