ევროპარლამენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი და მაია სანდუ ორდენით დააჯილდოვა
ევროპარლამენტმა მთელი კონტინენტის მასშტაბით არაერთი პოლიტიკოსი დააჯილდოვა, მათ შორის უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები, – ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ევროპული დამსახურების ორდენი, რომელიც ევროკავშირის ღირებულებებში შეტანილი წვლილისთვის წელს პირველად გაიცემა, სამი რანგისგან შედგება. ესენია: ორდენის წევრი, ორდენის საპატიო წევრი და ორდენის გამორჩეული წევრი.
უმაღლესი ჯილდო უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, გერმანიის ყოფილ კანცლერს, ანგელა მერკელს და პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტს, ლეხ ვალენსას გადაეცათ.
სხვებთან ერთად, მეორე ხარისხის ჯილდოს მფლობელები გახდნენ: მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, ვატიკანის სახელმწიფო მდივანი პიეტრო პაროლინი და ფინეთის ყოფილი პრეზიდენტი საული ნიინისტო.
ორდენის წევრის კატეგორიაში დაჯილდოებულებთა შორის კი არიან ბერძენი კალათბურთელი გიანის ანტეტოკუნმპო, არასამთავრობო ორგანიზაციის, World Central Kitchen-ის დამფუძნებელი ხოსე ანდრესი და როკჯგუფ U2-ს ოთხი წევრი.
„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, სხვადასხვა ხარისხის ჯილდოს მფლობელები მაისში დაგეგმილ ცერემონიაზე ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას მიერ ხელმოწერილ სერტიფიკატს, ასევე სამკერდე ნიშანს და ლენტს მიიღებენ.